"ბორჯღალოსნების" მეტოქე აშშ ტესტებისთვის შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტების ერთ-ერთ შეხვედრას 16 ივნისს აშშ-ს ნაკრებთან სტუმრად, დენვერში გამართავს.

"არწივებმა", როგორც ამერიკელთა გუნდს უწოდებენ, საწვრთნელი შეკრება დაიწყეს, სადაც ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მაიკ ტოლკინმა 36 მორაგბეს უხმო.

მათგან ტოლკინი იმ 28 მორაგბეს შეარჩევს, რომლებიც ივნისის ტესტებზე იასპარეზებენ. შეკრებაზე გამოძახებულთა შორის 15 ისეთია, ვისაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე უთამაშია.

"არწივებს" ახალი ზელანდიიდან შინ დაბრუნების შემდეგ ექვსი წამყვანი მორაგბე გამოემშვიდობა. ესენია: კევინ სვირინი, ტიმ უსასზი, ფილ თილი, ბრაიან მაკლინჰანი, ჯონ ფან დერ გრისენი. დღესდღეობით დაშავებულნი არიან ბლეინ სკული,
ტობი ლენსტრანჯი და პატე ტულიევუკა.

ტოლკინის მიერ შეკრებილ გუნდში მძიმე სეზონის შემდეგ არ არიან სამუ მანოა, ჰეიდენ სმიტი, ინაკი ბასაური, ნიკ ჯონსონი და ნესე მალიფა.

"ჩვენი გუნდი ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ პირველად შეიკრიბა.

შემადგენლობა, ცხადია, უწინდელისგან საგრძნობლად განსხვავებულია. ჩვენ მოვიწვიეთ როგორც გამოცდილი, მრავლისმნახველი მორაგბეები, ისე ახალგაზრდა, იმედისმომცემი მოთამაშეები, რომლებმაც უახლოეს მომავალში თავიანთი ომახიანი სიტყვა უნდა თქვან ამერიკულ რაგბიში" - თქვა "არწივების" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტოლკინმა.

აშშ-ის ეროვნული გუნდის კაპიტნად ტოლკინმა გამოცდილი ტოდ კლევერი დანიშნა. ვეტერანი მორაგბეებიდან აღსანიშნავია გუნდში ინგლისური "ვოსფსის" წამყვანი მოთამაშის, პოლ ემერიკის დაბრუნება.

ამერიკელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 14 დებიუტანტია. მათ შორის გამორჩეულია წარმოშობით ჰავაელი ტოლიფილი ლიუფაუ, რომელიც რაგბიში ამერიკული ფეხბურთიდან გადაბარგდა.

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ IRB-მა გადაწყვიტა, 2013 წლიდან აღადგინოს წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების შეჯიბრება, რომელიც 1999-2001 წლებში ტარდებოდა. ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ტონგას, ფიჯისა და სამოას ნაკრებები.

სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ნაკრებს ამ გუნდებთან თამაში აღარ მოუწევს. ამას გარდა, ამერიკელები ელიტური ქვეყნების წარმომადგენლებსაც გაეჯიბრებიან. წლეულს ეს იტალიის ნაკრები იქნება.

2013 წელს "არწივები" ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ერთი წლის თავზე კი ისინი შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან.

აშშ-ის ნაკრები
შერკინება: დეივ რაიანი (ლაციო), დერეკ ესბუნი (ოქსფორდი), ენდრიუ კუკი (სენ მერის კოლეჯი), ჯეიმზ ჰაიტერბრანდი (მენლი), ტიმ პაულსონი (ჩიკაგო გრიფინსი), რაი ფორესტერი, ტოლიფილი ლიუფაუ (ორივე - უსონი), ბრაიან დოილი, ჰინი ლეაატოეა, ლუ სტენფილი (სამივე - ნიუ იორკი), კრის ჰიდლი, ტომ კაცფი, სემ დოლანი (სამივე - ლაიფ უნივერსიტეტი), ტეილორ მოკატე, ერიკ ფრეი (ორივე - ველინგტონი), ენდრიუ დურუტალო (ოლდ საუნდ ბიჩი), მატე მოეაკიოლა (პარკ სიტი), მაიკ მაკდონალდი (ეთ ლარჯი), შეინ პიტმანი (ლონდონ ველში), კრის ბაილერი (ნორსჰემპთონი), ტოდ კლევერი (შინინიგ არკსი), სკოტ ლა ვალა (სტად ფრანსე).
უკანა ხაზი: კრის ვოლესი (სარასენზი), ტაკუძავა ნგვენია (ბიარიცი), პაულ ემერიკი (ლონდინ ვოსფსი), ენდრიუ სუნიულა (კორნიშ პირატსი), მაიკ პეტრი, ტობი ლესტრანჯი (ორივე - ნიუ იორკი), როლან სუნიულა (ჩიკაგო გრიფინსი), კოლინ ჰოული (შვიდკაცა რაგბი), მოსე ტიმიოტეო, შონ დევისი (ორივე - სან ფრანცისკო), ვილ ჰოლდერი (არმია), ალიპატე ტუილევუკა (ოლდ საუნდ ბიჩი), ჯეიმზ პატერსონი (გლენდეილ რეპტორსი), ლუკ ჰამი (ოლდ ბლუ).

დაშავებულნი
ბლეინ სკული (შვიდკაცა რაგბი), ტობი ლენსტრანჯი (ნიუ იორკი), პატე ტულიევუკა (ოუპიესბი).

აღარ თამაშობენ
კევინ სვირინი, ტიმ უსასზი, ფილ თილი, ბრაიან მაკლინჰანი, ჯონ ფან დერ გრისენი.

9 ივნისი
აშშ-კანადა

16 ივნისი
აშშ-საქართველო

23 ივნისი
აშშ-იტალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აზრზე ხართ, რა მაგარი ტურნირი იჩითება, წყნარი ოკეანის ქვეყნების მონაწილეობით. ჩვენ კიდევ ერთი ადგილი ვიფხანოთ.
zangura
18:41 06-06-2012
0

სიახლეები პოპულარული