საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ გენტში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ეს ტურნირი იმავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაც იყო. აქ ასპარეზობის საგზური კი ორმა საუკეთესო გუნდმა მიიღო. შესაბამისად, ჩვენი გუნდი შესარჩევი ეტაპის მიღმა დარჩა.

ქართველმა მორაგბეებმა შეჯიბრება რიხიანად დაიწყეს. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ დღეს A ჯგუფში სამიდან სამივე შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგო.

სასტარტო მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელსაც შვიდი უპასუხო ლელო გავუტანეთ და 45:0 დავამარცხეთ. მომდევნო შეხვედრაში, მალტის ნაკრებთან შედარებით გაგვიჭირდა და მხოლოდ ოთხ ლელოს
დავჯერდით - 26:0.

პირველი დღის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიელებთან ითამაშა და 37:5 მოიგო. ჩვენი გუნდის პარალელურად დაუმარცხებლად ასპარეზობდა შოტლანდიის ნაკრებიც. ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა მეორე დღეს გაიმართა. "ნარშავებთან" ვერას გავხდით და 7:21 წავაგეთ. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველობისთვის ბრძოლა ნახევარფინალში განაგრძო.

აქ მეტოქედ შეჯიბრების უძლიერესი გუნდი ირლანდიის ნაკრები გველოდა, რომელმაც B ჯგუფში ყველას ისე გადაუარა, რომ ერთი ლელო რაა, ისიც არ მიუღია. ირლანდიელები ვერც ქართველმა ქალებმა დაალელოვეს და დიდი ანგარიშით - 0:51 წააგეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრას, ფაქტობრივად, პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მასპინძელთა გუნდთან 7:12 დავმარცხდით.

B დივიზიონის გამარჯვებული კი ირლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში შოტლანდიას მოუგო 29:0.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობის უფლებაც სწორედ ამ ორმა გუნდმა მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი
შოტლანდია-ფინეთი 59:0, ნორვეგია-მალტა 15:0, ფინეთი-საქართველო 0:45, ნორვეგია-შოტლანდია 0:46, მალტა-საქართველო 0:26, ფინეთი-ნორვეგია 7:0, მალტა-შოტლანდია 5:29, ნორვეგია-საქართველო 5:37, ფინეთი-მალტა 17:0, საქართველო-შოტლანდია 7:21.

სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 12 ქულა, 2. საქართველო - 10, 3. ფინეთი - 8, 4. ნორვეგია - 6, 5. მალტა - 4.

B ჯგუფი
ირლანდია-ჩეხეთი 40:0, ბელგია-პოლონეთი 17:12, ჩეხეთი-ისრაელი 36:5, ბელგია-ირლანდია 0:31, პოლონეთი-ისრაელი 12:0, ჩეხეთი-ბელგია 7:33, პოლონეთი-ირლანდია 0:43, ბელგია-ისრაელი 19:0, ჩეხეთი-პოლონეთი 5:5, ისრაელი-ირლანდია 0:55.

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 12 ქულა, 2. ბელგია - 10, 3. ჩეხეთი - 7, 4. პოლონეთი - 7, 5. ისრაელი - 4.

ნახევარფინალი
საქართველო-ირლანდია 0:51, შოტლანდია-ბელგია 26:7.

III ადგილისთვის
საქართველო-ბელგია 7:12

ფინალი
ირლანდია-შოტლანდია 29:0

საბოლოო მდგომარეობა
1. ირლანდია, 2. შოტლანდია, 3. ბელგია, 4. საქართველო, 5. ჩეხეთი, 6. პოლონეთი, 7. ნორვეგია, 8. ფინეთი, 9. მალტა, 10. ისრაელი.

საქართველოს ნაკრები: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ლელა გოქსაძე, ელეონორა გიგილაშვილი, ნანა გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნანა კაშია, მარეხი მაისურაძე.

კარგად დაწყებული ვეღარ დავასრულეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული