"ბორჯღალოსნებმა" გასულ უქმეებზე დენვერში აშშ-ის ნაკრებთან 36:20 წააგეს. იმავე დღეს "ნეკერჩხლის ფოთლებმა" ტორონტოში იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 16:25 დამარცხდა.
კანადური სპორტული მედია მომავალ დაპირისპირებას დიდ ყურადღებას უთმობს. ორივე გუნდისთვის ივნისის ტესტებზე ეს ბოლო მატჩია და, ცხადია, ორივე ყველაფერს იღონებს, ტურნე მაჟორულ ნოტაზე დაასრულოს.
აი, რას წერს ერთ-ერთი კანადური სარაგბო ვებგვერდი:
"ექვსი ერის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, იტალიის ნაკრებთან უმძიმესი მატჩის შემდეგ კანადის ეროვნულ გუნდს
"ნეკერჩხლის ფოთლები" მეტოქეს ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ბარნაბიში დაუხვდება. ორივე გუნდისთვის ეს ივნისის ტესტებზე ბოლო შეხვედრა იქნება და, ცხადია, მორაგბეები მაქსიმუმს გაიღებენ, რათა გამარჯვება იზეიმონ.
კანდელების მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო თავისი მორაგბეებით იტალიის ნაკრებთან. კანადელები ასპარეზობისას უპირატესობას მაშინ აღწევდნენ, როცა თამაშის გაშლას ახერხებდნენ.
იტალიელთა მძლავრ შერკინებას კი ვერაფერი მოუხერხეს. იგივე პრობლემები ელის ჩვენს გუნდს ქართველებთან მატჩშიც. ისევე, როგორც იტალიელთა უმრავლესობა, საქართველოს ნაკრების მორაგბეებიც საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ და დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩევიან.
რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ამ ქვეყნის ნაკრების თიკუნი "ლელოს" ეროვნული ტრადიციული თამაშიდან, ლელობურთიდან წარმოიშვა. საქართველო მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზეა და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სარაგბო ერია მთელ მსოფლიოში.
ამ პატარა ქვეყანაში 6000 დარეგისტრირებული მორაგბეა და 41 სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს.
საქართველოს ნაკრებმა ისევე, როგორც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა, შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა.
გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა დიდი ხნის ნაცნობი და მუდმივი მეტოქე ერთა თასის გათამაშებაში, რუმინეთის ნაკრები. დიდი პრობლემები შეუქმნა ინგლისს, არგენტინასა და შოტლანდიას. არგენტინელებთან ქართველებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც - 7:5, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ახლახან მეხუთედ მოიპოვა ევროპის ერთა თასი, რომელიც 2000 წლიდან ტარდება და აქვს ფანტასტიკური შედეგი - ქართველებმა ამ ტურნირში გამართული მატჩების 80 პროცენტი მოიგეს.
ჩვენი მომავალი მეტოქის მორკინალები საფრანგეთის ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და თავიანთ კლუბებში წამყვანი მოთამაშეები არიან.
ახლახან კი შოტლანდიურ "ედინბურგში" ჩაირიცხა მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია. ეს ყოველივე ქართველთა ეროვნული გუნდის შერკინების სიძლიერეს ადასტურებს. ამიტომ კანადელი მორკინალები ისე უნდა გაისარჯონ, როგორც არასდროს. მათი მთავარი ამოცანა მეტოქის შერკინების უპირატესობის განეიტრალება უნდა იყოს, რის შემდეგაც თავიანთი სიტყვა უკანახაზელებმა უნდა თქვან".
კანადის ნაკრებმა იტალიასთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: 15. ჯეიმზ პრიტჩარდი, 14. კონორ ტრეინორი, 13. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 12. მაიკ შოლცი, 11. ფილ მაკენზი, 10. მეთ ევანსი, 9. შონ ვაითი. 1. ჰუბერ ბუდენსი, 2. მაიკ პლეტჩი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯო სინკლერი, 5. ტაილერ ჰოტსონი, 6. ტაილერ არდრონი, 7. ჩონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.
16. ენდრიუ ტიდმანი, 17. ტომ დოლეზალი, 18. ჯონ ფელანი, 19. ნანიაკ დალა, 20. ედვარდ ფეირჰურსტი, 21. ლიამ ანდერვუდი, 22. კირან ჰირანი.
აქამდე "ბორჯღალოსნებს" კანადის ეროვნულ ნაკრებთან ორჯერ უთამაშიათ. 2009 წელს, ჩერჩილის თასის გათამაშებაში, დენვერში კანადელებმა 42:10 მოგვიგეს. მომდევნო წელიწადს კი თბილისში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 22:15. ცხადია, "ნეკერჩხლის ფოთლები" ყველაფერს იღონებს, რათა რევანშს მიაღწიოს.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა აკლიმატიზაცია უკვე გაიარეს და მეტოქეს, წესით, ბევრად უფრო მედგრად დაუხვდებიან, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს.
მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), დავით ჩიტიძე (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე - არმია), გივი ბერიშვილი, ზვიად მაისურაძე (ორივე - ლოკომოტივი), გია ლაბაძე (ლა სეინი), შალვა სუთიაშვილი (მასი)
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ლექსო გუგავა (ლელო), ალექსანდრე თოდუა (ალბი).
#15. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
ივნისის ბოლო ტესტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო