საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 20 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ჩაებმება

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ელგარვეში 20 ივლისს 2013 წელს მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. ამ გუნდების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად პორტუგალიის, უკრაინის, იტალიის, ლიტვის, ესპანეთის, შოტლანდიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის შვიდკაცა გუნდები იბრძოლებენ.

ჯგუფური ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირველი ხუთი გუნდი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირით ადრე ჩავიდა, რათა ადგილზე ივარჯიშოს და იქაურ
კლიმატს შეეგუოს. მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე საასპარეზოდ 12 მორაგბე იახლეს, რომელთაგან ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. ესენია: მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

20 ივლისს "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ჯგუფური ტურნირის ორ შეხვედრას გამართავენ გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან. ორივე მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქეები პორტუგალიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებები არიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ ინგლისისა და უელსის ნაკრებებს. რუსეთის შვიდკაცა რაგბის გუნდი კი, როგორც მასპინძელი, ავტომატურადაა დაშვებული.

საქართველოს ნაკრები: ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).

A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა.
B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია.
C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი.

ხუთეული მსოფლიოსთვის საკმარისია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული