საქართველო VS ფიჯი - უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე იაპონიასთან

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში იაპონიის ნაკრებს უმასპინძლეს და 22:25 დამარცხდნენ (იხილეთ ვრცლად).

საქართველოს ნაკრებმა 23 ნოემბერს ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელმაც ერთ საათს გასტანა.

მცირე მოთელვის შემდეგ ძირთადი შემადგენლობა დაცვაში დადგა და მეტოქის იერიშის მოგერიებას ცდილობდა.

Sportall.Ge მერე როლები გაცვალეს და დაცვაში თამაშის იმიტაციას ახლა სათადარიგოები და განაცხადში ვერ მოხვედრილი მორაგბეები ქმნიდნენ.

მორაგბეები ხელდახელ ბურთაობით და შეტევის მიმართულების ხშირი ცვლით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

ბოლოს
დამრტყმელებმა კარში ზუსტად დარტყმაში ივარჯიშეს. წვრთნაში მონაწილეობდა შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც, რომელსაც მიკრო ტრავმა აწუხებდა. სავარაუდოდ ის თამაშს შეძლებს.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"იაპონიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მზადებისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა. ვეცდებით ამჯერად უფრო ორგანიზებულად ვითამაშოთ. გვინდა უკანა ხაზიც ისეთივე აქტიური გახდეს, როგორც შერკინება.

ერთი სიტყვით, სათამაშო ბალანსი უნდა აღვადგინოთ.

ვიცით, რომ შეგვიძლია ფიჯი სტატიკურ მდგომარეობაში თამაშში დავჯაბნოთ. თუმცა აუცილებელია დაცვა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რადგან მათ შეუძლიათ ყველა მიმართულებით შეგვიქმნან საფრთხე.

რაც მთავარია, ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ, ვეცადოთ დიდხანს შევინარჩუნოთ.

Sportall.Geთავიდანვე მეტოქე დიდი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ, უპირატესობა ჩვენი უნდა იყო და მთელი თამაში ჩვენივე კარნახით წარიმართოს.

დავით ზირაქაშვილის მცირე ტრავმა აქვს და ვარჩიეთ ძირითად შემადგენლობაში დავით ქუბრიაშვილი დაგვეყენებინა.

მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს პირველი მატჩის წინ ოდნავ არ გაუმართლა, შემადგენლობაში რომ ვერ მოხვდა. მან მთელი ორი კვირის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა და, ვფიქრობ, დაიმსხურა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მიეცეს.

იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი ნატრიაშვილზეც, მასაც ვაძლევთ შანსს თავი გამოიჩინოს".


ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ფიჯისთან უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე იაპონიის ნაკრებთან. ფიჯელები ინდივიდუალურად უფრო ძლიერები და სწრაფები არიან. ამას კოლექტიური დაცვა უნდა დავუპირისპიროთ, არ უნდა მივცეთ თავისუფალი სივრცე. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".

აღსანიშავია, რომ საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ნაკრებები ამ მატჩს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას უძღვნიან.

ეს კამპანია "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერაა ინიცირებული.

Sportall.Ge"დაუშვებელია ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ.

ჩვენ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოვუწოდებთ რაგბის ყველა გულშემატკივარს და ზოგადად მამაკაცებს, რომ არასდროს ჩაიდინონ, მოითმინონ და არ დაუშვან ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ",
- თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მევრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

* * *

ფიჯის ნაკრების კაპიტნის ვარჯიში დილის ათ საათზე დაიწყო და ნახევარ საათში დასრულდა. სტუმრებს მატჩისწინა დღეს თავი დიდად არ დაუტვირთავთ და არხეინადაც იყვნენ.

ინოკე მალე, ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრებისგან ველოდებით ძლიერ თამაშს სტატიკაში, შერკინებაში და სიღრმიდან ბურთის სწრაფად წამოღებაში. განსაკუთრებით საშიშნი არიან თქვენი გუნდის მორკინალები.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი მიზანი ამ ყველაფრის გაანალიზება და გუნდის სათანადოდ მომზადება იყო.

გუნდი, რომლითაც ამ ევროპულ ტურნეზე გამოვემგზავრეთ, უმეტესად ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული.

ფიჯელი მორაგბეები მრავლად არიან ევროპულ კლუბებში, მაგრამ ამჯერად მათი დამატება ვერ მოვახერხეთ, კლუბებმა არ გამოუშვეს. შემდეგ ტესტებზე მათაც დავიმატებთ და შედეგებიც უკეთესი გვექნება. ძირითადი შემადგენლობის 8-10 მოთამაშე გვაკლია და წინა სამი თამაშის დიდი სხვაობით წაგებაც მხოლოდ ამის ბრალია".


საქართველო-ფიჯი
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ბექა ბიწაძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.

ფიჯი: 15. მეტუსეილა ტალემბულა, 14. აისეა ნატონგა, 13. საულა რანდინდი, 12. ვერენიკი ნგონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. ჯერი იანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოსა, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნირავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.
16. ტუაპატი ტალემაი-ტონგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი ნდომი-ლაილაი, 20. ნემანი ნანგუსა, 21. კელემენდი მბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.

მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქე - მფრინავი ფიჯელები
რიჩი დიქსონი: თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია
"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ
მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაში დაიწყო და ქართველები კარგად უტევენ. მიდით ბიჭებოოოოო!!!! თქვენ სულისკვეთებას შემოვევლეეე!!!
gocha
15:54 24-11-2012
0
ცუდი ფაქტი დაფიქსირდა იაპონიასთან მარცხით, ჩათვალეთ კაი ხანი რეიტინგში ვეღარ გავუსწრებთ იაპონიას და სხვა გუნდებიც გაგვასწრებენ, ამის კომპენსაცია შეიძლება გახდეს შესუსტებული ფიჯის დამარცხება, თუმცა ეს ფანტასტიკაა, ვნახოთ, დროა მილტონ ჰეიგმაც გვაჩვენოს შედეგი, იაპონიამ შეძლო დიდი პროგრესისი მიღწევა, ჩვენ ისევ შერკინება და გორაობა შეგვრჩა, ვერ წავიწიეთ წინ, სამწუხაროა
shalva
12:51 24-11-2012
0

სიახლეები პოპულარული