აქამდე "ბორჯღალოსნებს" ფიჯელებთან არასდროს უთამაშიათ. ეს პატარა ქვეყანა-კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ისევე, როგორც სამოა და ტონგა, რომლებსაც თითქმის ერთნაირი სათამაშო ხელწერა გააჩნიათ.
ჩვენს ეროვნულ გუნდს ტონგასა და სამოასთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ტონგელებს 1999 წელს ორჯერ დავუპირისპირდით მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში.
მაშინ რეპეშაჟში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად წააგეს, შინ კი გაიმარჯვეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზური მეტოქეს ერგო. სამოას ნაკრებთან კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2003 წელს, ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის ჯგუფურ
მას შემდეგ კუნძულელებს არსად გადავყრივართ. ფიჯის ნაკრებს თიკუნად "მფრინავ ფიჯელებს" ეძახიან. ამ ქვეყნის მოსახლეობა 950 ათასს არ აღემატება და 80 ათასი დარეგისტრირებული მორაგბე ჰყავს. რაგბი ყველაზე პოპულარული და ლამის ერთადერთი სახეობაა, რომელსაც ფიჯელები მისდევენ.
ვინაიდან ქვეყანა ღარიბია, ყველაზე ძლიერი ფიჯელი მორაგბეები ქვეყანას ტოვებენ და უკეთესი მერმისის საძებნელად მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. მეტიც, ისინი თავიანთი შემოსავლებით ფიჯის ეკონომიკაში ფინანსურ ინექციასაც ახორციელებენ.
ქვეყანაში ახლა სამხედრო დიქტატურაა. რამოდენიმე ათეული წლის წინათ ამ კუნძულზე ინდოელები გადმოსახლდნენ, რომლებიც ძალიან სწრაფად გამრავლდნენ და ამჟამად უმრავლესობაში არიან.
ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებს მუდამ ინდოელი იგებს. თუმცა, ვინაიდან სამხედრო მაღალჩინოსნები ძირითადად ფიჯელები არიან, გადატრიალებას აწყობენ და ქვეყანას ფიჯელი გენერლები მართავენ.
ამ მოვლენებმა ფიჯური რაგბი დიდად აზარალა. მაგალითად, 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ფიჯის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით წარსდგა, რადგან ახალმა ზელანდიამ გუნდის მორაგბეთა თითქმის ნახევარი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.
მიზეზი ის იყო, რომ ისინი ან სამხედროები იყვნენ, ანაც დიქტატორულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. შედეგად, ფიჯიმ ახალ ზელანდიაში უსახურად იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ბევრმა ფიჯელმა ვარსკვლავმა ეროვნება შეიცვალა და სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშით დატოვა წარუშლელი კვალი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში. ასე მაგალითად, ახალი ზელანდიის ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობდნენ ბიძაშვილები ჯო როკოთოკო და სიტივენი სივივატუ, ავსტრალიური რაგბის ლეგენდა გახდა ლოტე ტუკირი.
ისევე, როგორც ყველა კუნძულელს და "ოლ ბლექსს", ფიჯის ნაკრებსაც აქვს საბრძოლო ცეკვა, რომელსაც "დიმბი" ჰქვია. პირველად ფიჯელებმა ის 1939 წელს შეასრულეს და მას შემდეგ ყველა ტესტი მათი მონაწილეობით ამ საბრძოლო რიტუალით იწყება. თუმცა, ცხადია, ტრადიციას უფრო ძველი ფესვები აქვს.
ცოტა რამ ისტორიიდან. ფიჯიზე რაგბის ბურთი პირველად 1884 წელს გაგორდა, როცა ერთმანეთს ევროპელი და ფიჯელი ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ. რაგბის კავშირი კი 1913 წელს ევროპელმა ემიგრანტებმა შექმნეს.
იმავე წლის დეკემბერში ახალი ზელანდიის ნაკრები კალიფორნიიდან წარმატებული ტურნეს შემდეგ შინ ბრუნდებოდა და გზად ფიჯიზე შეიარა.
ფიჯის რაგბის კავშირმა ახალზელანდიელები დაითანხმა და ალბერ პარკზე პირველი საერთაშორისო მატჩის გამართვა მოახერხა. "ოლ ბლექსმა" მეტოქე, რომელიც მთლიანად ევროპელებით იყო დაკომპლექტებული, დიდი ანგარიშით დაამარცხა - 67:3.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ფიჯური რაგბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და განსაკუთრებულ წარმატებებს ამ ქვეყნის შვიდკაცა რაგბის გუნდი აღწევდა, რომელიც დღემდე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ფიჯის ეროვნული გუნდი მსოფლიოს თასის ყველა გათამაშების მონაწილეა.
პირველ შეჯიბრებაში 1987 წელს ფიჯელებმა მეოთხედფინალში გააღწიეს.
ყველაზე ცნობილი მატჩი, რომელიც მსოფლიოს რაგბის ოქროს ფონდში შევა ფიჯის ნაკრების მონაწილეობით, 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე შედგა. "მფრინავმა ფიჯელებმა" ჯგუფურ ტურნირში უელსის ძლიერი გუნდი 38:34 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მეორედ გააღწიეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს და ფიჯის ნაკრებებში ოთხ-ოთხი ცვლილებაა