ქართული რაგბის არაერთგვაროვანი, თუმცა იმედისმომცემი სეზონი

AutoSharing Option
რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა, რომელსაც დიდი ხანია, ქომაგებისთვის სიხარული მოაქვს.

განვლილი სეზონი საბოლოოდ, ალბათ, წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ევროპის ერთა თასი და დაამტკიცა, რომ ამ დონეზე თამაში მისთვის საკმარისი აღარ არის.

წლეულს საქართველოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდა. გაიზარდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობა.

პარალელურად, ამაღლდა კონკურენციაც. დღესდღეობით საქართველოში 5-6 თანაბარი ძალის გუნდია, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა ერთნაირად შეუძლია. პროგრესი, ცხადია, აშკარაა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

მიმდინარე ჩემპიონატი 2013 წლის მაისში
დამთავრდება და ტურნირისა და საერთოდ, სეზონის საუკეთესოებიც მაშინ გამოვლინდება. თუმცა ერთი რამ კი უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას: ჩემპიონატის აღმოჩენად თამამად შეიძლება თბილისის "არმაზის" დასახელება, ხოლო მოულოდნელობად - გათამაშების დებიუტანტი თბილისის "ილიაუნი ჯიქი".

ცხადია, ზემოთქმული ქართული რაგბის ქომაგს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს საიმისოდ, რომ სარაგბო ბატალიები მომავალში უფრო მაღალი ხარისხის, შეუპოვარი და საინტერესო იქნება.

ყველაზე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს კი ჭაბუკთა A ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი იძლევა.

ქუთაისისა და რუსთავის გუნდების დაპირისპირებისას სრულიად ახლებური რაგბი ვიხილეთ. ბიჭები შესანიშნავად თამაშობდნენ ხელდახელ, სწორად აზროვნებდნენ და ყველანი აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

წლეულს ჭაბუკთა A და B ლიგებში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გუნდებმა იასპარეზეს. ჯამში 52-მა გუნდმა ითამაშა და არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ ეს რიცხვი 2013 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

მორაგბეთა რაოდენობის ზრდა თვალსაჩინოა. ოთხ წელიწადში რიცხვი გასამმაგდა. რაც მთავარია, ამ გუნდების უმრავლესობა სრულიად განსხვავებულ, ჩვენთვის, ბოლო წლებისთვის არადამახასიათებელ რაგბის თამაშობს.

ხელდახელ ბურთაობა, სწორი და სწრაფი აზროვნება ჩვენი ახალი თაობის დამახასიათებელ თვისებად იქცა.

შესაბამისად, წარმატებული გამოდგა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ელიტარული ქვეყნების ნაკრებებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

იტალიის ნაკრები კი სულაც დაამარცხეს. ამავე ნაკრებმა წლეულს, შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის შესარჩევი ტურნირი ვერ დაძლია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა.

ქართული რაგბის ყველაზე დიდი პრობლემა კლუბების მოუწესრიგებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, რომლის გაუმჯობესებაზე რაგბის კავშირი მომავალი წლიდან გაათკეცებული ენერგიით აპირებს ზრუნვას.

2013 წელს დასრულდება მშენებლობა და ექსპლოატაციაში გადაეცემა რუსთავის, დიდი დიღმისა და მარტყოფის სარაგბო კომპლექსები.

არაერთგვაროვანი გამოდგა სეზონი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" სათავეში ახალი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი ჩაუდგა.

ამით ჩვენს გუნდში, ფაქტობრივად, ახალი ერა დაიწყო, რადგან ჰეიგმა ნაკრების თამაშში ახალი სტილის დანერგვა განიზრახა და პირველივე დღიდან ამ მიმართულებით ხელდაკაპიწებული შეუდგა საქმიანობას.

ჰეიგის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ერთა თასზე სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და მოულოდნელად დამარცხდა.

მიუხედავად ამ წაფორხილებისა, "ბორჯღალოსნებმა" მაინც შეძლეს პირველ ადგილზე ტურნირის დასრულება და ერთა თასს კიდევ ერთხელ დაეუფლნენ.

VideoSportall.Ge
საქართველო - უკრაინა 33:3


ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშება გამორჩეული იმითაც იყო, რომ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ტრადიციული მეტოქე, რუსეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეკორდული ანგარიშით, 46:0 დაამარცხა და შინ შერცხვენილი გაისტუმრა.

VideoSportall.Ge
საქართველო - რუსეთი 46:0

VideoSportall.Ge
საქართველო-რუსეთის მატჩის გმირი მამუკა გორგოძე


ამას მოჰყვა წარუმატებელი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ვერას გახდა კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდებთან დაპირისპირებაში.

VideoSportall.Ge
აშშ - საქართველო 36:20. მატჩის 5 საუკეთესო მომენტი

VideoSportall.Ge
კანადა - საქართველო 31:12


ნოემბერში კი ორი ძალზედ ძლიერი მეტოქე გვეწვია. იაპონიისა და ფიჯის ნაკრებები დიდი ხანია, მოწინავეთა შორის არიან და განვითარებულ სარაგბო ქვეყნებად ითვლებიან.

VideoSportall.Ge
საქართველო - იაპონია 22:25


სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნები" ამ მეტოქეებთანაც დამარცხდნენ, თუმცა ორივე მატჩის მოგება რეალურად შეეძლოთ. შედეგად მსოფლიოს რეიტინგში ჩვენი გუნდი მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

VideoSportall.Ge
საქართველო - ფიჯი 19:24


ცხადია, ამით ტრაგედია არ უნდა შეიქმნას, რადგან ასეთი მაღალი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მუდამ აკლდა და ამიერიდან ეს ხარვეზი აღმოიფხვრება, რაც "ბორჯღალოსნების" თამაშის დახვეწას, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გამოიწვევს.

საბოლოო მიზანი კი 2015 წლის მსოფლიოს თასზე გასვლა და იქ წარმატებული გამოსვლა, მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა.

საამისოდ აუცილებელია, მოვიგოთ ერთა თასის გათამაშება, რომელიც იმავდროულად, მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა.

ეს ტურნირი გაისად თებერვალ-მარტში გაიმართება. ამის შემდეგ, ივნისში ძალიან რთული მატჩი გველის არგენტინაში. ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა ჩვენი ნაკრები სპეციალურად დაპატიჟა.

იქამდე კი, ივნისის პირველ დეკადაში, თბილისში სტარტს აიღებს საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების A ნაკრებები იასპარეზებენ. ნოემბერში კი თბილისში კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები გვეწვევიან.

მცირე ჩავარდნების მიუხედავად, რაგბის პოპულარობა საქართველოში განუხრელად იზრდება. დასტურად სხვადასხვა გამოკითხვა გამოდგება.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვებში საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში დასახელდა.

"ლელოს" გამოკითხვაში კი მეორე-მესამე ადგილები საქართველოს ნაკრების მორაგბეებს, შესაბამისად, მამუკა გორგოძეს და მერაბ კვირიკაშვილს ერგოთ.

წლის ბოლოს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე FIRA AER- ის გენერალურ ასამბლეაზე ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ახლახან კი IRB-იდან მოვიდა ოფიციალური დასტური, რომ საქართველოს ნაკრები განვითარებული სარაგბო ქვეყნების სიაში ჩაწერეს, რაც ქართული რაგბისთვის უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ძალიან მძიმე ერთა თასის გათამაშება გველის
მეტოქეების წარდგენა: ერთა თასზე "ბორჯღალოსნებს" "შავი ეშმაკებიღა" აკლდა

მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
გიორგი ნიჟარაძე: ქართული რაგბის ინტერესები უმთავრესია

სპეციალისტები "ბორჯღალოსნების" თამაშზე: პასუხისმგებელი მილტონ ჰეიგია!

ქართული რაგბი ელიტაში აღზევდა
რიჩი დიქსონი: თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული