მისი სარაგბო კარიერა თბილისის "ყოჩებში" დაიწყო. მერე უკრაინას მიაშურა და ძმასთან, ჯაბა მალაღურაძესთან ერთად ოდესის "კრედოში" რამდენიმე წელიწადი ასპარეზობდა.
სწორედ იმ პერიოდში მიიპყრო მან საქართველოს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის, ტიმ ლეინის ყურადღება. ლაშა "ბორჯღალოსანი" გახდა. მისი და ჯაბას გზები გაიყო, უფროსი ძმა უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს და ისიც დათანხმდა.
ძმებს ერთხელ უკვე მოუწიათ ერთმანეთის პირისპირ თამაში. შარშანდელ ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნებმა" უკრაინის
ლაშას ფრანგული კარიერა თავიდან კარგად აეწყო. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების "ბეზიეში" თამაშობდა და სათადარიგოთა სკამს ლეგენდარულ ენდრიუ მერთენსს ახეხინებდა.
ლანგედოკელელები მაშინ ფედერალ 1 დივიზიონიდან ელიტურ, მეორე დივიზიონში გადაბარგდნენ.
სამწუხაროდ, მწვრთნელებმა გუნდის გადახალისება გადაწყვიტეს და ქართველი მგეზავი იძულებული გახდა, კარიერა ფედერალ 2 დივიზიონის სამოყვარულო კლუბში გაეგრძელებინა. წლევანდელი სეზონის დაწყებამდე კი ისევ ფედერალ 1 დივიზიონში დაბრუნდა. ამჯერად ლაშა მალაღურაძემ "ბაგნერეს" კვართი მოირგო.
კარიერაში მიმდინარე პროცესებსა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ლაშას საფრანგეთში დავუკავშირდით.
- რაგბის კლუბი "ბაგნერე" აქამდე უცნობი იყო ქართველი ქომაგისთვის. საინტერესო იქნება, გვიამბოთ მის შესახებ...
- ბაგნერე საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთში, ტარბთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქია. სულ ათი ათასი კაცი ცხოვრობს. გუნდს, ისევე, როგორც ფრანგული კლუბების უმრავლესობას, ქალაქის სახელი ჰქვია. "ბაგნერე" ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს აღზევდა და ნორმალური, საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის კლუბია.
- თქვენ გარდა, "ბაგნერეში" კიდევ ერთი ქართველი, სიმონ მაისურაძე თამაშობს...
- დიახ, ამ გუნდში ჩვენ ერთად მიგვიწვიეს. სეზონისწინა შეკრებაც ერთად გავიარეთ. ის აქამდე მესამე ხაზში თამაშობდა, თუმცა "ბაგნერეში" შერკინების კვაჭის (#2) პოზიციაზე დააყენეს და იქ ასპარეზობა შესანიშნავად გამოსდის. ფაქტობრივად, ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაშია.
- მხოლოდ მგეზავის პოზიციაზე თუ სხვაგანაც გიწევთ თამაში?
- ძირითადად, მგეზავად (#10) ვთამაშობ. მხოლოდ ერთხელ გამამწესეს ფულბეკის (#15) პოზიციაზე. ძირითადი დამრტყმელი მე ვარ, თუმცა დუბლიორიც მყავს - ადგილობრივი, ფრანგი მორაგბეა. ისე, უცხოელები სულ ოთხნი ვართ. ჩვენ გარდა, "ბაგნერეში" თითო ესპანელი და ურუგვაელი თამაშობს. სხვა ყველა ფრანგია.
- რა მიზნები აქვს წლეულს "ბაგნერეს"?
- ჩვენი გუნდი ფედერალ 1 დივიზიონის D ჯგუფში ასპარეზობს. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა და ამ დროისთვის 17 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. ცხადია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზანი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.
- კლუბის ხელმძღვანელები კმაყოფილები არიან თქვენი თამაშით? ახალი კონტრაქტი ხომ არ შემოუთავაზებიათ?
- დიახ, კმაყოფილნი არიან, თუმცა ახალი კონტრაქტის თაობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. "ბაგნერეში" ჩემი დარჩენის საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, შეძლებს თუ არა გუნდი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას. ამოცანის წარმატებით გადაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, ამ გუნდში დავრჩე კიდეც.
- საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე შინ ორი მატჩი გამართა. თქვენ რატომ არ ითამაშეთ ეროვნულ გუნდში?
- ნოემბრის ტესტებისთვის ნაკრებში ვერ მოვხვდი. მანამდე საფრანგეთში გამართულ მოკლევადიან შეკრებაზე გამომიძახეს, მაგრამ მერე მწვრთნელმა ისე გადაწყვიტა, რომ თამაში არ მომიწია.
- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა...
- ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. პრობლემა არ მაქვს, თუ გამომიძახებენ, ჩამოვალ და ვითამაშებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"