ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
რიხით დაწყება არ გამოვიდა. არადა, ბელგიის ნაკრები დებიუტანტია და ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ბრიუსელში გამარჯვება გაუჭირდებოდა.

მეტიც, სრულიად რეალური იყო წაგება, რაც არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა.

მეტოქის შეუფასებლობა
შოკი არა, მაგრამ ანგარიშის შეტყობის შემდეგ ყველა რომ გაოცებული დარჩება, უდავო ფაქტია. ვისაც თამაში არ უნახავს, იფიქრებს, რომ ბელგიას მართლა სერიოზული პროგრესი აქვს, აგერ, მრავალნაცად საქართველოს ნაკრებს როგორი წინააღმდეგობა გაუწიაო.

არ გვინდა ბელგიელებს გარჯა დავუკარგოთ, მაგრამ არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული
შემოგვთავაზეს.

მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ერთა თასზე პირველ მატჩს მართავდნენ და საკუთარი ქომაგების თვალწინ თამაშისას, შესაძლოა, "ბორჯღალოსნებზე" უფრო მოტივირებულებიც იყვნენ.

მათი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის თამაშის ჩაშლა იყო, რაც გაცილებით იოლია, ვიდრე შექმნა. ამას ისინი შესანიშნავად ახერხებდნენ, რაშიც ჩვენი მორაგბეებიც ხშირი, უხეში შეცდომებით ხელს უწყობდნენ.

ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ჩვენი გუნდი ამ თამაშის მოგებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თითქმის უბრძოლველად აპირებდა.

არ გამოვიდა. მეტოქეს არასათანადოდ შეფასებამ კი კინაღამ კატასტროფამდე მიგვიყვანა. აკი მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ თქვა:

"ძალიან რთული მატჩი გვქონდა. მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ. ბევრს ვაფრთხილებდ
ით ერთმანეთს ამის თაობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა.

50-60 ქულის სხვაობით მოვიგებთო - ვამბობდით და კინაღამ წავაგეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მეტოქე უნდა დააფასო. ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლებელი იყო და მომავალში გავითვალისწინებთ".


ძნელია, არ დაეთანხმო ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს. სწორედ მეტოქის შეუფასებლობის ბრალი გვგონია, ის ხშირი და უმეტესად, ელემენტარული შეცდომები, რომლებსაც უფრო მაღალი დონის გუნდი არაფრით გვაპატიებს.

ექსპერიმენტი შემადგენლობაში
ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონის სათადარიგო მოედნის მომცრო ზომის ტრიბუნები თითქმის პირთამდე სავსე იყო.

საქომაგოდ ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც მრავლად იყვნენ მისულები და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ომახიანად ქომაგობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე რაოდენობის მაყურებელი ერთა თასის ზოგიერთი დიდი ხნის ბინადარის მატჩებზეც არ დადის.

ამ ერთი თამაშით დასკვნების გაკეთება, ალბათ, ნაადრევია, მაგრამ თუ ბელგიაში რაგბის პოპულარობა გაიზრდება, უახლოეს წლებში ამ ქვეყნის ნაკრებისგან დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

მით უფრო, რომ იოლად და უხვად შეუძლიათ ფრანგი მორაგბეების ნატურალიზება.

მოკლედ, ბელგიელები თავს როგორმე მიხედავენ. ჩვენ კი საკუთარი ნაკრების ავან-ჩავანი ვიკითხოთ.

ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ მატჩში მილტონ ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი გამოუცდელი მოთამაშე დააყენა.

ვინმეს ეს შეიძლება თამამ ნაბიჯად მოეჩვენოს, რაშიც ვერაფრით დავეთანხმებით. ის კი არა და, კიდევ ორის ან სამის დამატებაც შეეძლო.

ბელგია, მიუხედავად მოედანზე განვითარებული მოვლენებისა და მატჩის საბოლოო ანგარიშისა, არ არის ის გუნდი, რომელთან თამაშშიც ექსპერიმენტების ჩატარების უნდა შეგეშინდეს.

პირველი ტაიმი

მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოლო ჟამს დაცვაში პრობლემები მოგვეძალა. ბელგიასთან გაშვებული ლელო, აბა, რა მოსატანია. იყო წლები, ერთა თასს ისე ვიგებდით, ხუთი მეტოქე მაქსიმუმ, ერთი ლელოს გატანას ახერხებდა.

აი, სათამაშო დისციპლინა კი დიდი ხანია, "ბორჯღალოსნების" აქილევსის ქუსლია.

ბელგიის ნაკრებთან თამაშში პრობლემები სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. მატჩის მე-5 წუთი მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრები მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან უტევდა. მსაჯს უპირატესობის ნიშნად ხელი ჩვენკენ ჰქონდა გაშვერილი, ანუ, თუ თამაში გაჩერდებოდა, ჯარიმა გვერგებოდა.

კარის პირდაპირ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ მარცხნივ ხაზზე გაიტანა. იქვე პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა ჩაირბინა და უნებლიეთ მეტოქეს, ასევე პირველხაზელ მაქსიმ ჟადოს შეეჯახა.

ამან ჩვენებურს მუშტი მოუქნია, რასაც გუნდი-გუნდზე ჩხუბი მოჰყვა.

VideoSportall.Ge
ბელგიისა და საქართველოს ნაკრებების ხელჩართული ჩხუბი მოედანზე


ძნელი სათქმელია, რა პრინციპით იმოქმედა იტალიელმა არბიტრმა მატეო ლიპერინიმ, მაგრამ ფაქტია, მან მუშტი-კრივის წამომწყებნი არ დაინდო და ორივეს წითელი ბარათი უჩვენა (ეს იმას ნიშნავს, რომ ქუბრიაშვილი მომდევნო მატჩს თბილისში, პორტუგალიის ნაკრებთან ავტომატურად გამოტოვებს).

ასე დარჩნენ გუნდები მატჩის ბოლომდე კაცნაკლულნი, რამაც ჩვენი გუნდის ტაქტიკა და სტრატეგია მნიშვნელოვნად არია.

მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნები" აქტიურობდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ბურთი აუტში გადაიტანეს, ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს, თუმცა ბელგიელებმა მისი შეჩერება ზედ ლელოს მისადგომებთან შეძლეს.

დრო გადიოდა, ანგარიშის გახსნას ჩვენი გუნდი ვერაფრით ახერხებდა. სამაგიეროდ, ბელგიელებმა გააზრებული იერიშის ლამის პირველივე მცდელობა 22-ე წუთზე ლელოთი დაასრულეს.

ბურთი მეტოქის მოედნის ნახევარზე დავკარგეთ. ბელგიელმა მორკინალებმა ჯაჯგურით ის ცენტრამდე ამოიტანეს. მერე წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ჟულიენ ბერჟემ ხაზი გაგვიჭრა და ათი მეტრი ირბინა.

ისევ რაკი და იქედან შეტევა მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გაგრძელდა. საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" შეცვლაზე შესული პირველხაზელი ალენ მირიალაკისი ვერ შეაჩერეს.

გარდასახვა "შავი ეშმაკების" საუკეთესო მექულემ ალან ვილიამსმა ზუსტად დაარტყა - 7:0.

მსგავსი სცენარი წარმოუდგენელი იყო. ხუთ წუთში საქართველოს ნაკრებმა ისევ მოიპოვა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება. ამჯერად ჩვენმა მორაგბეებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და კარში დარტყმა გადაწყვიტეს.

მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 3:7.

პირველ ტაიმში მეტი ვერაფერი მოვახერხეთ, ბელგიის ნაკრებს კი ორჯერ ჰქონდა ლელოს გატანის შანსი. პირველად ჩათვლის მოედანში ბურთი ხელიდან გაუვარდათ, მეორედ კი იმდენად გაკადნიერდნენ, რომ საჯარიმო კარში არ დაარტყეს.

ბურთი აუტში გადაიტანეს და ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს. დაიძრნენ კიდეც, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" მათი შეჩერება ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეძლეს.

38-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გაზრდა. რაკში თამაშისას მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი დაჯარიმდა. არბიტრმა ის სინბინში გაუშვა, ვილიამსმა კი ბელგიელებს სამი ქულა მოუტანა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი
შესვენების შემდეგ თამაში ახალი განახლებული იყო, როცა მასპინძლებმა ანგარიშის გაზრდა შეძლეს.

საჯარიმოდან ზუსტად ისევ ვილიამსმა დაარტყა - 13:3. ცხადია, ათქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთულია, თუმცა "ბორჯღალოსნებს" უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ.

თამაში ნელ-ნელა დაალაგეს და 50-ე წუთზე პირველი ლელოც მიითვალეს. საჯარიმოდან ჩვენმა მორაგბეებმა ბურთი აუტში გადაიტანეს.

ხუთმეტრიან დერეფანში გუნდის კაპიტანმა გიორგი ჩხაიძემ ბურთი სუფთად მოიგო. მოლი ავაგორეთ, დავძარით, ჩათვლის მოედანშიც შევაღწიეთ, მაგრამ არბიტრმა ლელო არ დააფიქსირა.

შერკინება "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ დაინიშნა. იქიდან ბურთი მამუკა გორგოძემ აიტაცა, მაგრამ იქვე შეაჩერეს. მერე პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა შეუტია და მიზნამდე ერთი მეტრი დააკლდა.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთს ისევ გორგოძე დასწვდა და ლელოში გადადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:13.

თამაშის დასრულებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი. ჩვენს გუნდს კიდევ რამდენჯერმე შეეძლო ლელოს გატანა, თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ, 68-ე წუთზე მოახერხა.

სალელოვე შეტევა თითქმის პირველის იდენტური გამოვიდა. ხუთმეტრიანი დერეფანი ამჯერად შეცვლაზე შესულმა შალვა სუთიაშვილმა მოიგო და თვითონვე შეუტია. ის ზედ ლელოსთან შეაჩერეს. რაკიდან ბურთი გორგოძემ აიტაცა და მარჯვნიდან სცადა ჩათვლის მოედანში შეღწევა. ისიც შებოჭეს. მერე ბურთთან პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა გაჩნდა, რომელმაც მოულოდნელად მოკლე ფრთაზე შეუტია და ბურთი ლელოში დაამიწა.

კვირიკაშვილმა საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან გარდასახა - 17:13.

დარჩენილ დროში მასპინძლებს მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცემიათ. "ბორჯღალოსნებს" კი, თამაშის მიწურულს, კიდევ ერთხელ შეეძლოთ მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა, მაგრამ მასპინძლებმა თავის დაცვა შეძლეს.

ბელგია-საქართველო 13:17
ბელგია (15-9) ვილიამსი, ფან ტრაპენი, ანდრე, ბრებანი, პირონი (ადამსი 72), პიერო, ბერჟე (ხუანი 70). (1-8) მასიმი (ოლივიე 45), ვენდე (კუფოლო 79), ჟადო, ფერსხელდენი, ნანა, ტ. დე მოლდერი (ბილი 77), ნილი, მორელი (მირიალაკისი 10).
ლ: მირიალაკისი. 2ს,გ: ვილიამსი.
სინბინი: ვენდე.
გაძევება: ჟადო.
საქართველო (15-9) წიკლაური, თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, კვირიკაშვილი (ხმალაძე 75), ბეგაძე. (1-8) ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 61), მამუკაშვილი (ბელქანია 61), ქუბრიაშვილი, ჩხაიძე, მიქაუტაძე (სუთიაშვილი 61), კოლელიშვილი, გორგოძე, ბასილაია (ჩილაჩავა 10).
2ლ: გორგოძე, ჩილაჩავა. 2გ,ს: კვირიკაშვილი
სინბინი: კოლელიშვილი
გაძევება: ქუბრიაშვილი.
მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)

* * *

სხვა თამაშები
დაძაბული გამოდგა ერთა თასის გათამაშების სხვა ორი მატჩიც. რუსეთის ნაკრებმა სოჭში დიდი გაჭირვებით, ოთხი ქულის სხვაობით სძლია ესპანეთის ეროვნულ გუნდს - 13:9. მატჩში ერთადერთი ლელო რუსების უკანახაზელმა მიხაილ ბაბაევმა გაიტანა.

სტუმრად პორტუგალიაში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია რუმინეთის ნაკრებმაც - 19:13. აქ პორტუგალიელთა მესამეხაზელის, ჟულიენ ბარდის ლელოს რუმინელმა პირველხაზელმა ევგენი კაპატანამ ლელოთივე უპასუხა.

სამაგიეროდ, ფლორინ ვლაიკუმ მასპინძელთა დამრტყმელზე, პედრო ლეალზე ორით მეტი საჯარიმო გაიტანა და "სტეჟარის" მოაგებინა.

პორტუგალია-რუმინეთი 13:19
პორტუგალია: 15. ნუნო კოსტა, 14. ადერიტო სეტევეში, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. კარლ მურეი, 11. გონსალო ფორო, 10. პედრო ლეალი, 9. ფრანსიშკუ მაგალიაეში. 1. ფრანსისშკუ ფერნანდესი, 2. ჟოაო კორეია, 3. ჟიან მურე, 4. დავიდ რიესი, 5. გონსალო უვა, 6. ჟაკ ლე რუ, 7. ჟუან სოუსა, 8. ჟუან სევერინო.
16. ლიონელ კამპერო, 17. ჟორჟე სეგურადო, 18. ტონი მარტინსი, 19. ტიაგუ ჟირაო, 20. ვასკუ უვა, 21. ლორან ბელანჟე, 22. ფრანსისკო აპელტონი, 23. ჯოზე ლიმა.
ლ: ბარდი. 2ს,გ: ლეალი.
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მიჰაი როსკა, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. დორინ მანოლე, 9. ფლორინი სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. ანდრეი ურსაკე, 4. ვალი ურსაკე, 5. მარიუს სირბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
16. ევგენი კაპატანა, 17. იონ პაულიკა, 18. პეტრუ ტამბა, 19. კორნელი ტატუ, 20. ოვიდიუ ტონიცა, 21. კიპრიან კაპლესკუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნიასუ.
ლ: კაპატანე. 4ს,გ: ვლაიკუ.
მსაჯი: ნათან ჰაინსი (უელსი)

რუსეთი-ესპანეთი 13:9
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. გრიგორი ცნობილაძე, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ევგენი პრონენკო, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
16. ალექსეი ვოლკოვი, 17. ანდრეი იგრეცოვი, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19, ანდრეი გარბუზოვი, 20. არტემ ფატახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრუბოვი, 23. დიმიტრი გერასიმოვი.
ლ: ბაბაევი. 2ს,გ: კლუჩნიკოვი.
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. მატიას ტუდელა, 13. ჯეკი კარტერი, 12. კორი სმითი, 11. ხავიერ კერიონი, 10. ხაიმე ნავა, 9. სანტიაგო ფერნანდესი. 1. ჯო ჰატჩინსონი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. მეთ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან ტუდელა, 7. ხუან მაგუნასელაია, 8. ლიონელ პარდო.
16. დანეილ მარიონი, 17. მიკელე მუნგია, 18. დავით გურგენიძე, 19. ფრანსოსკო უსერო, 20. ოიერ გერმანდია, 21. გრეგორი მარკესი, 22. გაუტიერ მინგულიონი, 23. ანიბალ ბონანი.
2ა: სემპერე. ს: კერიონი.
მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 1 1 0 0 +6 4
2. საქართველო 1 1 0 0 +4 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +4 4
4. ბელგია 1 0 0 1 -4 1
5. ესპანეთი 1 0 0 1 -4 1
6. პორტუგალია 1 0 0 1 -6 1

II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
ბელგია-ესპანეთი
რუმინეთი-რუსეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხო რა დროს ექსპერიმენტებია მსოფლიოს შესარჩევია!!! რა იტალია ან შოტლანდია სასაცილოა ბელგიას ძლივს უგებთ!!!სანამ საუკეთესო შემადგენლობას არ დავაყენებთ არაფერი არ გამოვა! ეს ექპერიმენტები როდემდეეეეეეეეე!!
საქართველოს საუკეთესო შემადგენლობა:
ხინჩაგიშვილი ბეგაძე ზირაქაშვილი
მაისურაძე დათუნაშვილი
სუთიაშვილი ჩხაიძე გორგოძე
?? ალბათ სამხარაძე
მეკო კაჭარავა ზიბზიბაძე
მაჩხანელი ბექა ურჯუკაშვილი თოდუა

ლელო ლელო საქართველოოოოოოოოოოოო !!!
data77
02:04 05-02-2013
0
ვაცალოთ ვაცალოთ... ყველაფერი ისეა როგორც უნდა ყოფილიყო... გუნდი მარტო ძირითადი არ არის.... 4 კაცი თამაშს არ უნდა იგებდეს ან აგებდეს... დანარჩენებს კი გაზრდა ჭირდება და ამიტომ ტარდება ექს პერიმენტები.... ვაცალოთ!
mikautidze
11:35 06-02-2013
0

სიახლეები პოპულარული