"ბორჯღალოსნებმა" განრისხებულ "ლომებთან" ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩს 9 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 4 მარტს შეიკრიბნენ და მატჩისთვის მზადება დაიწყეს.

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანელებთან საასპარეზოდ 27-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

იმ გუნდს, რომელიც წინა ტურში რუსებთან სათამაშოდ ემზადებოდა, მხოლოდ ერთი მორაგბე, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი") დაემატა, რომელსაც წლეულს "ბორჯღალოსანთა" რიგებში არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში სტარტი წარუმატებლად აიღო. "ლომებმა" სამ მატჩში
ორი წააგეს და ერთში ფრეს დასჯერდნენ. შედეგად, ამჟამად სამი ქულით ბოლო ადგილზე არიან.

გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა ესპანელთა ახალზელანდიელთა დამრიგებელმა ბრაის ბევინმაც. ნაკრების შემადგენლობაში ისევ ითამაშებს საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე.

"ბორჯღალოსნებისთვის" ყველაზე მეტ საფრთხეს, ვფიქრობთ, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებული ცხრა ნომერი პაბლო ფეიხოო ("ბერა ბერა") წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ სწრაფია და ორიგინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. ის კარგად კითხულობს თამაშს და, ფაქტობრივად, მარტოს შეუძლია გადაწყვიტოს მისი ბედი.

დიდი ყურადღება მართებთ ჩვენს უკანახაზელებს ფულბეკის სესარ სემპერეს წინააღმდეგაც. ის ესპანელთა გუნდში ყველაზე კარგი მორბენალია და შეტევაში დროულად ერთვება.

ბრაის ბევინმა ნაკრებში ორი ახალი მოთამაშე გამოიძახა: ნიკოლა მარშალი ("ოდისია") და უნაი ლასა ("გერნიკა"). ტრავმის გამო გუნდს დააკლდება ანიბალ ბონანი ("ბაგნერე"), რომელსაც ტომ პარკერი ("ვანი") შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ თბილისში მარცხის შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. გუნდს, რომელსაც ერთა თასის გათამაშების დაწყების წინ მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების პრეტენზია ჰქონდა, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები თორმეტჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან რვა თამაში "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, სამი "ლომებმა" და ერთიც ფრედ დასრულდა.

მატჩს ირლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი სტიუარტ გაფკინი იქნება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე-ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე-გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე-ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).

ევროპის ერთა თასი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

IV ტური. 9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი მაჩხანელი: ძველი ტაქტიკით იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული