"ბორჯღალოსნებმა" და "ლომებმა" რაზმები გადაახალისეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 9 მარტს ერთა თასის მორიგი ტურის მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნებმა" განვლილ სამ ტურში სამივე შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ. სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან ესპანელი "ლომები". მათ სამი მატჩიდან ორი წააგეს, ერთში ფრეს მიაღწიეს და ბოლო ადგილზე არიან.

ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, როგორც წესი და რიგია, საბრძოლო რაზმები მატჩამდე 48 საათით ადრე დაასახელეს.

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ძირითად შემადგენლობაში ბოლო მატჩს ითამაშებს ირაკლი აბუსერიძე.

მას ქართველი გულშემატკივარი
საზეიმოდ გააცილებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილ მორაგბეთა გაცილება ტრადიცია გახდება.

ივნისში, თბილისში გასამართ ტურნირსა და ნოემბრის ტესტებზე კიდევ რამდენიმე "ბორჯღალოსანს" გავაცილებთ, იმათ, ვისაც ნაკრებში 50 კეპზე მეტი მოუგროვებია.

საგულისხმოა, რომ ესპანელებთან მატჩში 50-ედ მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, შუამარბი დავით კაჭარავა კი საქართველოს ნაკრებში მე-60 მატჩს გამართავს.

ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია, რომელიც გუნდს სოჭში არ ახლდა.

ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ თამაშს ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, რომლებიც რუსებთან მატჩში სათადარიგოთა შორის იყვნენ.

სოჭში გატანილი ორი ლელო სწორედ ქუბრიაშვილსა და კოლელიშვილზე მოდის.

წლეულს პირველად მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, რომელიც ჰეიგმა ასევე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

შესაბამისად, თადარიგში გადაინაცვლეს დავით ზირაქაშვილმა, ირაკლი ნატრიაშვილმა, შალვა სუთიაშვილმა და გიორგი ჩხაიძემ.

განაცხადში არ არიან პირველხაზელები შალვა მამუკაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი.

თადარიგში დაიკავა ადგილი ახალგაზრდა შერკინების ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება.

უკანა ხაზში, როგორც უკვე ვთქვით, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ ირაკლი აბუსერიძე და დავით კაჭარავა.

"აბუს" დუბლიორი ახალგაზრდა ვაჟა ხუციშვილი იქნება; შეცვლაზე ითამაშებს ასევე შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელსაც საზარდული აწუხებდა.

სხვა ცვლილება უკანა ხაზში არ არის.

რუმინეთთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განახორციელა გუნდის შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა ბრაის ბევინმა.

ის, როგორც აღმოჩნდა, ძირითადად პირველი ხაზის თამაშით ყოფილა უკმაყოფილო. მან სამი პირველხაზელიდან ორი შეცვალა.

შერკინების მარცხენა ბურჯად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს "არმიას" მორკინალი დავით გურგენიძე. შერკინების კვაჭი კი სულაც დებიუტანტი უნაი ლასა იქნება. მათ გვერდით იბრძოლებს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ესპანელი ბურჯი ხესუს მორენო.

ბევინმა უცვლელი დატოვა მეორე და მესამე ხაზი. უკანა ხაზში მან კიდევ ერთი ახალი მორაგბე მიიწვია.

ფრანგული "არასის" ცხრა ნომერის, ხაუნ კერეტოს დებიუტი რუმინეთთან მატჩში შედგა, როცა ის მატჩის მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. ამჯერად კერეტო ძირითად შემადგენლობაშია.

გამოცდილმა პაბლო ფეიხოომ კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

მგეზავად კორი სმიტი გაირჯება, რომელსაც "სტეჟარის" წინააღმდეგ არ უთამაშია. საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენენ შუამარბი ხაიმე ნავა და ბასკი გარემარბი ჟულიენ გოია. მწყობრშია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ესპანელი მორაგბე, ფულბეკი სესარ სემპერე.

აღსანიშნავია, რომ გუნდის თამაშის საგრძნობლად გაძლიერება შეუძლიათ სათადარიგოთა შორის მყოფ მოთამაშეებს: ჯო ჰატჩინსონს, ჯო კარტერს, ნიკ მარშალს და ტომ პარკერს. თუმცა ძნელი დასადგენია, მათ შორის რომელია ესპანელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 9 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 საათზე დაიწყება. თამაშს ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი სტიუარტ გაფკინი იქნება.

საქართველო-ესპანეთი
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგაძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური

ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟულიენ გოია, 13. კარლოს ბლანკო, 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხაუნ კერეტო. 1. დავიდ გურგენიძე, 2. ლასა უნაი, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან მაგუნასელაია, 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო.
16. ავსგუსტინ ორტისი, 17. ჯო ჰატჩინსონი, 18. ხუან ნავა, 19. ჯეკი კარტერი, 20. ნიკ მარშალი, 21. ხუან ტუდელა, 22. პაბლო ფეიხოო, 23. ტომ პარკერი.
მსაჯი: სტიუარტ გაფკინი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გმადლობ, აბუ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული