რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან მუდმივი და შედეგიანი ურთიერთობის შედეგად, ჩვენი ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს.
საქართველოში კვლავ გვესტუმრებიან კანადისა და ამერიკის ეროვნული ნაკრებები, ხოლო სამოას ეროვნული გუნდი პირველად ჩამოვა თბილისში.
კანადა
კანადის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალაა.
ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მან პირველმა შეძლო მომავალი მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლა.
ეს, რა თქმა უნდა,
კანადელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ და ეცდებიან, თავიანთი მოგზაურობა ნოემბერში პოზიტიურად დაიწყონ.
ორივე გუნდისათვის პირველი მატჩი საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან მოსამზადებელი პერიოდი მოკლეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშის მოსაგებად ისინი ყველაფერს გააკეთებენ.
აშშ
კანადის მსგავსად, აშშ-ის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ მან 2015 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩები დათმო კანადასთან, ის ძლიერი მეტოქეა.
ამერიკელები ჩვენთან დაპირისპირებისთვის დიდი გულისყურით მოემზადებიან, ვინაიდან ჩვენს მსგავსად, ისინიც ჯერ არ გასულან მსოფლიოს თასზე.
ისინი ეცდებიან თავიანთი სრული პოტენციალის ჩვენებას და ჩვენთან მატჩში თამაშის ხარისხის გაზრდას, რათა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო, ამერიკის კონტინენტის პლეი ოფის სერიაში უფრო გაძლიერებულნი წარდგნენ.
ორივე გუნდს ექნება ჩატარებული თითო მატჩი და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ისინი ხარვეზების აღმოფხვრას შეძლებენ და შესანიშნავ თამაშს შემოგვთავაზებენ.
სამოა
სამოას ეროვნული ნაკრები, რომელიც ამ დროისათვის მსოფლიოს რეიტინგში მე-7 ადგილზეა, ნებისმიერი ოპონენტისათვის უდავოდ ძალზე ძლიერი მოწინააღმდეგეა. რამდენადაც ვიცი, 28 მოთამაშე სამოელთა 30-კაციანი გუნდიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ელიტურ ლიგებში გამოდის.
სწორედ ამ გამოცდილების შედეგად მათ შეძლეს თავიანთ ისტორიაში პირველად ასეთი მაღალი ადგილის დაკავება მსოფლიო რეიტინგში.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება მესამე და, შესაბამისად, ბოლო მატჩი ჩვენი ბიჭებისათვის, მათ ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა განსაკუთრებულად მოემზადონ ამ შეხვედრისთვის.
თავდაუზოგავი მცდელობებისა და მიღწევების გამო სამოა ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო დონის გუნდის სტატუსს და ისინი უდავოდ ყველანაირ ძალ-ღონეს იხმარენ, რათა არ დათმონ შეხვედრა ჩვენს ნაკრებთან.
ძალზე საინტერესო ტესტების სერია ელოდებათ ჩვენს ბიჭებს ნოემბერში და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი მოვა შეხვედრებზე და ჩვენს ბიჭებს ტრადიციულად, მათთვის ჩვეულად ხმამაღლა უგულშემატკივრებს.
თითოეული თამაში იქნება განსხვავებული და უამრავ გასაოცარ ემოციას მოგვიტანს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მოუთმენლად ელოდება თითოეულ ამ შეხვედრას, ვინაიდან ეს მატჩები მოგვცემს ჩვენი პროგრესის ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას.
ეს მატჩები ნაკრებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და მოამზადებს მათ მსოფლიოს თასზე გასასვლელი ფინალური ეტაპისათვის - ევროპის ერთა თასის გათამაშებისათვის.
ვიმედოვნებ, რომ ყველანი უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ ამ ძალზე საინტერესო შეხვედრებიდან და, მოდით, ყველა ერთად გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს, ვინაიდან ნოემბერში ისინი ძალზე რთულ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"