"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ამერიკელი "არწივები"

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებმა" პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მათ დაძაბულ ბრძოლაში კანადელ "ნეკერჩხლის ფოთლებს" სძლიეს - 19:15 და მსოფლიო რეიტინგში საკუთარი მონაგარი 1,2 ქულით გაზარდეს. თუმცა ამან საშუალება მაინც არ მისცა საქართველოს, თუნდაც ერთი საფეხურით დაწინაურებულიყო.

ჩვენი მომდევნო მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებია, რომელსაც მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი 16 ნოემბერს, რუსთავის ახალაშენებულ სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებს.

წარმოგიდგენთ ამერიკელ "არწივებს", რომლებიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-18 პოზიციაზე არიან და სარაგბო სამყაროში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

ადრეული წლები
XIX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში რაგბი ინგლისელმა ემიგრანტებმა
შეიტანეს და ოვალური ბურთით გართობამ მალევე დიდი პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში.

1872 წელს შედგა პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, რომელშიც კალიფორნიის სარაგბო გუნდმა ბრიტანელ მოსახლეთა ნაკრებს უმასპინძლა და 4:7 დამარცხდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული სპორტის სახეობებიდან ყველაზე პოპულარულად დღემდე ამერიკული ფეხბურთი ითვლებაю ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობა რაგბის ოდნავ განსხვავებული წესებით თამაშობდაб თუმცა თამაშის ძირითად პრინციპებს აუცილებლად იცავდა.

ჰარვარდის, მაკგილის, მასაჩუსეტსის, პრისტონის და კოლუმბიის უნივერსიტეტთა ნაკრებებმა ერთმანეთში რეგულარულად დაიწყეს თამაში, რამაც მოამწიფა იდეა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შექმნაზე, რომელიც საერთაშორისო არენაზე გავიდოდა სხვა ქვეყნებთან საპაექროდ.

1912 წლის 12 ნოემბერს ისტორიული მოვლენაც შედგა: ამერიკამ ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლა და 8:12 დამარცხდა, ერთი წლის თავზე კი ახალზელანდიელებთან წააგო - 3:51.

ოლიმპიური ჩემპიონები
1920 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და საკუთარ რაგბის ნაკრებს უფლება მისცა, მონაწილეობა მიეღო ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა ბოლო მომენტში მგზავრობის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად ამ ხელისშემშლელი ფაქტორისა, ამერიკელი მორაგბეები თავიანთი სახსრებით გაემგზავრნენ ევროპაში სათამაშოდ.

ტურნირზე ოთხ გუნდს უნდა ეასპარეზა, თუმცა მოულოდნელად თამაშზე უარი განაცხადეს ჩეხოსლოვაკიამ და რუმინეთმა. შესაბამისად, ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ამერიკის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ. ფავორიტებად ფრანგები ითვლებოდნენ, თუმცა, მოულოდნელად, ამერიკელებმა 8:0 გაიმარჯვეს და ოლიმპიური ოქროს მედლებიც დაისაკუთრეს.

მომდევნო, 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზმა უმასპინძლა. ამერიკელ მორაგბეებს ამჯერად აღარ შექმნიათ დაფინანსების პრობლემა, რადგან სახელმწიფომ მათ სოლიდური თანხა გამოუყო, რათა ნაკრებს სრულყოფილი მომზადება გაევლო საპასუხისმგებლო ტურნირის წინ.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დიდი სელექცია გასწია, უმოკლეს დროში ამერიკული ფეხბურთის გუნდებიდან არაერთი ნიჭიერი სპორტსმენი დაიმატა, რაგბის წესები შეასწავლა და საოლიმპიადო განაცხადშიც შეიყვანა.

ტურნირის პირველ მატჩში ამერიკელებმა იოლად დაძლიეს რუმინელთა წინააღმდეგობა - 39:0 და ფინალში გააღწიეს, სადაც მათ საფრანგეთი ელოდებოდათ. უდავო ფავორიტად ყველა მასპინძელთა გუნდს მოიაზრებდა, თუმცა ამერიკელებმა დიდი გმირობა ჩაიდინეს და პირველი ტაიმის 0:3-ით წაგების შემდეგ მეტოქეს 17 უპასუხო ქულა აართვეს, რამაც საშუალება მისცა მათ, ზედიზედ მეორედ მოეგოთ ოლიმპიადა. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ რაგბი ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღეს.

რაგბის კავშირის ჩამოყალიბება
მეორე მსოფლიო ომმა და მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან შეაფერხა რაგბის განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1960 წელს კვლავ დაიწყო სასიკეთო ძვრები, რომელიც 1975 წელს ამერიკის რაგბის ფედერაციის შექმნით დასრულდა.

ეროვნულ გუნდს ზედმეტსახელად "არწივები" ეწოდა და მომდევნო წელს მათ უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართეს ავსტრალიასთან, თუმცა ამჯერადაც დამარცხდნენ - 12:24. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამერიკა ტესტ-მატჩებს მართავდა ძლიერ მეტოქეებთან: ინგლისთან, ახალ ზელანდიასთან, კანადასთან, ირლანდიასთან. უმეტეს შემთხვევებში მარცხდებოდა, თუმცა ნელ-ნელა პროგრესირებდა...

ამერიკა მსოფლიოს თასებზე
1987 წელს საფუძველი ჩაეყარა პირველი მსოფლიოს თასის ჩატარებას, რომელსაც ახალმა ზელანდიამ უმასპინძლა და ტურნირის ერთ-ერთ მონაწილედ ამერიკაც იყო მიწვეული.

"არწივები" A ჯგუფში მოხვდნენ ავსტრალიის, ინგლისის და იაპონიის ნაკრებებთან. ამერიკელებმა ლოგიკური მარცხები იწვნიეს ტურნირის ფავორიტ ინგლისთან - 6:34 და ავსტრალიასთან 12:47, ხოლო იაპონიასთან ისტორიული გამარჯვება იზეიმეს - 21:18, თუმცა საბოლოო ჯამში ეს საკმარისი არ გამოდგა პლეი ოფში გასასვლელად.

1991 წლის მოფლიოს თასზე ამერიკა კვლავ A ჯგუფში მოხვდა ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან და იტალიასთან. "არწივები" ინგლისთან 9:37 დამარცხდა და "ოლ ბლექსთან" უშანსოდ იყო - 6:46; თითქოს იტალიასთან უნდა მოეგო, მაგრამ ამერიკამ ბოლო მატჩიც უბრძოლველად დათმო - 9:30.

1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოსახვედრად ამერიკას საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა მოუწია. მათ პირველ რაუნდში ბერმუდა გაანადგურეს - 60:3, მეორე ეტაპზე კი ორმატჩიან დუელში პირწმინდად დამარცხდნენ არგენტინის ნაკრებთან და მსოფლიოს თასის საგზურის გარეშე დარჩნენ.

1999 წელს ევროპის წამყვან სარაგბო ქვეყნებში გასამართ მსოფლიოს თასზე მოსახვედრად ამერიკას დიდი ბრძოლების გადატანა მოუწია. თავდაპირველად არგენტინისგან იწვნია მარცხი - 24:52, შემდეგ კანადისგან - 14:31. შესაბამისად, "არწივები" რეპეშაჟში გადაერთო, სადაც გაჭირვებით სძლია ურუგვაის - 21:17 და მსოფლიოს რაგბის უმთავრეს ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამერიკა E ჯგუფში ავსტრალიის, რუმინეთის და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

"არწივები" ჯერ დუბლინში დამარცხდა ირლანდიასთან - 8:53, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში წააგო რუმინეთთან - 25:27, დასკვნით მატჩში კი, მსოფლიოს თასის მომავალ მფლობელ ავსტრალიას ერთი ლელო გაუტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში 19:55 წააგო.

2003 წლის მსოფლიოს თასზე მოსახვედრად ამერიკას კვლავ რეპეშაჟის რაუნდის გავლა მოუწია. "არწივებმა" ამჯერად ესპანეთი დაამარცხა ორრაუნდიან ბრძოლაში. შეერთებული შტატების ნაკრები B ჯგუფში მოხვდა საფრანგეთის, ფიჯის, იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად.

"არწივებმა" ჯგუფის გახსნით მატჩში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. ის დიდი ხნის განმავლობაში უგებდა ფიჯის, თუმცა ბოლო წამებზე მაინც დათმო შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 18:19, რასაც მოჰყვა ლოგიკური მარცხი შოტლანდიასთან - 15:39 და საფრანგეთთან - 14:41, თუმცა ამერიკელებმა მაიკ ჰერკუსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბოლო შეხვედრაში მაინც მოახერხეს იაპონელთა ძლევა - 39:26 და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

2006 წელს ამერიკამ კვლავ დათმო ორრაუნდიანი ბრძოლა კანადასთან, თუმცა ურუგვაის წინააღმდეგობის იოლად გადალახვის ხარჯზე კვლავ მოახერხა 2007 წელს საფრანგეთში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოხვედრა, სადაც A ჯგუფში ინგლისთან, სამოასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ტონგასთან ერთად აღმოჩნდა.

"არწივებმა" ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დათმო (ინგლისი 10:28, ტონგა 15:25, სამოა 21:25, სამხრეთი აფრიკა 15:64) და თავი მხოლოდ სამოასთან მოპოვებული 1 ბონუს ქულით გამოიჩინა.

უკანასკნელ, ახალ ზელანდიაში გამართულ 2011 წლის მსოფლიოს თასზე ამერიკა C ჯგუფის გახსნით მატჩში გმირულად ებრძოლა ირლანდიის უძლიერეს ნაკრებს, თუმცა 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 10:22. მეორე ტურში "არწივებმა" რუსები დაამარცხა - 13:6, რასაც მოჰყვა ავსტრალიასთან მარცხი - 5:67.

ამერიკელებს მეოთხე ტურის წინ მესამე ადგილზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდათ. მათ უნდა დაემარცხებინათ იტალია, თუმცა დაძაბული შეხვედრის მეორე ტაიმში ევროპელებმა მაინც გატეხეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს - 27:10. "არწივებმა" ოთხი ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაკმაყოფილდნენ.

მთავარი მწვრთნელი
ამერიკის შეერთებული შტატების სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ მაიკ ტოლკინი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა შორეულ 1986 წელს ხავიერის კოლეჯის გუნდის გაწვრთნით დაიწყო.

2000 წელს იგი New York Athletic club-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და კლუბი სამჯერ მიიყვანა ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლებამდე (2005, 2008, 2011 წლებში).

პარალელურად, ტოლკინი ამერიკის სამწვრთნელო შტაბშიც გახლდათ დასაქმებული. იგი დაცვის მწვრთნელი იყო და 2011 წელს "არწივებმა" მშვენიერი დაცვის დემონსტრირება მოახდინა მსოფლიოს თასზე, რაც მაიკს დაუფასდა და 2012 წლის თებერვლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით "არწივებმა" 11 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო და 8 შეხვედრაში დამარცხდა.

ნოემბრის ტესტები
ამერიკამ ნოემბრის ტესტები პენსილვანიის შტატში, "მაორი ოლ ბლექსის" მასპინძლობით გახსნა და დაძაბულ ბრძოლაში 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 19:29. "არწივების" რიგებიდან ერთადერთი ლელოს ავტორი მარბიელი კამერონ დოლანი (4 კეპი) გახდა, ხოლო მგეზავმა ადამ სიდალმა (4 კეპი) საკუთარ გუნდს ერთბაშად 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

16 ნოემბერს ამერიკა საქართველოს დაუპირისპირდება ქალაქ რუსთავში, ხოლო 23 ნოემბერს ლონდონში რუსეთთან პაექრობით დაასრულებს ევროპულ ვოიაჟს.

აშშ
პირველი ხაზი: დერეკ აშბურნი (კეიპთაუნის უნივერსიტეტი), პატრიკ ლატუ (მეტროპოლისი), ბლეიკ ბურდეტი (ნიუ იორკ ათლეტიკი), ზაკ ფენოლიო (გლენდეილ რაპტორზი), ერიკ ფრი (ლონდონ სქოტიში), ტიტი ლამოსიტელე (სარასენზი), შონ პიტმანი (ოპსბ), ფილ ტილი (ლაიფ უნივერსიტი), ნიკოლას ვოლასი (ოლიმპიკ ქლაბი);
მეორე ხაზი: ჯონ კალენი (ოლდ პაჯეტი), გრაჰამ ჰარიმანი (მეტროპოლისი), სკოტ ლავალა (სტად ფრანსე), ტაი ტუისამოა (ომბაკი);
მესამე ხაზი: სამუ მანოა (ნორსჰემპთონი), იანკი ბასაური (ტარბი), პიტერ დალი (ბელმონტი), კამერონ დოლანი (ლაიფ უნივერსიტი), კაილ სამსონი (ბრიჰამ იანგი), ტოდ კლევერი (შაინინგ არკსი);
#9: შონ დევისი (გლენდალ რაპტორზი), მაიკ პეტრი (ნიუ იორკ ათლეტზი), რობ შოუ (ეშერი)
#10: ტობი ლესტრანგი (ნიუ იორკ ათლეტზი), ფოლაუ ნიუა (ამერიკა სევენზი), ადამ სიდოლი (ოლდ ბლუ);
#12-13: სიმუს კელი (გოლდენ ბეარსი), ენდრიუ სუნიულა (ლონდონ ვასფზი), კრის ვაილსი (სარასენზი)
#11-14: ლუკ ჰამი (ოლდ ბლუ), ტიმ მოპინი (სფგგ), ზაჰარი პანგელინანი (ომბაკი)
#15: ჯო კოული (ლაიფ უნივერსიტი), ბლაინ სკული (ლესტერ ტაიგერსი)

2013 წელი
2013 წლიდან ამერიკამ უარი განაცხადა ყოველწლიური "ჩერჩილის თასის" გამართვაზე და საერთაშორისო რაგბის საბჭოსგან მიიღო მონაწილეობის უფლება წყნარი ოკეანის თასზე, სადაც მისი მოწინააღმდეგეები გაცილებით უფრო მაღალი სათამაშო კლასის მქონე კანადის, იაპონიის, ფიჯის, ტონგას და სამოას ნაკრებები იქნებიან.

"არწივებმა" წლეულს ორმატჩიან დუელში დათმო 2015 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები კანადასთან და 2014 წელს მათ კვლავ რეპეშაჟში მოუწევთ საკუთარი სიძლიერის დამტკიცება. "არწივებს" მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს გამართული და ყველა მათგანში დამარცხდა.

25 მაისი. კანადა-ამერიკა 9:16 (წყნარი ოკეანის თასი)
8 ივნისი. ამერიკა-ირლანდია 12:15 (ტესტ-მატჩი)
14 ივნისი. ამერიკა-ტონგა 9:18 (წყნარი ოკეანის თასი)
19 ივნისი. ფიჯი-ამერიკა 10:35 (წყნარი ოკეანის თასი)
23 ივნისი. იაპონია-ამერიკა 20:38 (წყნარი ოკეანის თასი)
17 აგვისტო. ამერიკა-კანადა 9:27 (საკვალიფიკაციო ეტაპი)
24 აგვისტო. კანადა-ამერიკა 13:11 (საკვალიფიკაციო ეტაპი)
9 ნოემბერი. კანადა-მაორები 19:29 (ტესტ-მატჩი)

ამერიკელი "არწივების" ტიტულები
1920 წელი - ოლიმპიადის გამარჯვებული
1924 წელი - ოლიმპიადის გამარჯვებული
2009 წელი - ჩერჩილის თასის გამარჯვებული
2011 წელი - ჩერჩილის თასის გამარჯვებული

რეკორდული მაჩვენებლები
ყველაზე მეტი კეპი - მაიკ მაკდონალდი (2000-12) - 67
ყველაზე მეტი ლელო - ვაეა ანიტონი (1992-2000) - 26
ყველაზე მეტი ქულა - მაიკ ჰერკუსი (2002-09) - 465
ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში - კრის ობრაიენი - 26
ყველაზე მეტი ლელო ერთ მატჩში - დიკ ჰაილანდი - 4
ყველაზე მეტი მატჩი კაპიტნის სამკლავურით - ტოდ კლევერი - 32
ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე - ტიტი ლამოსიტელე (18 წლის და 187 დღის)
ყველაზე ასაკოვანი მორაგბე - მარკ უილიამსი (38 წლის და 98 დღის)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგია, რომ ზოგადი ინფორმაციაა მომავალ მეტოქეზე,მაგრამ ოთხი დღე გავიდა და არავითარი გარჩევა კანადასთან თამაშისა არ დაუწერიათ. ფაქტია, რო რაგბზე მომუშავე ჟურნალისტებს ან ცოდნა არ ჰყოფნით, რომ თამაში გაარჩიონ, ან სურვილიც არ აქვთ. თუ ამის თავი არ აქვთ, ხომ შეიძლება რაგბში მომუშავბე ხალხს ჰკითხონ აზრი, ან ვეტერან რაგბისტებს, ან ზაალს თხოვონ შეფასება და კომენტარი?! ზაალმა მგონი ყველაზე კარგად იცის რაგბის ავანჩავანი და იქნებ მისთვის გეკითხათ აზრი ჩვენს თამაშზე, მეტოქეებზე, მომავალ დაპირისპირებაზე. მხოლოდ ნაკრების მწვრძთნელის მოკლე ინტერვიუ და ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებები არ კმარა. კანადელებთან თამაშის მესამე დღეს დაიწერა მოკლე, ვალის მოხდის მიზნით ინფორმაცია, ნაკრების მზადების შესახებ და ეს იყო სულ. აბა მესიმ ტრამვა მიიღო და რა გვეშველება ეხლა ქართველებს აა?! ყოველ დღე ამ საიტებზე მაგაზეა საუბარი და ინფორმაცია. მესის არაფერს ვერჩი, მაგრამ საწყენია, რომ საკუთარი არ გაინტერესებს. თუმცა უცხოური საიტებიდან მასალის გადმოკოპირება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი ადგილის და ტვინის განძრევა . . .
ynwa
14:24 14-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული