საქართველო-ამერიკის შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი ტრავმის გამო გამოეთიშება. გუნდს მის ნაცვლად 16 ნოემბერს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავა ვიტო კოლელიშვილი.
"სამწუხაროდ, მოხდა ცვლილებები - დისკვალიფიკაცია აქვს ვიტო კოლელიშვილს და საკმაოდ ძლიერი ძალა დაგვაკლდა, ტრავმის გამო მე გამოვეთიშე თამაშს.
რაც შეეხება მომზადებას, სათანადო მომზადება გავიარეთ, განვიხილეთ ბევრი ნიუანსი, გავაკეთეთ ვიდეოანალიზი. ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენკენ უნდა იყოს, იმიტომ, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვაქვს. პირველი
იმედი მაქვს, ხალხიც მოვა და მხარს დაგვიჭერს. რევანში გვაქვს ასაღები, თან, თამაში საქართველოშია. ასე რომ, ყველა ფაქტორია იმისათვის, რომ მოვიგოთ," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ირაკლი მაჩხანელმა.
რუსთავის "ხარების" სარაგბო მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშს რუსთავის მერი დავით ჯიქიაც დაესწრო.
"რუსთავი მთელი შემართებით ელოდება ამ მატჩს, სტადიონზე ყველაფერი მზად არის. რუსთავის სარაგბო მოედანზე ეს პირველი საერთაშორისო ტურნირის პირველი თამაში იქნება.
ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი აღარ არის, ყველა ბილეთი გაყიდულია და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები ხვალ გაიმარჯვებს," - განაცხადა დავით ჯიქიამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში 16 ნოემბერს, 14 საათზე მეორე სარეიტინგო ტესტ-მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან რუსთავში, "ხარების" სარაგბო მოედანზე გამართავს.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.