საქართველო-ბელგია 35:0 - "ეშმაკები" მოვარჯულეთ, რიგში "მგლები" არიან [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშება, რომელიც 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეცაა, წარმატებით დაიწყო.

"ბორჯღალოსნებმა" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შეჯიბრების დებიუტანტი, ბელგიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს მშრალი ანგარიშით - 35:0.

ამას წინ უძღვოდა რაგბის კავშირისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეების მთელი ღამის შრომა. მათ დათოვლილი სტადიონი ნამქერისგან გაათავისუფლეს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მეტ-ნაკლებად ნორმალური სათამაშო პირობები შეუქმნეს.

ნათლად ჩანდა, რომ მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო. მეორე ნახევრის დასაწყისისთვის ტალახი ისე აიზილა, გადაადგილება ჭირდა. ცხადია, ამან თამაშს გარკვეული
დაღი დაასვა. ვფიქრობთ, უკეთეს პირობებში ანგარიშში სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა.

მოედნის მძიმე გრუნტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო, ხელდახელ ბურთაობის გაკვეთილი ჩაეტარებინა მეტოქისთვის, თუმცა ძალისხმევა არც ჩვენს მორკინალებს დაუშურებიათ. ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნები" უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ და მეტოქე საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს არ გააჭაჭანეს.

მატჩის დაწყებიდან ათ წუთში ნათელი გახდა, ვინ იყო იქაურობის ბატონ-პატრონი. ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-6 წუთზე გახსნეს, თუმცა სალელოვე იერიში ჩვენმა მორაგბეებმა ორი წუთით ადრე დაიწყეს.

ბელგიელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აგდებული დერეფანი მოვიგეთ და მარცხენა, მოკლე ფრთაზე გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა შეუტია. მერე ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ ბურთი მარჯვნივ გაათამაშა. იქ ჩვენმა მორკინალებმა ერთი მოკლე დარტყმა განახორციელეს და შეტევა კიდევ უფრო მარჯვნივ შუამარბებმა განავითარეს.

ბეგაძემ კიდევ ერთხელ შეცვალა შეტევის მიმართულება. მან მარცხნივ მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც გარღვევაზე მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია მყისვე გაიყვანა. ამ ეპიზოდში გარემარბის პოზიციაზე ერთბაშად ორი ქართველი მეორეხაზელი აღმოჩნდა. ბასილაიამ კიდისკენ ლევან დათუნაშვილს გადააწოდა, რომელიც ორმა ბელგიელმა გვერდითი ხაზს იქით გადაიყვანა, თუმცა "ჩაქუჩამ" მოასწრო და ბურთი იქვე მიმყოლ კონსტანტინე მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელსაც წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყა - 5:0.

სამ წუთში კვირიკაშვილმა მონაგარის გაზრდა მაინც შეძლო. ბელგიელები ბურთს საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ათამაშებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ ფეხით სცადეს მისი ჩვენს მოედანზე გადატანა, მაგრამ უხეიროდ დაარტყეს. ბურთი მაჩხანელის ნადავლი შეიქნა. კაპიტანმა მეტოქის ხაზის გაჭრა სცადა, მაგრამ შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ბეგაძემ სწრაფად გამოიტანა, დროულად შენიშნა შუამარბ დავით კაჭარავას მანევრი, რომელიც მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა და ბურთი უკნიდან შეტევაში ჩართულ კვირიკაშვილს გაატანა. "მეკომ" ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:0.

ათ წუთში სალელოვე შეტევა ისევ კვირიკაშვილმა წამოიწყო. მან მეტოქის მიერ ფეხით დარტყმული ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე აიტაცა და ბელგიელთა დაცვის გაჭრა მათსავე ათმეტრიან ხაზთან სცადა. ის მოწინააღმდეგემ შებოჭა. ბეგაძემ რაკიდან გამოტანილი ბურთი მარცხნივ ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც ცრუ მანევრით ორ ბელგიელს შორის გაიარა და სალელოვე გარღვევაზე დაფარული პასით იქვე მიმყოლი შუამარბი მერაბ შარიქაძე გაიყვანა. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 17:0.

12 წუთის შემდეგ კვირიკაშვილის მიერ გატანილი ლელო კი შედევრად შეიძლება მივიჩნიოთ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში შერკინება მოიგეს. ბასილაიამ იქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ ბეგაძეს გაატანა. ამან შეტევაში ხმალაძე ჩართო, რომელმაც ფეხით ოსტატურად შეაცურა ბელგიელთა ლელოში, სადაც ბურთთან ყველაზე სწრაფად კვირიკაშვილი გაჩნდა, თუმცა გარდასახვა ამჯერადაც ვერ გაიტანა - 22:0.

ტაიმის დასასრულს წამებიღა აკლდა, როცა საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეტევისას საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ჩვენმა მორაგბეებმა კარში დარტყმა გადაწყვიტეს და კვირიკაშვილმა საერთო ყულაბას კიდევ სამი ქულა შემატა - 25:0. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ სტუმრები თითქოს ოდნავ გამოცოცხლდნენ. "შავი ეშმაკები" ძირითადად მორკინალების დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ "ბორჯღალოსნების" დაცვა მყარად იდგა.

56-ე წუთზე კი ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის მორიგი შეცდომით ისარგებლეს. ბელგიელებმა ბურთი მოედნის ცენტრთან დაკარგეს, რომელიც შარიქაძემ აიტაცა და მეტოქის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. მან მარცხნივ დაუცველი ზონა შენიშნა და ბურთი ფეხით სწორედ იქით შეაცურა. იქ ყველას გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა დაასწრო და სტუმრებს მეხუთე ლელო გაუტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვა რთული პოზიციიდან ვერ გამოიყენა - 30:0.

ცხადია, ჩვენი გუნდის გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. ამიტომ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშში ყველა სათადარიგო ჩართო. შეხვედრის ბოლო, მეექვსე ლელო საქართველოს ნაკრებმა ტრადიციული მეთოდით, შერკინების მძლავრი მიწოლით 65-ე წუთზე გაიტანა.

ჩვენ სასარგებლოდ შერკინება ბელგიელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაინიშნა. "ბორჯღალოსნებმა" პირველივე ცდაზე მეტოქე ლელოში შეათრიეს და მესამეხაზელ გიორგი ჩხაიძეს, რომელიც ამ მატჩში დერეფანში დომინირებდა, ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. გარდასახვა ამჯერად შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ დაარტყა და მანაც ბურთი ძელს გაარტყა - 35:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი სტარტი შესანიშნავად აიღო. მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა, რისთვისაც დამატებით ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
რიშარ მაკკლინტოკი, ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ამ შეხვედრაზე აქცენტს არ ვაკეთებდით. წინა სეზონებში უკრაინამ და გერმანიამ ვერ შეძლეს ერთა თასზე ფეხის მოკიდება. ჩვენ ამის შანსი გვაქვს და ერთი კვირის შემდეგ ესპანეთში, ვფიქრობ, გადამწყვეტი მატჩი გველის. სწორედ ამიტომ დავასვენეთ დაახლოებით ათი მოთამაშე.

აქედან გამომდინარე, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. შედეგი კანონზომიერი იყო, ამინდი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ საქართველოს ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებოდით.

თორნიკე მეგრელიძეს რაგბის ნიჭი გენებში აქვს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და, ვფიქრობ, 2-3 წელიწადში საკმაოდ ძლიერ მორაგბედ ჩამოყალიბდება. ჩვენს ნაკრებში ადრეც თამაშობდა ქართველი მორაგბე, გიორგი ნემსაძის ძმა, დავით ნემსაძე. ასე რომ, ქართველებზე კარგი წარმოდგენა გვაქვს".

მიქაელ დე მოლდერი, ბელგიის ნაკრების კაპიტანი:
"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნაკრებს იმისთვის, რომ სუფთად გვეთამაშა და ტრავმების გამო არავინ დაგვაკლდება. ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღეს და იმდენად აღტაცებულნი ვართ, რომ დღეიდან თქვენი ყველაზე გულმხურვალე ქომაგები ვიქნებით. ძალიან გვინდა, ერთა თასზე ადგილი შევინარჩუნოთ და მომავალშიც გეწვიოთ".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მოედანი სათამაშოდ ვარგისი ყოფილიყო.

რთული პირობების მიუხედავად, ჩვენ ექვსი ლელო გავიტანეთ და მეტოქეს ქულების აღების საშუალება არ მივეცით, რაც კარგი შედეგია.

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი, საწყის 15 წუთში. ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიდიოდა და შედეგიც სახეზეა. უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისას გეგმას არ გადავუხვიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას.

არ ვიცით, რა მდგომარეობაშია დავით ქუბრიაშვილის ხელი. ვიდეოანალიზის ნახვის შემდეგ გადავწყვეტთ, რა ცვლილებები განვახორციელოთ შემადგენლობაში. პორტუგალიაში უკეთეს მოედანზე მოგვიწევს თამაში და გუნდიც ბევრად უკეთესია, ვიდრე ბელგია.

პორტუგალიელები გაშლილ, უფრო მრავალფეროვან რაგბის თამაშობენ და ამიტომ სულ სხვა შინაარსის მატჩი გველის".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"სეზონის დაწყება ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ამჯერად კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი უკვე საკმაოდ დაბალანსებულად თამაშობს.

არავის აღუნიშნავს, რომ ნოემბრის ტესტებზე ოთხი ლელო გავიტანეთ და ოთხივე უკანახაზელების ანგარიშზე იყო. თუ ადრე შერკინება თამაშობდა და უკანა ხაზი იდგა, ახლა ასე აღარ არის. დღეს შერკინებამაც და უკანა ხაზმაც თანაბარი სამუშაო გასწია.

ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ".

ერთა თასი
საქართველო-ბელგია 35:0
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (წიკლაური 59), შკინინი, კაჭარავა, შარიქაძე, მაჩხანელი, ხმალაძე (მალაღურაძე 57), ბეგაძე (ხუციშვილი 49). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 47), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 47), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 47), მიქაუტაძე, დათუნაშვილი (ნემსაძე 57), თხილაიშვილი (ნარიაშვილი 75), ჩხაიძე, ბასილაია (კოლელიშვილი 57).
6ლ: მიქაუტაძე, კვირიკაშვილი (2), შარიქაძე, მაჩხანელი, ჩხაიძე. ს,გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: ჟვანია.
ბელგია (15-9) რუსი, მეგრელიძე (მაროტი 74), ბრებანი, პირონი, ჩონგე (ვილიამსი 50), ბრაუნი (დებატი 41), ბროუვერსი. (1-8) მასიმი (მირიალაკისი 41), დინსტი (ფერმიულენი 50), ჟადო (კუემუ 74), ნანა, ჰენდრიკსი (ფრატერი 64), მორელი (ლე კლუ 50), დე მოლდერი, ეპე.
მსაჯი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

რუმინეთი-პორტუგალია 24:0
ესპანეთი-რუსეთი 25:28

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +35 5
2. რუმინეთი 1 1 0 0 +24 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +3 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -3 1
5. პორტუგალია 1 0 0 1 -24 0
6. ბელგია 1 0 0 1 -35 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 6 5 1 0 +109 24
2. რუმინეთი 6 5 1 0 +73 23
3. რუსეთი 6 4 0 2 -3 18
4. პორტუგალია 6 1 1 4 -45 7
5. ესპანეთი 6 0 2 4 -60 6
6. ბელგია 6 0 1 5 -74 5

II ტური
8 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
ესპანეთი-ბელგია

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რეზო110 -ს
პროფესიონალი გულშემაკტივრის პასუხი იყო,
ძნელია არგუმენტის მოძეიბა, რომ საპირისპირო დაამტკიცო.
იყო დრო როდესაც პოლონეთთან ვაგებდით და ჩილეს ვერ ვუგებდით და ლუქსემბრგტანაც კი წაგვიგია, ამ დროს რუმენითი ევროპაში მე-7 გუნდი იყო...
ეს ჩვენ ვიყავით რუმენითის კონკურენტი და არა პირიქით, უბრალოდ ამ კონკურენციაში ბოლო დროს ვჯაბნით, აი ასე თუ გაგრძელდა მომავალშიც, წლების მანძილზე მაშინ გამოდის რომ ქვემოთ მოცემული მიზეზები უკვე ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებულა, არა ერთჯერადად მოკლე ვადაზე გათვლით არამედ სისტემურად.
არ არის რუმინეთი აბუჩად ასაგდები გუნდი, არც აშშ და კანადა და მათზე უკეთესი თუ არა თანაბარი ძალის მქონე, ან ოდნავ უკეთესი გუნდის ყოლა უკვე წარმატებაა.

იტალიასთან და იაპონისთან პაექრობა, ფიჯი და ტონგასთან ჭიდლი - ეს სამომავლო პერსპექტივაა - ეგენი რუმინეთისთვისაც კი ხელმიუწვდომელები არიან.
GiorgiG83
15:29 04-02-2014
0
ცემო ჯიმი, ნამდვილად საინტერესო სტატისტიკაა. ჩემ თავს უფლებას ვერ მივცემ მაგ კითხვაზე პროფესიონალურად პასუხის გასაცემად თუ რატომ გვიჭირს რუმინელებთან. მოსაზრებას კი გამოვთქვავ რაგბის გულშემატკივრის სახელით. ა.რუმინელებს ჩვენზე ბევრად დიდი ტრადიცია აქვთ რაგბის ისტორიის და გამარჯვებების; ბ.მაინც ევროპელები არიან და გაიხსენეთ, თუ 1 მამლუკი 3 ფრანგ ჯარისკაცს ჯობია, 2 მამლუკი 5-ს, აი 10 მამლუკი 10 ფრანგ ჯარისკაცს ან აჯობებს ან ვერა, რადგან მენტალურად მაინც უფრო ორგანიზებულები არიან, შესაძლოა კარგი გაგებით ეშმაკებიც, ჩემი აზრით მეტ-ნაკლებად ჯგუფური/გუნდური აზროვნებითაც გვჯობნიან;გ. ფიზიკურადაც მეტი თუ არა არაფრით ჩამოგვრჩებიან; დ.ინდივიდუალურად კი ერთი თავით მაღლა ისე ვერ ვდგავართ, რომ სხვა მათი უპირატესობები ადვილად გავანეიტრალოდ ე. ჟინით, აზარტით,ტემპერამენტით დიდად არ ჩამოგვრჩევიან, უსრო თავისებურად გამოხატავენ, როგორც სხვა ევროპელები; ვ. სარაგბო ინფრასტრუქტურა ჩვენზე ბევრად კარგი აქვთ, დაფინანსებაც და რაგბისტების რაოდენობაც და სხვა. ყველაფერ ამას თუ ავწონ-დავწონით ჯამში ალბათ ამიტომაცაა რომ გვიჭირს.ამიტომ რაგბი ისეთი სახეა სპორტის, რომ წარმატება საკითხებისადმი მხოლოდ კომპლექსურ მიდგომაშია,შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია და ალბათ არც ახალს არაფერს ვამბობ
რეზო110
11:23 04-02-2014
0

სიახლეები პოპულარული