საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მეორე მატჩი სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ანგარიშით 34:9 გაიმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც პედრო ავილას არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და მანაც
დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც, როგორც პირველში, საჯარიმოს დარტყმის უფლება მასპინძლებმა მოიპოვეს და ავილამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა ამას ორიოდ წუთშივე უპასუხა კვირაკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი - 20:6.

53-ე წუთზე ავილამ მესამედაც იხეირა საჯარიმოთი და ანგარიშში სხვაობა კვლაც შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-60 წუთისთვის მეორე ლელოც გაიტანეს.

შეტევის მარცხენა ფრთაზე კვირიკაშვილმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა - 27:9.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. თამაზ მჭედლიძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, გაირბინა მეტოქის მოედნის ლამის მთელი ნახევარი, შეტევა კი ლელოთი დავით კაჭარავამ დაასრულა. "მეკომ" რეალიზაცია ზუსტად დაჰკრა და 34:9 - "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ მოასწრეს და საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

ევროპის ერთა თასის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 3:34 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს და ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდნენ.

შინ მოუგო ესპანეთის ნაკრებმა ბელგიას - 11:6.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯორჯი მართალია... როცა იცი რომ უეჭველი წაგებული გაქ ან პირიქით მოგებული გაქ ძნელია თამაში... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დაუღლელად მოუგეს, პრემიალურის აღებაც ტექნიკური პრობლემის ბრალი იყო თორე მინიმუმ ერთი ლელო დასადები იყო კიდევ... მოკლედ ბიჭებს წარმატებები და იმედია რუსებს დაანგრევენ როგორც ჩვევიათ :)
PARFIUMER
09:20 10-02-2014
0
მეც მეტს მოველოდი.
ფაქტია ღერძი კვლავ პრობლემაა ჩვენს გუნდში, კიდევ სხვა ბევრი არც თუ უმნიშვნელო დეტალი, მარგამ...
ვიხსენებდი დროს როდესად ვაგებდით ლიხტენშტეინთან, პოლონოეთთან, იგივე პორტუგალიასთან, ურუგვაისთან, ჩილესთან, რუმინეთთან
აშკარად წინ წავიწიეთ, მაგრამ ეს წინსვლა ვერ ეყოფა იტალიას და შოტლანდიას...
უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მომავალს იმედით ვუყურებ, მარგამ ეს მომავალიც უნდა დადგეს (U 21, U 19, U 17)
სანამ ტოპ 14-ში და ფედერალ 1-ში რეგულარულად არ ითამაშებს ჩვენი ბიჭები და ეროვნული რუმინეთის ლიგას არ დაეწევა ხარისხით - დიდი პრეტენზიის უფლება არ გვქონია.

14-13 ადგილის მსურველი გუდი პორტუალიასთან უშეცდომოდ და პრემალიურით, ლაღი რაგბით უნდა იგებდეს.
GiorgiG83
23:59 09-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული