პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მეორე წრეა, მეორე ტურის შეხვედრაში, სტუმრად, ლისაბონში დამაჯერებლად სძლია პორტუგალიის ნაკრებს - 34:9.

დავიწყოთ იმით, რომ ეს "ბორჯღალოსნების" რეკორდული სხვაობით გამარჯვებაა ლუზიტანელებთან სტუმრად გამართულ მატჩებში. აქამდე ყველაზე მეტი, ექვსი ქულით პორტუგალიელებს მათსავე მოედანზე 2010 წელს მოვუგეთ - 16:10. შესაბამისად, 25 ქულით მათი ლისაბონში დამარცხება იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მითი, მათი უხერხული მეტოქეობის შესახებ, დაიმსხვრა და "ლობუშებთან" გამარჯვება საეჭვო აღარასდროს უნდა იყოს.

ერთი საგულისხმო დეტალიც: "ბორჯღალოსნებმა"
ბოლოს პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან 2005 წელს წააგეს. ეს ფაქტი ყველაფერზე თავისთავად მეტყველია.

ცხადია, ჩვენი გუნდის გამარჯვება საეჭვო არც ამჯერად ყოფილა. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, რამდენად დიდი იქნებოდა ქართველი მორაგბეების უპირატესობა მეტოქეზე.

თამაშმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს "ბორჯღალოსნებმა" ნაკლები "სისხლით", ზედმეტი დაძაბვისა და ნერვების მოშლის გარეშე მოახერხეს მეტოქის დამარცხება.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს უკეთესად თამაშიც შეუძლია. ხარვეზი ბევრი იყო, რაც ძირითადად შეტევას აფერხებდა და რამდენჯერმე კარგად წამოწყებული იერიში ჩაგვეშალა. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა დაცვაში. "ლობუშებს" მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ მისცემიათ შანსი, ჩვენს ჩათვლის მოედანს მიახლოებოდნენ.

ერთი სიტყვით, გავრცელებული სენტენცია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია, ყოველ თამაშში ნათლად მტკიცდება. ცხადია, ცოტა უტრირებულია, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიას "სიარულით" მოუგეს.

ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, რამაც, გასაკვირი არ არის, რომ წარმატებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. აღსანიშნავია, რომ სამი ლელოდან სამივე უკანახაზელებმა გაიტანეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ რგოლის მოთამაშეების უდავო პროგრესს.

თამაში ცოტა მძიმედ დაიწყო. სანამ ანგარიშში საგრძნობლად არ დავწინაურდით, ეს კი დაახლოებით 28-ე წუთზე მოხდა, ჩვენს მორაგბეებს ოდნავი ნერვიულობა ეტყობოდათ, რაც თამაშის დალაგებაში საგრძნობლად გვიშლიდა ხელს.

ანგარიში მასპინძლებმა მესამე წუთზე გახსნეს. დერეფანი ჩვენმა გუნდმა მოედნის ცენტრთან ახლოს მოიგო, მაგრამ უკანახაზელებმა ათი მეტრის წესი დაარღვიეს და ფრანგმა არბიტრმა დაგვაჯარიმა. პორტუგალიელთა შუამარბმა პედრუ ბეტანკურმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

ანგარიშის გასათანაბრებლად "ბორჯღალოსნებს" ექვსი წუთი დასჭირდათ. საჯარიმო ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა - 3:3.

ნელ-ნელა გამოიკვეთა ჩვენი გუნდის უპირატესობა შერკინებაში. პორტუგალიელები ჩვენს მორკინალებს ვერაფერს უპირისპირებდნენ და ხშირად ჯარიმდებოდნენ. რამდენიმე შეცდომა ლუზიტანელებს რაკში თამაშისასაც დავაშვებინეთ. შედეგად, კვირიკაშვილმა კიდევ სამი საჯარიმო გაიტანა და 28-ე წუთისთვის 12:3 დავწინაურდით.

ამის შემდეგ გუნდი უფრო თამამად ათამაშდა და უკვე ლელოს გატანაზე დაიწყო ფიქრი. ამის დასტურად აუტში გადატანილი ორი საჯარიმოც გამოდგება.

ტაიმის დასასრულს ერთი წუთი აკლდა. კვირიკაშვილმა საჯარიმო აუტში გადაიტანა. დერეფანი მეტოქის ლელოდან ათ მეტრში გიორგი ჩხაიძემ სუფთად მოიგო. მოლი შევკარით, დავძარით, რამდენიმე მეტრით წინ წავიწიეთ; მერე თამაში რაკში გადავიდა, სადაც პორტუგალიელები ისევ დაჯარიმდნენ. "ბორჯღალოსნებმა" შერკინება მოითხოვეს.

მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მასპინძლებმა თამაშის წესი ისევ დაარღვიეს. არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა. მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ ბურთი სწრაფად გაათამაშა და უკნიდან შეტევაში ჩართულ შუამარბ თედო ზიბზიბაძეს გაატანა, რომლის შეჩერება ერთბაშად სამმა პორტუგალიელმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

კვირიკაშვილმა გარდასახვა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა - 17:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ნახევარი პირველის იდენტურად დაიწყო. სამ წუთში პორტუგალიელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს და ბეტანკურმა ისიც გაიტანა - 6:17. მერე, სამწუთიანი შუალედით "მეკომ" და ბეტანკურმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 9:20.

57-ე წუთიდან მოყოლებული, "ბორჯღალოსნების" უპირატესობა ისევ საგრძნობი გახდა.

59-ე წუთზე მორიგი საჯარიმო კვირიკაშვილმა აუტში გადაიტანა. დერეფანი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ისევ სუფთად მივიგეთ, მოლი შევკარით, რამდენიმე მეტრით წინ წავიწიეთ და მერე ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გავიტანეთ. მორკინალების ერთი დარტყმის შემდეგ ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა მოსხეპით კიდევ უფრო მარჯვნივ კვირიკაშვილი ჩართო იერიშში, რომელმაც ბურთი მეტოქის ათმეტრიანი ნიშნულის ხაზთან მიიღო. ის ცრუ მოძრაობით ორ პორტუგალიელს დაუსხლტა, 22-მეტრიან ზონაში შეაღწია და მარჯვნივ, კიდესკენ გიორგი შკინინს გადააწოდა. ბურთი ერთ-ერთ პორტუგალიელს მოხვდა და ისევ კვირიკაშვილს დაუბრუნდა. მან ლელომდე ისე ირბინა, ხელი ვეღარავინ შეუშალა.

"მეკომ" თავადვე გარდასახა - 27:9. საგულისხმოა, რომ კვირიკაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გუნდს 24 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

ცხადია, ჩვენს გუნდს პრემიალური ქულის აღების შანსიც გაუჩნდა. მით უფრო, რომ 72-ე წუთზე დერეფნიდან წამოწყებული მორიგი შეტევა ისევ ლელოთი დასრულდა. აუტი მარჯვენა ფრთაზე 10-მეტრიან ხაზთან მოვიგეთ. ბასილაიამ ბურთი ხუციშვილს ჩამოუგდო. ამან იქვე მგეზავ ლაშა ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც ცრუ მანევრით გარღვევაზე შეცვლაზე შესული გარემარბი თამაზ მჭედლიძე გაიყვანა. ამან 30 მეტრი ირბინა და მარცხნივ, იქვე მიმყოლ ლაშა მალაღურაძეს გადააწოდა, რომელმაც დაუყოვნებლივ უკეთეს მდგომარეობაში მყოფი შუამარბი დავით კაჭარავა მოძებნა.

გარდასახვა ისევ კვირიკაშვილმა გაიტანა - 34:9.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბორჯღალოსნებს" მეოთხე ლელოს გატანის შანსიც მიეცათ, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო ეს ვეღარ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიალური ქულა ვერ ავიღეთ, საქართველოს ნაკრები ისევ პირველ ადგილზეა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

* * *
ჩვენმა უშუალო კონკურენტმა, რუმინეთის ნაკრებმა მოულოდნელად სტუმრად ბდღვირი ადინა რუსეთის ეროვნულ გუნდს - 34:3. თამაში ტუაფსესთან ახლოს, დაბა ნებუგში გაიმართა.

"სტეჟარიმ" მატჩი შესანიშნავად წარმართა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. ამასთან ერთად, მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანა და ერთი პრემიალური ქულაც მიითვალა. შედეგად, "მუხის ფოთლები" საქართველოს ნაკრებს დაეწია, თუმცა პირველობა ვერაფრით ჩამოართვა.

მორიგ შეხვედრას რუმინეთის ნაკრები შინ გამართავს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან, რომელმაც მადრიდში დიდი გაჭირვებით მოუგო ერთა თასის დებიუტანტ ბელგიის ნაკრებს - 11:6 და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია.

"შავი ეშმაკების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთა თასის ძირძველ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რითაც დაამტკიცეს, რომ მომდევნო ტურში, შინ პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებისა და ერთა თასზე ადგილის შენარჩუნების შანსი აქვთ.

ამასობაში, რუსეთის ნაკრები თბილისში გვესტუმრება და წაგების შემთხვევაში, მეორე ადგილის დაკავების თეორიულ შანსსაც დაკარგავს. შესაბამისად, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასის საგზურს შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვებენ.

ევროპის ერთა თასი. II ტური
პორტუგალია-საქართველო 9:34
პორტუგალია (15-9) აგილარი, ფორუ, ბეტანკური, ლიმა, მარი (ნუნუ 69), მირანდა (სალემა 75), რებელუ (მაგალიაეში 73). (1-8) სეგურადუ (მედეირუში 75), ტაჯერი (კორეია 57), როშა (ალვეში 57), დუშსანტუში, გ. უვა (ბრანკუ 66), ბეკუ, ალმეიდა (და კოშტა 53), ვ. უვა.
3ს: ბეტანკური.
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, შკინინი (მჭედლიძე 66), კაჭარავა, ზიბზიბაძე (მალაღურაძე 66), მაჩხანელი, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 41). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 53), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 53), ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 53), მიქაუტაძე (ნემსაძე 62), დათუნაშვილი, კოლელიშვილი, ჩხაიძე (სუთიაშვილი 62), ბასილაია.
3ლ: ზიბზიბაძე, კვირიკაშვილი, კაჭარავა. 5ს,2გ: კვირიკაშვილი.
მსაჯი: სედრიკ მარშა (საფრანგეთი).

რუსეთი-რუმინეთი 3:34
რუსეთი: ს - კუშნარიოვი.
სინბინი: გერასიმოვი, ოსტრიკოვი.
რუმინეთი: 4ლ - ბურსეა, ლუკაჩი, დუმიტრუ, მანოლე. 2ს,4გ: ვლაიკუ.

ესპანეთი-ბელგია 11:6
ესპანეთი: ლ - კოვაჩევიჩი. 2ს - სნი.
ბელგია: 2ს - ვილიამსი.

ერთა თასი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +60 9
2. რუმინეთი 2 2 0 0 +55 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +2 5
4. რუსეთი 2 1 0 1 -28 4
5. ბელგია 2 0 0 2 -40 1
6. პორტუგალია 2 0 0 2 -49 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 7 6 1 0 +134 28
2. რუმინეთი 7 6 1 0 +104 28
3. რუსეთი 7 4 0 3 -34 18
4. ესპანეთი 7 1 2 4 -55 10
5. პორტუგალია 7 1 1 5 -70 7
6. ბელგია 7 0 1 6 -79 6

III ტური
22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
ბელგია-პორტუგალია
რუმინეთი-ესპანეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
GiorgiG83-ს. გუშინ ისევ ავტვირთე თავიდან იგივე დროს, საღამოს 7 საათისთვის და ჩემდა სამწუხაროდ ისევ არ არის კომენტარი. თუ სიმბოლოებზე და სიტყვების რაოდენობაზეა შეზღუდვა ეგ აღარ ვიცი უკვე, ბევრი დავწერე, ახალი ალბათ არც არაფერი მითქვია რაც არ იცით, მაგრამ მაინც გულდასაწვეტია. რა ხდება ვეღარ გავიგე
რეზო110
17:41 12-02-2014
0
რეზო110 -ს

თუ მოგიხერხდება კომენტარის თავიდან დაფიქსირება სიამოვნებით გავეცნობით.

9 ნომრის და აგრესიული დაცვის პრობლემას, ლეგიონერების ხშირად უთამაშებლობის საკითხს ხომ არ შევხებოდით?
GiorgiG83
16:37 11-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული