rugbyworldcup.com: საქართველოს ერთი სული აქვს, "ოლ ბლექსს" ეთამაშოს

AutoSharing Option
სარაგბო საიტ rugbyworldcup.com-ზე ქართველი ქომაგისთვის საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. სტატია საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრას ეძღვნება, რომელიც მილტონ ჰეიგის შეგირდებმა 22 თებერვალს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს.

* * *
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მსოფლიო თასზე გასვლით მხოლოდ საქმის ნახევარია დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა რუსეთის ნაკრებზე 36:10 გამარჯვებით ინგლისის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებმა" თავიანთ მუდმივ მეტოქესთან - რუმინეთის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეოთხედ შეძლეს მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ყველაფერი 15 მარტს გაირკვევა თბილისში, როდესაც ეს ორი
გუნდი, ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება ერთმანეთს, რათა გამოავლინონ, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვინ მოიხვეჭს ევროპა 1-ის და ევროპა 2-ის სტატუსს.

თუ საქართველო დაამარცხებს რუმინეთს, მაშინ "ბორჯღალოსნები" ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველადგილოსნები გახდებიან და შესაბამისად, მსოფლიო თასზე C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკა 1-ის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებენ.

ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის თქმით, რომელმაც საქართველოს ნაკრების სადავეები ორიოდ წლის წინ გადმოიბარა, ეს იქნება საუკეთესო შედეგი მისი გუნდისათვის.

ჰეიგმა განაცხადა:

"გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება გადასარევი რამ არის. ამით ერთ დასახულ მიზანს უკვე მივაღწიეთ. ახლა მეორე მიზნამდე მიღწევაღა დაგვრჩა, რომელიც მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ჯგუფში მოხვედრას გულისხმობს.

"ოლ ბლექსთან" თამაში ჩემი მორაგბეებისათვის საუკეთესო სარაგბო გამოცდილება იქნება, მაგრამ წინ ჯერ ესპანეთთან გასვლაზე გასამართი თამაშია და უკვე შემდეგ სახლში უნდა მივიღოთ რუმინეთი.

მართალია, ინგლისში მივემგზავრებით, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა - მთავარია, ცხრილში პირველი ადგილი დავიკავოთ."


მძლავრი მეორე ტაიმი
წინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვა მატჩის შედეგად, მხოლოდ ქულათა სხვაობა ანცალკევებს საქართველოს (+160) რუმინეთისაგან (+130), რომელმაც მსოფლიო თასის საგზური ესპანეთთან 32:6 მოგების შემდეგ მოიპოვა.

55 000 გულშემატკივრით ზურგგამაგრებულმა საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო მატჩი, მაგრამ მალე სტუმრების ფრთის მოთამაშემ, ანდრეი ოტროკოვმა შეძლო ქართველი 15 ნომრის, მერაბ კვირიკაშვილის მიერ თავის 22-ში დარტყმული ბურთის დაფარება და მე-11 წუთზე ლელო დადო. დიმიტრი გერასიმოვმა კი გარდასახა.

15 წუთის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ანგარიშში წინ წავიდნენ, მას შემდეგ, რაც ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა აგორებული მოლიდან მძლავრად გადაუარა მოწინააღმდეგეს და ლელოში ბურთი დაამიწა.

კვირიკაშვილმა ლელო გარდასახა და შესვენებამდე მასპინძლების ანგარიში 10:7 გახადა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს დრო უქმად არ დაუკარგავს, რათა მათ და რუსებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო - ვიქტორ კოლელიშვილმა ოფლოუდიდან ბურთი მიიღო და ნაკრების ანგარიშში მატჩის მეორე ლელო ჩაწერა. მალევე ლელო მამუკა გორგოძემ დადო და კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 24:7 გახდა.

რუსეთის ნაკრების მგეზავმა იური კუშნარევმა დროებით შეძლო ქართველთა ტემპის დაგდება, როდესაც 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ იმ საღამოს ეს გახლდათ ბოლო რუსული ქულა "დინამო არენაზე".

მერაბ კვირიკაშვილის მიერ დროულად გადაცემულმა ბურთმა შეტევისათვის კარგი პლატფორმა შეუქმნა თედორე ზიბზიბაძეს, რომელმაც მარცხენა კუთხეში ბურთის დამიწებით პრემიალური ქულა შესძინა საქართველოს ნაკრებს.

მატჩის ბოლო წუთზე მთავარმა არბიტრმა ალექსანდრე რუზიმ მძლავრი და დომინანტი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო ჩათვალა.

წყარო: rugby.ge


ასევე იხილეთ:
საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა, რომ რეიტინგში 20-ლში მყოფ გუნდტან პრემიალური ლელოთი მოგების მიუხედავად რეიტინგში არაფერი შეგვემატა. თუმცა არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ მიზანი მხოლოდ რეიტინგში დაწინაურებაა. მართალია რეიტინგი გარკვეულ წილად ასახავს რეალობას, მარგამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის პროცესებია, რაც ქართულ რაგბიში ხდება და რისკენაც ვისწრაფვით.

ობიექტურად თუ მივუდგებით საკითხს - არგენტინა, სამოა, შოტლანდია, იტალია, ფიჯი და ტონგამდე ჯერ შორსვართ - მე არ ვგულისხმობ პერიოდულ, ერთჯერად წარმატებებს.
ამ ქვეყნებს სტაბილურობისთვის საკმარისი საფუძველი აქვთ (აღარ მივუბრუნდები აქ უამრავჯერ განხილულ პრობლემატიკას, რომლის მოუგვარებლად წინსვლა შეუძლებელია). დღეს ალბათ მიზანი უნდა იყოს აშშ, რუმინეთთან და კანადასთან უპირატესობის მოპოვება - შესაბამისად რეიტინგში ერთით ზედა საფეხურზე პოზიციების გამყარება და იაპონიასთან, ფიჯი და ტონგასთან თანაბრად თამაში და გარკვეული უპირატესობის მოპოვება, რაც აგვიყვანს იმ საფეხურზე რასაც შემდეგი ეშელონი მოყვება - სამოა, არგენტინა, შოტლანდია და იტალია. ამაზე მაღლა ფიზიკურად ვერ ავალთ უახლოესი 10 წლის მანძილზე, ისიც თუ პროგრესი არ შეჩერდება.

გადამწყვეტი ამ ყველაფერში უნდა გახდეს 15-ში, თბილისში რუმინეთის დამაჯერებლად დამარცხება.

რთულია, როდესაც ერთა თასზე მიზნად პირველ ადგილს დაისახავ და ამავე დროს მოსამზადებელ პერიოდად გამოიყენებ, ორივე ერთად არ ხერხდება, თუარადა მიმაჩნა, რომ 19 წლამდელებიდან, 19 წლამდელებს გადაზრდილი ბიჭებიდან ბევრი უნდა მისინჯოს სხვადასხვა პოზიციებზე - საამისოდ ალბათ ივნისში თბილისის ტურნირს გამოვიყენებთ.
მსოფლიოზე კი ორი გამარჯვება ძირეულად შეცვლის რაგბის განვითარების ტენდენციებს, ჩვენ ამისთვის მივდივართ და ამ გზაზე ბიჭები არ უნდა მივატოვოთ.
დროა პროგრესისთვის საჭირო ნაბიჯები უკვე საკლუბო დონზე გადაიდგას, რაც არ უნდა მტკივნეული და ძვირი იყოს ეს ყველაფერი თუნდაც პირველი ნაბიჯების გადადგმისას.
GiorgiG83
13:02 25-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული