ხუთი მითი ქართული რაგბის შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა პროგრესირებს. საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატებები, ცხადია, ჩვენი ქვეყნის რაგბისადმი ინტერესს ზრდის.

უცხოურ მედიაში რაგბის სპეციალისტებმა უკვე ღიად დაიწყეს საუბარი ექვსი ერის გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

ამ გაზრდილი ინტერესის დასტურია ერთი ფრანგი ქომაგის, "ბიმენ 15"-ის მიერ შექმნილი ბლოგი, რომელიც ძირითადად მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ეძღვნება. ვინაიდან ამ დონეზე ჩვენ საუკეთესოები ვართ, ცხადია, ბლოგერის სტატიების დიდი ნაწილი სწორედ ქართულ რაგბის, ჩვენს ნაკრებსა და მორაგბეებს ეხება.

ავტორი თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, რომლებსაც შესაძლოა ყველა ასპექტში არც ვეთანხმებით, თუმცა, ვფიქრობთ, ჩვენი გაზეთის
მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს "ბიმენ 15"-ის წერილიდან - "ხუთი მითი ქართული რაგბის შესახებ".

მითი პირველი: ქართველი უკანახაზელები სუსტები არიან
ეს სენტენცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული როგორც პრესაში, ისე ქომაგებს შორისაც. ხალხი ამბობს, რომ ქართველი უკანახაზელები მეტოქის ხაზს იშვიათად ჭრიან. შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნების" უკანა ხაზის არსენალი მართლაც შეზღუდულია და ამის დანახვას გენიოსობა არ სჭირდება. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ქართველ უკანახაზელებს არ ჰყოფნით სისწრაფე, ფეთქებადობა და შემოქმედებითი უნარი.

თუმცა არ შეიძლება თამაშის მთელი სურათის იგნორირება. ქართველი უკანახაზელები შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში. ამასთან ერთად, ნელ-ნელა ისინი ხელდახელ ბურთაობაშიც პროგრესირებენ. ისეთ ღონიერ მორაგბეებს, დავით კაჭარავა და თამაზ მჭედლიძე რომ არიან, დაემატა ნიჭიერი ახალგაზრდა მერაბ შარიქაძე, მგეზავის პოზიციაზე გამოჩნდა ლაშა ხმალაძე და საქართველოს ნაკრების თამაში უფრო დაბალანსებული გამოდის. მათ ყველა მონაცემი აქვთ საიმისოდ, რათა თუნდაც არგენტინის 2006-2007 წლების ფორმაციის ნაკრების უკანა ხაზის დონეს მიაღწიონ.

მითი მეორე: მთავარ საფრთხეს ქართველების შერკინება ქმნის
ეს სტერეოტიპი საფრანგეთში უხვად მოთამაშე შერკინების ქართველი მორაგბეების გამო ჩამოყალიბდა. ხალხი ელოდება, რომ საქართველოს ნაკრების შერკინება ძალიან მძლავრი იქნება, იმის მიუხედავად, რა შემადგენლობას დააყენებს მწვრთნელი პირველ ხაზში.

სინამდვილეში ეს ასე არ არის. საქართველოში პირველხაზელების პოტენციალი ამოუწურავი არაა.

მეორე ეშელონის გუნდებში, ცხადია, ისინი საუკეთესოები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, ელიტური ქვეყნების გუნდების მორკინალებს მათი არ უნდა ეშინოდეთ. ამის დასტურად შარშან გამართული საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩიც გამოდგება.

მითი მესამე: რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა
ეს ყველაზე მეტად უცნაური მოსაზრებაა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველად 2003 წელს გავიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სარაგბო მოედანი არ არსებობს და შერკინების მხოლოდ ერთი სავარჯიშო დაზგა აქვთ.

დიახ, ნამდვილია, რომ რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

მაყურებელი ნაკრების თამაშზე გაცილებით მეტი დადის, ვიდრე მეორე დონის სხვა ქვეყნებში.

მაგრამ რაგბი სულაც არ არის საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობა. საკმარისია, ოდნავ თვალი შეავლოთ ქვეყნის სპორტულ ცხოვრებას, რომ დარწმუნდებით, ფეხბურთს მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ასევე პოპულარულია კალათბურთი და ჭიდაობის სახეობები.

ამ მითის არსებობის მიზეზი ალბათ ისაა, რომ რაგბი სპორტის სათამაშო სახეობებში მართლაც ყველაზე წარმატებულია. გლობალური მასშტაბით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებები.

მითი მეოთხე: საქართველო და რუმინეთი ერთ სტილში თამაშობენ
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების სათამაშო სტილს შორის განსხვავება მკაფიოა.

ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ ორივე ჯერ კიდევ იყენებს მოლს, როგორც შეტევის იარაღს.

საქართველოს ნაკრები, ძირითადად, ბურთის შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს, ეიმედება რა თავისი მესამეხაზელების - მამუკა გორგოძის, ვიქტორ კოლელიშვილის და დიმიტრი ბასილაიას ოსტატობის.

დიდი ხანი არ არის, რაც "ბოჯღალოსნების" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ცდილობს, თამაში გაშალოს.

რუმინელები შერკინებას უფრო აქტიურად იყენებენ. მთავარი აქცენტი დაცვაზე აქვთ აღებული და ცდილობენ, მეტოქე შეცდომებზე გამოიჭირონ. ქართველები კი შეტევაში ფაზების აკინძვას ამჯობინებენ და ხაზის გაჭრას ლაშა ხმალაძისა და მერაბ შარიქაძის შემოქმედებითი დუეტით ცდილობენ.

მითი მეხუთე: საქართველო იტალიის დონესთან ახლოს არ არის
საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის ერთადერთი შეხვედრა 2003 წელს გაიმართა. მაშინ მატჩის 68-ე წუთზე იტალიელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ - 20:19. საბოლოოდ კი 31:22 გაიმარჯვეს. ეს დიდი სხვაობა არ არის. მით უფრო, რომ იმ დროისთვის ერთა თასზე საქართველო ლიდერი არ იყო. მაშინ რუმინეთი პირველობას არავის უთმობდა.

მას შემდეგ საქართველოს ნაკრები გაიზარდა. პროგრესი აქვს იტალიასაც, მაგრამ მეორე დონის გუნდებთან მათი თამაში გვიჩვენებს, რომ ისინი ძალიან შორს არ არიან. "სკუადრა აძურამ" ყველაზე დიდი ანგარიშით, 20 ქულის სხვაობით აშშ-ის ნაკრებს მოუგო. ისიც იმიტომ, რომ მაშინ 44-ე და 65-ე წუთებზე არბიტრმა ორ ამერიკელ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა.

საქართველო ახლა კანადის, აშშ-ისა და ფიჯის ნაკრებების დონეზე იმყოფება. ამიტომ, კაცმა არ იცის, გამარჯვების რამდენად რეალური შანსი ექნებათ იტალიელებს, მით უფრო, თუ მატჩი თბილისში გაიმართება.

ადგილობრივი ქომაგების მხარდაჭერით, ქართველებმა ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრები დაამარცხეს, რომელმაც ივნისში იტალიას 39:10 მოუგო. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიელი თანატოლები ორჯერ დაამარცხა და ელიტაში მათი ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რა აშორებს საქართველოს ექვს ერამდე - ექსკლუზივი IRB-ის პრეზიდენტთან

rugbyworldcup.com: საქართველოს ერთი სული აქვს, "ოლ ბლექსს" ეთამაშოს
საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
მადლობა თარგმნისთვის, ლინკიც რომ დაგედოთ უკეთესი იქნებოდა...
saba
02:22 28-02-2014
0
ლინკი დადეთ ხოლმე რა, სირცხვილია
Erekle
20:43 27-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული