"იმ ქომაგს მივმართავ, ვინც ასე ფიქრობს - რაგბი რაიმე სხვა სფეროში ხომ არ გერევათ?"

AutoSharing Option
ნოემბრის სარაგბო ციებ-ცხელება გრძელდება. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი შინ ტონგას ნაკრებთან წააგო და ახლა დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან სათამაშოდ ემზადება.

ტონგელებთან მარცხმა რაგბის ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამდენად, საინტერესოა სპეციალისტებისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელების მოსაზრება ამ და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

ამჯერად, რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძესა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, დიმიტრი ობოლაძეს ვესაუბრეთ.

- ტონგას ნაკრებთან მარცხმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მიაჩნიათ, რომ დროა ტონგას ნაკრებს თბილისში მოვუგოთ...

გიორგი ნიჟარაძე
: ტონგას ნაკრებთან იმიტომ წავაგეთ, რომ იმ დღეს ჩვენზე უკეთესი
გუნდი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. ზოგადად რომ შევხედოთ ამ ამბავს, როგორც ჩანს, კიდევ არაერთხელ მომიწევს უკვე ნათქვამის გამეორება.

ახლაც ვიტყვი. ქართული რაგბის განვითარების ისტორიას აქვს ეტაპები. იყო ეტაპი, როცა ჰოლანდიასთან, პოლონეთთან და მსგავსი დონის გუნდებთან ვაგებდით. მათთან თამაში ძალიან სწრაფად ვისწავლეთ და ახლა ეს გუნდები აღარც გვახსოვს.

შემდეგი ეტაპი იყო ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის ჩართვა. იქ ესპანეთს, პორტუგალიას, რუსეთს, რუმინეთს, ჩეხეთს ვეთამაშებოდით და თავიდანვე ყველას "ვერ ვანგრევდით". ამ წლების განმავლობაში შევძელით და ამ დონის გუნდების ლიდერთან, რუმინეთის ნაკრებთან დადებითი ბალანსი შევქმენით.

ამის შემდეგ, პირდაპირ დავბომბეთ IRB, რათა უკეთესი დონის გუნდებთან თამაშების საშუალება მოეცა. რაც შეიძლება ხშირად გვეთამაშა მათთან, რათა კიდევ უფრო განვვითარებულიყავით და წინ წავსულიყავით.

აქ, ეგრეთ წოდებულ მეორე დონის გუნდებში შედიან ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ, კანადა, იაპონია. მათ დავემატეთ ჩვენ და რუმინეთი. დავიწყეთ მათთან თამაში სულ რაღაც სამი წელიწადია. ეს არის ჩვენი განვითარების ახალი ეტაპი და, ისე, როგორც სხვა განვლილ ეტაპებზე, ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ. ამას ყველა უნდა შევეგუოთ, სხვანაირად არ იქნება.

კარგია, ისეთი დონის გუნდთან მარცხი, ტონგა რომ არის, ასეთ აჟიოტაჟს იწვევს. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ მოთმინებით აღვიჭურვოთ. ჩვენ გვჭირდება სამი-ოთხი წელიწადი საიმისოდ, რომ მათ კლასით გავუთანაბრდეთ და ვაჯობოთ.

თამაშის წაგების მიზეზებზე დეტალურად პროფესიონალებმა უნდა ისაუბრონ. ვფიქრობ, იმიტომ დავმარცხდით, რომ მთელი თამაში დაცვაში ვიდექით, მეტოქეს ბურთი და სივრცე მივეცით.

მიუხედავად დაცვაში კარგი თამაშისა, ბოლო 15 წუთში, როცა კაცნაკლულნი დავრჩით, ძლიერმა მეტოქემ თავისი უპირატესობა ქულებად აქცია. მოედანზე არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ლიდერობას იკისრებდა.

მერე, ამდენი წამყვანი მოთამაშის არყოფნა ასეთი დონის გუნდთან საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრია. კარგი ის არის, რომ ტონგას ნაკრებმა ჩვენი ძლიერი მხარეები ვერ ნახა.

მსოფლიოს თასზე ისევ შევხვდებით და მერე ვილაპარაკოთ. იქამდე ერთი წელიწადია. ეს თამაშიც და ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდება, მსოფლიოს თასისთვის მზადებას ემსახურება.

დიმიტრი ობოლაძე: ვერ ვიხსენებ, ტონგას ნაკრებმა პირველ ტაიმში ასე ცოტა ქულა კიდევ რომელ მატჩში აიღო. ეს ის გუნდია, რომელიც ღია, ტექნიკურ და სწრაფ რაგბის თამაშობს.

ტონგელები ერთთავად შეტევაზე არიან დაგეშილნი. თანაც, კონსულტანტად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, სამხრეთაფრიკელი ჯეკ ვაითი ჰყავთ.

80 წუთი დაცვაში თამაში ძალიან ძნელია. ლელოები ელემენტარული შეცდომების გამო მივიღეთ.

ძალიან კარგი, ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო, ირლანდიასთან თამაშიც კარგი გაკვეთილი იქნება და ყველა სხვა დანარჩენიც. მთავარია, ეს გაკვეთილები ვისწავლოთ და გამოცდა მსოფლიოს თასზე კარგად ჩავაბაროთ.

- უკვე ითქვა, რომ გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა ტრავმების გამო. გულშემატკივრების ნაწილს საეჭვოდ მიაჩნია ტესტებისას ასეთი ხშირი ტრავმიანობა. ფიქრობენ, რომ მორაგბეები ნაკრებში თამაშს თავს არიდებენ...

გიორგი ნიჟარაძე: მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა შეურაცხმყოფელია, პასუხს მაინც გაგცემთ.
იმ გულშემატკივრებს მივმართავ, ვინც ასე ფიქრობს - რაგბი რაიმე სხვა სფეროში ხომ არ გერევათ?

უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმისა, გამოუვალი მდგომარეობის გამო ბიჭებს მძიმე ტრავმით, მათივე დაჟინებული თხოვნით, გამაყუჩებლების დახმარებით უთამაშიათ, როცა ეს საქართველოს ნაკრებს სჭირდებოდა.

ნუ გვავიწყდება, ჩვენი მორაგბეები სად თამაშობენ და როგორ ექსპლუატაციას უწევენ მათ. ნახეთ, თითოეულ ამ კლუბში ერთ პოზიციაზე რამდენი მორაგბე ჰყავთ აყვანილი. რატომ? იმის გამო, რომ რაგბია, ტრავმიანი სპორტია და მოთამაშეების ხშირი როტაცია სჭირდებათ.

შეიძლება ვინმემ თქვას, ჩამოვიდნენ და გუნდთან ერთად იყვნენო. ჰო, მაგრამ, ეს ბიჭები მკურნალობენ, ყოველდღე გადიან ექიმებთან მკურნალობის კურსს. ჩვენ რა გვინდა, "იჯიგრონ", გუნდთან ერთად იყვნენ და მათი გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელოს, თუ დროულად და სრულყოფილად იმკურნალონ და მწყობრში ჩადგნენ?

იმედია, ის ჯგუფი გულშემატკივრებისა, ვინც ეჭვობს, უმცირესობას წარმოადგენს.

- მომავალ უქმეებზე არანაკლებ მძიმე მატჩი გველის დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან...

გიორგი ნიჟარაძე: ტონგასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ირლანდია სამჯერ და მეტჯერ აღებული ტონგაა. "სამყურებმა" გასულ უქმეებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მესამე გუნდია, 14 ქულის სხვაობით მოუგეს. და რა უნდა ქნან ახლა, სამხრეთ აფრიკაში რაგბი უნდა გააუქმონ?

ძალიან დიდი ალბათობით, დუბლინში ჩვენც წავაგებთ. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ის ბიჭები, ვინც დღეს ნაკრებში არიან, ბოლომდე იბრძოლებენ. ეს თამაში ძალიან გვჭირდება. ეთამაშო ირლანდიის ნაკრებს "ავივა სთედიუმზე", დიდი პატივია.

ახლახან გულშემატკივრების ჯგუფი შემხვდა ქუჩაში. მათაც მკითხეს, რატომ ვერ მოვუგეთ ტონგას, მოვიგებთ თუ არა ირლანდიაში. მესმის, რომ უყვართ საქართველოს ნაკრები, შეეჩვივნენ მოგებებს, მაგრამ, ხალხო, ჩვენ დღეს სულ სხვაგან, სხვა დონეზე ვართ.

დაივიწყეთ 2007 წლის მატჩი. ის ირლანდიის ნაკრები და დღევანდელი გუნდი სრულიად სხვადასხვა დონისაა. ამ შეხვედრაში ჩვენი ბიჭები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, ბევრ რამეს ისწავლიან.

დიმიტრი ობოლაძე: არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს გულშემატკივრებს წინასწარ ვამზადებთ მარცხისთვის, თითქოს წასაგებად ვართ მზად. ეს ასე არ არის. ჩვენ მზად ვართ სათამაშოდ. საქართველოს ნაკრების ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ მუდამ ბოლომდე იბრძვის და მარცხს არასდროს ეგუება.

ამ ბიჭებისთვის, ვინც დღეს ნაკრებშია, ირლანდიის ნაკრებთან თამაში "ავივა სთედიუმზე" დიდი პატივია. ეს ერთეულების ხვედრია.

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ იაპონიის ნაკრები გვსტუმრობს, რომელთანაც რევანში გვაქვს ასაღები...
- იაპონიის ნაკრები ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გუნდია. ამ ქვეყანაში სერიოზული ყურადღება ექცევა რაგბის განვითარებას. აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ჭკვიანურად გათვლილი პროგრამა.

ისინი 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლობისთვის ემზადებიან და იქ სერიოზული მიზნებიც ექნებათ დასახული.

იაპონიის ნაკრებს ძალიან კარგი მწვრთნელთა შტაბი ჰყავს. გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ძალიან ძლიერი ნატურალიზებული მორაგბე თამაშობს. აქვთ თავიანთი სათამაშო სტილი, უტევენ ნებისმიერი წერტილიდან, არიან სწრაფები, კარგად ორგანიზებულნი და ტექნიკურები.

ერთი სიტყვით, შედეგის მიუხედავად, ნოემბრის ტესტებზე გამართულ ამ სამივე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი განვითარებისა და მსოფლიოს თასისთვის მზადებისათვის.

- ახლახან თბილისს რაგბის საერთაშორისო საბჭოს კომისია სტუმრობდა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე მუშაობს...

გიორგი ნიჟარაძე: კომისიამ ხუთი დღე იმუშავა რაგბის კავშირთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად. ამ მასშტაბის შეჯიბრება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ტურნირი 140 ქვეყანაში უნდა გადაიცეს ტელევიზიით და მილიარდნახევარზე მეტი მაყურებელი ეყოლება.

კომისიამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო. მას რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარუდგენენ და თუ დადებითი დასკვნა იქნება, დეკემბერში თბილისში განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი გვეწვევა.

ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და თუ დამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებს, გამორიცხული არ არის, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება ტენდერის გარეშე მოგვცენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 11 /
გეთანხები ,სწორი და მართებული მსჯელობააა!
glaxuna
15 ნოემბერი 2014 14:14
0
მე ძალიან მაგრად მჯერა ჩვენი კაცები ანო ბორჯღალოსნები მსოფლიოზე ტონგას მოუგებენ ინტრიგებს კიდე თავი დავანებოთ
მერაბი
14 ნოემბერი 2014 23:29
0
შენ ჩემო ძმაო ნიჯარაძე სიჭინავაში ხო არ შეგეშალა? ადრესატი აშკარად შეგეშალა მე არ მეგულება ადამიანი მორაგბეებზე ეგეთ რაგაცას რო ფიქრობდეს შენ გარდა და შენ აზრს გულშემატკივრებს ნუ აბრალებ.
giorgi xachidze
14 ნოემბერი 2014 20:25
0
ბესო საიდან მოიტანე ეს კითხვა, თან ეს კითხვა სხვა ინტერვიუშიც დასვი, რაზეც გულშემატკივრები სამართლიანად აღშფოთდნენ. ეს არაპროფესიონალიზმია და ბირჟაზეც კი არავის ექნება ეგეთი სისულელე ნახსენები არათუ სადმე დაწერილი, იმიტორო მოპასუხისგან მინიმუმ დაცინვას მიიღებდა.
ქარ
14 ნოემბერი 2014 18:36
0
მაგ კითხვის დამსმელს ნამდვილად ეშლება რაგბისტები კონკრეტულად ფეხბურთელებში და სავარაუდოდ თვითონაც ვაი-ფეხბურთელია.
შეიძლება რაგბის წესები კარგად არ ვიცი, მაგრამ კაცი იმას თუ ვერ ხედავ რა გულით თამაშობენ ჩვენი ბიჭები, წადი დაგვანებე თავი სანამ სხვა რამ წამოგვცდენია ....
ქუთაისი
14 ნოემბერი 2014 17:56
0
ვაღიაროთ რომ ტონგა კლასით ჩვენზე ძლიერი გუნდია და ხელით თამაშიც უკეთ ეხერხებათ. იქ საუკუნეა რაც რაგბის თამაშობენ, ჩვენთან კი რამდენიმე ათეული წელია. ჩვენი ნაკრების მსოფლიო თასზე გასვლაც ჩვეულებრივი ამბავი გვგონია და მათგან უფრო მეტს ვითხოვთ. რაც შეეძლოთ ითამაშეს, თავი არ დაუზოგავთ. რას ვიზამთ, ჩვენზე ძლიერებიც არიან. მსოფლიო თასამდე 10 თვეა და იმედია უკეთ მომზადებულები ჩავლენ ინგლისში. ისე ცოტა სარაგბო კულტურაც გვაკლია. როცა ტონგა, სამოა ან ფიჯი თავის საბრძოლო რიტუალს ასრულებს, სტვენა და ყვირილი არ შეიზლება!!!! არაუშავს. ამასაც ვისწავლით.
barka
14 ნოემბერი 2014 17:44
0
წარმატებები ბიჭებს! ხან მოვიგევთ, ხან წავაგებთ! სულ ყველას და ყველგან, რომ ვერ მოვუგებთ ცხადია, მითუმეტეს ტონგას და სამოას და მათ დონეზე მობურთალ გუნდებს. ჩვენ გვავიწყდება ვისთან გვქონდა აქამდე თამაშები, ბატონმა გიორგიმაც ისაუბრა ამაზე, მათთან ამ გუნდების შედარებაც არ შეიძლება, თუმცა არც ის დროა არ არის შორს, როდესაც ამათაც ისევე მოვუგებთ, როგორც დღეს რუმინეთს ვუგებთ, მე ამის მჯერა! ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი რაგბის კავშირი, რომელიც ჩემი აზრით სამაგალითოა მთელ ქვეყანაში, და ის ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან. რაც შეეხება ამ კითხვა, რომელმაც გაიჟღერა! მე ბატონ გიას დავეთანხმები და ამ კითხვის ავტორს აშკარად ეშლება სპორტის სახეობები!!!
dato
14 ნოემბერი 2014 17:03
0
მახინჯი აზროვნების ნაყოფია ეს კითხვა
zzz
14 ნოემბერი 2014 16:38
0
ეგ იმის ბრალია რომ ყველას თავი პროფესორი ჰგონია.
კარგით რა ხალხო, რას ერჩით ამ ბიჭებს. იონეს წააგეს, გაითვალისწინებენ შეცდომებს და მოიგებენ. და კიდევ რა ნაკრებში არ ჩამოსვლა, მართლა შეურაცმყოფელია ეს ყველაფერი.
giorgi
14 ნოემბერი 2014 16:18
0
ბესიკ ჯანგავაძე
რამდენჯერმე გაიმეორე ძალიან შეურაცხმყოფელი კითხვა კერძოდ :
"- უკვე ითქვა, რომ გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა ტრავმების გამო. გულშემატკივრების ნაწილს საეჭვოდ მიაჩნია ტესტებისას ასეთი ხშირი ტრავმიანობა. ფიქრობენ, რომ მორაგბეები ნაკრებში თამაშს თავს არიდებენ..."

მოვითხოვ შენგან ან იმ გულშემატკივრების მიერ გაკეთებული კომენტარები და მოსაზრებები გაასაჯაროვე კონკრეტული ლინკებით და ფაქტებით და არა ბირჟაზე ნათქვამი ვიღაცის მიერ ყურმოკრული ჭორაობები. ან არადა საჯაროდ ბოდიში მოიხადე ამ ცილისწამებისათვის (ნამდვილი გულშემატკივრების მიმართ). ძალიან ემსგავსება მიზანმიმართულ კამპანიას ამ კითხვის "ჩახვევა".

თუ წარმოადგენ ამის დამამტკიცებელ კომენტარებს თუნდაც ვიდეოებს მაშინ ძალიან გთხოვ ამ ადამიანებს გულშემატკივრებად ნუ მოიხსენიებ.
otia-83
14 ნოემბერი 2014 15:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული