გერმანელები: საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების შანსი არ გვაქვს, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 7 თებერვალს გერმანიაში, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ტურის მატჩში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩვენმა მორაგბეებმა საწვრთნელი შეკრება საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე გაიარეს.

თამაშამდე ორი დღით ადრე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოთხითერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მატჩსა და თავისი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია, ყოველი მატჩი განვითარებისთვის გამოვიყენოთ. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში გვინდა დავამტკიცოთ, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ.

საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ახალი მოთამაშეები ძველებთან ინტეგრაციას. მით უფრო, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, ქართველი მორაგბეები საფრანგეთისა და ინგლისის უძლიერეს კლუბებში
ასპარეზობენ.

მატჩამდე დარჩენილ დროში ვეცდებით, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. განსაკუთრებით საინტერესოა არგენტინული წარმოშობის გარემარბი ალან კესენი. ის ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. მოვიხიბლე მისი მონაცემებით, მას შეუძლია ჩვენი გუნდის გაძლიერება.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გამარჯვების შანსი არ გვაქვს, გვინდა, სტარტი ღირსეულად ავიღოთ", - დასძინა მან.

გერმანიის ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი 1920 წელს საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში კონტინენტური ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. მერე გერმანული რაგბი ნელ-ნელა დაუძლურდა.

ყოფილ ერთა თასის გათამაშებაში გერმანიის ნაკრებმა 2009-10 წლებში ითამაშა. "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში სტუმრად, ჰაიდელბერგში 38:5 მოიგეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მეტოქეს 77:3 ვძლიეთ.

ამჯერადაც, პირველი მატჩის გამართვა სტუმრად, ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰოიზენშტამში გვიწევს.

მილტონ ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში ორივე დებიუტანტი დააყენა - ბოლნისის "ყოჩების" გარემარბი ალექსანდრე ხუციშვილი და თბილისის "არმაზის" ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.

ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძე დადგება. კლუბში კვაჭად მრავალგზის გამოცდილ ზურაბ ჟვანიას ნაკრებში ამ პოზიციაზე პირველად ვიხილავთ. მოკეთდნენ და გუნდს დაუბრუნდნენ დავით ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.

"მწვრთნელებმა გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავი გუნდი შევარჩიეთ. მოუთმენლად ველით მათ ერთობლივ თამაშს.

საფრანგეთში მზადების პროცესი ცოტათი თოვლმა შეგვიფერხა, მაგრამ შაბათს გერმანიის ნაკრების მიმართ სწორი მიდგომით, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ.

გერმანიის ნაკრები წლეულს გადმოვიდა ჩვენს დივიზიონში და შესაბამისად, საკმაოდ თავდაჯერებულად ითამაშებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბოლოს იმ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ. ამიტომ ნაკლებად თავდაჯერებულები არც ჩვენ ვიქნებით", - თქვა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალი კაპიტანი ჯერ არ დასახელებულა. მისი ვინაობა დღეს, კაპიტნის ვარჯიშის წინ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 7 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო
15. გიორგი აფციაური, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
:D ეეეეე,ნეტა აქ რო გვაქ პალაჟენია და ბეგრაუნდი,ფეხბურთში და პოლიტაიკაში გვქონდეს ისე.......
davidbe
09:26 07-02-2015
0
მატჩზე დასწრება აუცილებელია ფეხბურთელებისათვის!!!!
მე
11:11 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული