"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომლის ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 11 ცვლილებაა.
ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა (სტად ფრანსე), ვასილ კაკოვინს (ტულუზი) კი მუხლის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ტრავმები სერიოზული არ არის. აქედან გამომდინარე, ორივე მოთამაშე, სავარაუდოდ, ორ ან სამკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჩადგება მწყობრში.
ახლა ცვლილებების თაობაზე: პირველ ხაზში ორივე ბურჯი შეიცვალა. პორტუგალიელების წინააღმდეგ კარლენ ასეიშვილი (ბრივი) და ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ითამაშებენ. შეიცვალა
მესამე ხაზში პირველი მატჩის შემდეგ მხოლოდ კაპიტანი შალვა სუთიაშვილი (მასი) ითამაშებს.
ჰეიგმა ფლანკერად დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ხოლო შერკინების შემკვრელად ლაშა ლომიძე (ბეზიე) დააყენა.
უკანა ხაზში იგივენი მხოლოდ შუამარბები - დავით კაჭარავა (ენისეი) და მერაბ შარიქაძე (ორიაკი) იქნებიან. სხვა დანარჩენს გერმანელებთან ან არ უთამაშიათ, ანაც შეცვლაზე შევიდნენ მოედანზე.
ესენი არიან: ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე (ყოჩები), მგეზავი ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი (ვალანსი) და გარემარბები - მურაზ გიორგაძე (არმაზი) და თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
"მოუთმენლად ველით 2015 წლის პირველ საშინაო მატჩს. პორტუგალია ჩვენთვის რთული მეტოქეა. ამიტომ იოლი თამაში ნამდვილად არ გვექნება.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ თამაში და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად განვაგრძობთ ამ პროგრესს.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში 11 ცვლილება განვახორციელეთ, პორტუგალიელებთან მატჩისთვის მაინც მოვახერხეთ ძლიერი და გამოცდილი გუნდის დაყენება.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ თითოეულ პოზიციაზე არჩევანის გაკეთება უკვე რამდენიმე მოთამაშეს შორის შეგვიძლია. სასტარტოში ნებისმიერ პოზიციაზე უკვე დიდი კონკურენციაა, რაც იმის დასტურია, რომ სამი წლის წინათ წამოწყებული განვითარების პროგრამა ნელა-ნელა შედეგს გვაძლევს", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
13 თებერვალს გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ, მატჩი კი 14 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება - ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილია.
საქართველო
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.
პორტუგალია
ბრუნო მედეიროში, დიეგო ფან დენ ტორნი, ფრანსისკუ აპლეტონი, ფრანსისკუ მაგალიაეში, მიგელ ვილასა, ნუნო კოსტა, ტომას აპლეტონი, ტომაშ ნორონა (ყველა-კდული), ბრუნი როჩა, დუარტე მარკესი (აეის ტექნიკო), დავიდ დოს რეისი (შატორენარი), ფრანსისკუ ფერნანდესი (ბეზიე), ჟულიენ ბარდი, პედრო ავილა (ორივე-სკლერმონი), მანუელ მურტეირა (აგრონომია), მანუელ პერეირა (დირეიტო), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), მაიკ ტაჯერი (მასი), ნუნო ტაფული, სალვადორ ვასალო (ორივე-კასკაისი), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), ვასკო უვა (დირეიტო).
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
14 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, გერმანია-რუსეთი, რუმინეთი-ესპანეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"