რუმინეთი-საქართველო 6:15 - ეს ჩვენთვის საკმარისი აღარაა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"ყველანი ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. ჩვენ გვჭირდება ეს გამარჯვება. ხალხს სჭირდება ეს გამარჯვება. ხომ ნახეთ, რამდენი გულშემატკივარი მოვიდა რუსეთთან თამაშზე.

ამ თამაშს რომ მოვიგებთ, ყველა გაიგებს და ყველას ბედნიერების ცრემლი მოადგება თვალზე, ისე, როგორც ჩვენი მშობლების თვალებზე გვინახავს და გვიამაყია ამით.

მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ ხალხი გავახაროთ, იყვნენ ამაყები. მათ აქვთ ამის უფლება.

ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა. ამხელა არმია დგას ჩვენ უკან, ამდენი გულშემატკივარი გვყავს, ერთი წამითაც არ ჩავიმუხლოთ. თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, მოვიგებთ ამ თამაშს", - ასე მიმართა
თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გასახდელში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტში, ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს 15:6 მოუგეს და პირველობა არავის დაუთმეს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა "სლემი" შეასრულა, ანუ ყველა მატჩი მოიგო. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა "ანთიმოზ ივერიელის თასიც" შეინარჩუნა, რომელიც მხოლოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრებს ჩვენი გუნდისთვის 2010 წლის მერე აღარ მოუგია. ეს გამარჯვებაც იმის დასტურია, რომ ყოფილი "ერთა თასის" გათამაშებაზე ასპარეზობა ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

რუმინეთთან ამ გამარჯვებამ კიდევ ერთი არგუმენტი უნდა მოგვცეს ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე. ამ ტურნირის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა შინ დიდი ანგარიშით წააგო უელსის ეროვნულ გუნდთან - 20:61. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს კლასიფიკაციაში "სკუადრა აძურას" გადაასწრო და ახლა მე-14 ადგილზეა. ეს ამბავი დღეს დადასტურდება, როცა "მსოფლიოს რაგბი" ოფიციალურ კლასიფიკაციას გამოაქვეყნებს.

იქამდე კი იტალიელები "გლოვას მისცემიან". აი, რას წერს ერთ-ერთი იტალიური სარაგბო ვებგვერდი:

"უელსთან რომ სასტიკად დავმარცხდით, ეს ერთია. ახლახან ბუქარესტიდან მეორე ცუდი ამბავი მოვიდა: ექვსი ერი B-ს გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მოუგო - 15:6. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მსოფლიოს რეიტინგში ქართველები გაგვასწრებენ.

სავარაუდოდ, იტალიას 71,24 ქულა ექნება, საქართველოს კი 72,15 ქულა დაუგროვდება.

გასაგებია, რომ რეიტინგი პირობითობაა და ბიბლია არ არის, მაგრამ ის ლაკმუსის ქაღალდია, გვიჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ნაკრები. საქართველო არასდროს ყოფილა ჩვენზე წინ და იტალია არასდროს ყოფილა რეიტინგში მე-15".

აი ასე, დროა, ამ გუნდთან ხშირად გვათამაშონ და ვნახოთ, ვინ უფრო იმსახურებს ელიტაში ყოფნას.

ახლა კი ბუქარესტში დავბრუნდეთ. რუმინელები წლეულს არასტაბილურად თამაშობდნენ, რუსებთან კი, კრასნოდარში, სულაც დამარცხდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის, როგორც ყოველთვის, საგანგებოდ მოემზადნენ. ეს თამაშის დასაწყისშივე ნათლად გამოჩნდა. "სტეჟარიმ" მოედნის საკუთარ ნახევარზე მოლი შეკრა და მოგვეძალა. მართალია, მასპინძლებმა რამდენიმე მეტრით წინ წაიწიეს, მაგრამ მოლის დაშლა მაინც შევძელით.

მერე ნელ-ნელა თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანეთ. მე-10 წუთზე შუამარბმა მერაბ შარიქაძემ დაცვის ხაზი გაჭრა და ლელომდე ხუთ მეტრში შებოჭეს. რაკიდან ბურთი გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში შეაღწია, თუმცა ბურთის დამიწება ვერ შეძლო.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. რუმინელების ლამის პირველი შეტევა საჯარიმო დარტყმით დასრულდა. "სტეჟარის" ცხრა ნომერმა ვალენტინ კალაფეტეანუმ გუნდს სამი ქულა კი შესძინა, მაგრამ მერე, მოგვიანებით, სამი საჯარიმოს გატანა ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში საჯარიმოთივე ოთხ წუთში გაათანაბრა - 3:3. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა ზეწოლას აძლიერებდა. რუმინელები, ისე, როგორც არასდროს, შერკინებაში აშკარად დავჯაბნეთ, თუმცა მატჩის არბიტრმა რამდენჯერმე გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და "ბორჯღალოსნები" დააჯარიმა.

საგრძნობლად გამოსწორდა თამაში დერეფანში, რაც შერკინების კვაჭის, ირაკლი ნატრიაშვილის ნაკრებში დაბრუნებას უნდა მივაწეროთ. ამასთან ერთად, შესანიშნავად გაისარჯნენ მხტომელებიც. მარტო მამუკა გორგოძემ რამდენჯერმე შეძლო მეტოქის დერეფნის წამოღება, რამაც მატჩის მსვლელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

პირველ ტაიმში კვირიკაშვილმა, რომელიც ისედაც შესანიშნავად ირჯებოდა, კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით წავედით - 9:3.

მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობას მთლიანად საქართველოს ნაკრები დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იოტისოდენა შანსიც არ ჰქონიათ. დაცვაში თითქოს ცუდად არ იდგნენ, ხაზის გაჭრის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ ზოგჯერ ამას წესის დარღვევით ახერხებდნენ. ამისთვის კვირიკაშვილმა "სტეჟარი" კიდევ ორჯერ დასაჯა და 63-ე წუთზე 12 ქულით დავწინაურდით - 15:3.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასრულებამდე დრო საკმარისად ბევრი რჩებოდა, ნათელი გახდა, რომ მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდებოდა. რუმინელები ლელოს გამტანნი და მატჩის მსვლელობის სათავისოდ მიმბრუნებელნი არ ჩანდნენ. მეტიც, მათ ერთი სალელოვე შეტევის განხორციელებაც ვერ შეძლეს.

ერთადერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ეს 66-ე წუთზე საჯარიმოს გატანაა. ამჯერად კარში რუმინელთა მგეზავმა დანუც დუმბრავამ დაარტყა - 6:15.

დარჩენილ 14 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ბორჯღალოსნებმა" მორიგი, დამსახურებული გამარჯვება მიითვალეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015. V ტური
რუმინეთი-საქართველო 6:15
რუმინეთი (15-9): ბოტეზატუ, აპოსტოლი, დესკალუ, გალი, მანოლე, დუმბრავა, კალაფეტეანუ (სურუჯუ 67). (1-8) ლაზარი (ცერუში 67), ტურაშვილი (რადოი 74), ა. ურსაკე (პუჯა 48), კოსტე (პოპირლანი 67), სირბე, ლუკაჩი (ბურეა 37), ვ. ურსაკე, მაკოვეი.
2ს: კალაფეტეანუ, დუმბრავა.
სინბინი: ბოტეზატუ.
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 70). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 62), ნატრიაშვილი (ჟვანია 58), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 62), ნემსაძე (დათუნაშვილი 58), მიქაუტაძე, სუთიაშვილი (ლომიძე 67), თხილაიშვილი (ბიწაძე 60), გორგოძე.
5ს: კვირკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე.
მსაჯი: გარი ქონვეი (ირლანდია).

სხვა მატჩები
ესპანეთი-გერმანია 48:16
ესპანეთი: 7ლ - გოია (2), რუე (2), გრამატიკო, ბარერა, რეკუერდა. 5გ,ს - ლინკლეიტერი.
გერმანია: 2ლ - პილა, მანავატუ. 2ს - ჰილსენბეკი.

რუსეთი-პორტუგალია 21:8
რუსეთი: 2ლ - პანასენკო, შერბანი. 3ს,გ - კუშნარიოვი.
პორტუგალია: ლ - ვასალო. ა - კოშტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ მესმისს, რატომ გვიხარიაა რუმინეთთან მოგებაა,ამ ნაკრებსს გაცილებით მეტი შეუძლიაა. რუმინეთი არაფერია ამთთაან
ghjhjkhk
20:37 23-03-2015
0
გენაცვალეტ ბიჭებო, ტქვენ ჩვენი სიამაყე ხარტ!!!
ერტადერტი სიამაყე რაც საქარტველოს დღეს გააჩნია, გაიხარეტ და სულ წინ გევლოტ!!!

გვიყვარხარტ, მადლობა
anouk
15:50 23-03-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული