"ბორჯღალოსნებს" ბრისტოლის წმინდა გიორგის ტაძარში "ველქამ ფართის" გაუმართავენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასისთვის მზადებას პოლონეთში განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" აქ 15 აგვისტომდე დაჰყოფენ და ისევ სამშობლოში დაბრუნდებიან.

იქამდე კი შეჯიბრების ორგანიზატორებმა "ველქამ ფართის" განრიგი და ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობა დაადგინეს.

საქართველოს ნაკრების ბაზა ბრისტოლში იქნება, სადაც ჩვენი გუნდი 13 სექტემბერს ჩავა. მეორე დღეს კი ადგილობრივ წმინდა გიორგის ტაძარში ბრისტოლელები ჩვენს ბიჭებს "ველქამ ფართის" გაუმართავენ.

ქართველ მორაგბეებს მასპინძლობას "წმინდა ბრენდონის" სახელობის კოლეჯის მოსწავლეები გაუწევენ.

"ველქამ ფართი" მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. აქ ხდება სტუმარი გუნდისა და ადგილობრივი ქომაგების დაახლოება, დამეგობრება.
სწორედ ამის შემდეგ გახდება უამრავი ბრისტოლელი "ბორჯღალოსნების" გულშემატკივარი.

2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე "ველქამ ფართი" საქართველოს ნაკრებს ქვინზთაუნში, "სკაი ლაინზე" გაუმართეს. შეხვედრა ძალიან საინტერესო, მეგობრული და იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ის ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შორეულ კუნძულებზე გატარებული დღეებიდან. სწორედ იმ "ველქამ ფართიზე" შეექმნათ დადებითი წარმოდგენა ადგილობრივ მოსახლეობაზე ჩვენს მორაგბეებს.

ერთი სიტყვით, ინგლისში წინ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება. მთავარი კი, ცხადია, ჩვენი ნაკრების გამოსვლა იქნება, რომელიც ტურნირზე ორი მატჩის მოგებას გეგმავს.

სტივ ბრაუნი, მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი:
"გვიხარია, რომ "ველქამ ფართის" გასამართავად შესანიშნავი ადგილები შევარჩიეთ. ვფიქრობ, სტუმარ გუნდებს სრული წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენი ყოფა-ცხოვრების, ჩვენი კულტურის შესახებ. რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშება დიდი ზეიმია, რომელშიც ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას".

ბერნარ ლაპასე, "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი:
"ეს ღონისძიება ტურნირის შესანიშნავი სტარტი იქნება. მსოფლიოს თასის გათამაშებაში მეგობრული სულისკვეთება უმთავრესი უნდა იყოს. დიდი ბრიტანეთი ცნობილია განსაკუთრებული უნარით, უმასპინძლოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს. ეჭვი არ გვეპარება, რომ აქაურები ღირსეულ, სტუმართმოყვარულ დახვედრას მოუწყობენ სარაგბო გუნდებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული