"ბორჯღალოსნები" მინუს 120 გრადუს ყინვაში - კრიოთერაპია მარგებელია!

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ჩატარებული 5-კვირიანი შეკრების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მზადების მეორე ფაზის მეორე ნაწილი დაიწყეს.

გუნდი გასულ კვირას გაფრინდა პოლონეთში, სადაც ცენტიევოს ოლიმპიურ ცენტრში წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობს.

ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ სამწუთიანი პროცედურა უტარდებათ სპეციალურ კრიოკამერებში, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდება.

"შეკრება კარგად დაიწყო. ნამგზავრმა მოთამაშეებმა სული მოითქვეს და ნაყოფიერად ვარჯიშობენ. ჩინებულ დარში ვემზადებით. სპორტული ცენტრი მსოფლიოს დონისაა.

ბიჭებს კრიოთერაპია მოეწონათ. მეთოდს ყველანი ვაქებთ. ჯერ ადრეა რამის გადაჭრით თქმა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი
უჩანს, რომ აქ ჩამოსვლა ნამდვილად გვარგებს", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

"ბორჯღალოსნების" დამრიგებელმა ისიც შენიშნა, რომ კრიოთერაპიის გარდა, გუნდს გარემოს შეცვლაც მოუხდა.

საქართველოს ნაკრები შინ 15 აგვისტოს დაბრუნდება. მორაგბეები ერთი კვირით დაისვენებენ და 24 აგვისტოს ბრიტანეთში გაემგზავრებიან, სადაც მზადების მესამე ფაზა ელით.

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"მომავალ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ველოდები რაღაც ძალიან დიდ მოვლენას, რაც ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩვენი ნაკრების მიზანი საკმაოდ დიდია. ქომაგები ჩვენგან სულ უფრო მეტს ელოდებიან, საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის იმედი აქვთ".

დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"2007 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება და ახლანდელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. 2011 წლის მსოფლიოს თასისთვისაც კარგად გვამზადებდნენ, მაგრამ მაშინ მწვრთნელთა შტაბს სულ სხვა ტაქტიკა ჰქონდა შერჩეული.

2007 წელს ახალგაზრდა ვიყავი, ამბიციები მქონდა. ოთხი წლის მერე ახალ ზელანდიაში უკვე გარკვეული გამოცდილება მქონდა შეძენილი და ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი. ახლა მესამე მსოფლიოს თასზე მიწევს თამაში და ვფიქრობ, აქედან გამომდინარე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია".

ირაკლი ჭყონია, საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრები პირველი სამი კვირის განმავლობაში საკმაოდ მოცულობით ფიზიკურ დატვირთვებს იღებდა, ვარჯიშები ძალზედ ინტენსიური იყო. შტანგაზე ვარჯიშისას აქცენტს ძალაზე ვაკეთებთ და ახლა მორაგბეები ძალიან მაღალ წონებს არიან შეჭიდებულნი. ეს ასეც უნდა იყოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წინ მივიწევთ.

2011 წლის მსოფლიოს თასზე გუნდს ფიზიკურად გარეთ ადამსონი ავარჯიშებდა. ამჟამინდელი მეთოდოლოგია მისი მეთოდებისგან რადიკალურად განსხვავდება. მას ვარჯიშების ინტენსივობა ძალიან დაბალი ჰქონდა, რაც, ვფიქრობ, არასწორი იყო. ცხადია, ინგლისელი კალვინის პრინციპები ჩვენთვის მისაღებია, მით უფრო, რომ მას მსოფლიოს თასის სამი გათამაშების გამოცდილება აქვს.

კრიოთერაპია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მორაგბეები პოლონეთში გადიან, ძალიან კარგი აღდგენითი პროცესია. მინუს 120-150-გრადუსიან კამერებში მათ დღეში ორჯერ ორი-სამი წუთი ყოფნა უწევთ.

ჩემი სუბიექტური აზრით კი, კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ მორაგბეებმა გარემო შეიცვალეს. საქართველოში მათ დიდი ხანი დაჰყვეს და ახლა პოლონეთში მეტი ხალისით ივარჯიშებენ. მით უმეტეს, რომ გარჯა განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესანიშნავ ბაზაზე უწევთ".

მომზადებულია რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული