გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) და პირველხაზელი ვასილ კაკოვინი (ტულუზი), რომლებიც ოთხი წლის წინათ ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე გუნდში საუკეთესოები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კაკოვინი ბოლო ორი სეზონია ტრავმებმა დატანჯა და საბოლოოდ მომჯობინება სამი თვის წინათ შეძლო. გასული სეზონი ასევე ტრავმის გამო გაუცდა ბასილაიასაც.
ინგლისში საწვრთნელ
მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე (ტულონი) იქნება. მსოფლიოს თასზე მეოთხედ ითამაშებენ მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე (ლილი) და მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).
მესამედ ითამაშებენ დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), დავით კაჭარავა (ენისეი).
პირველხაზელთაგან მსოფლიოს თასზე თამაშის გამოცდილება მხოლოდ სამს აქვს. ამდენივე მორაგბეს უთამაშია მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მეორე და მესამე ხაზში.
საგრძნობლად გადახალისებულია ჩვენი გუნდის უკანა ხაზი. 14 მორაგბიდან მსოფლიოს თასზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ ხუთს აქვს. ესენია: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), დავით კაჭარავა (ენისეი), ალექსანდრე თოდუა (ლელო) და მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).
აღსანიშნავია, რომ 31 მოთამაშიდან 19 ლეგიონერია, 12 მორაგბე კი ქართულ კლუბებში ასპარეზობს.
"მსოფლიოს თასზე კონკურენტუნარიანი გუნდით ვიასპარეზებთ, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის დაკომპლექტების პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავია. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძისთვის ეს მე-4 მსოფლიოს თასი იქნება.
ნაკრების საბოლოო შემადგენლობის დადგენისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითოეულ პოზიციაზე კონკურენციაა, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა, მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა - მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ გუნდში, ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.
როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, ხანგრძლივი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს თასზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა და, ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
მსოფლიოს თასი 2015
19 სექტემბერი
საქართველო-ტონგა
25 სექტემბერი
საქართველო-არგენტინა
2 ოქტომბერი
საქართველო-ახალი ზელანდია
7 ოქტომბერი
საქართველო-ნამიბია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ღმრთმა ქნას ვმალავდეთ ნამდვილ თამაშს.