საქართველო VS ტონგა - ვიწყებთ მსოფლიოს თასს!

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელსაც ინგლისი მასპინძლობს.

"ბორჯღალოსნები", რომლებიც C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ნამიბიისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად გამოდიან, პირველ შეხვედრას ტონგასთან, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე გამართავენ. გლოსტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" გასამართი თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე შალვა მამუკაშვილი და მერაბ შარიქაძეც წარსდგნენ.


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე უკვე ზედიზედ მეოთხედ მონაწილეობს.

ტონგასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" ძირითად შემადგენლობაში შვიდი ისეთი მორაგბეა, რომლებიც მსოფლიოს თასზე პირველად ითამაშებენ. ესენია: თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი აფციაური, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. რვა სათადარიგოდან კი ასეთი ექვსია: შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასეიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ბეგაძე, გიორგი ფრუიძე და მურაზ გიორგაძე.

ცხადია, გუნდში დიდი გამოცდილების მორაგბეებიც არიან. მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიოს თასის მეოთხე გათამაშებაზე იასპარეზებს. მას ეროვნულ გუნდში 85 კეპი აქვს მოხვეჭილი. ამ მატჩებში "მეკომ" გუნდს 644 ქულა მოუტანა. მასზე ორი კეპით ნაკლები აქვს შუამარბ დავით კაჭარავას. 61 კეპი მოიხვეჭა და 24 ლელო გაიტანა "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მამუკა გორგოძემ. მგეზავი ლაშა ხმალაძის ანგარიშზე კი ეროვნულ გუნდში 58 გამართული მატჩია. პირველხაზელებს შორის ყველაზე გამოცდილი დავით ზირაქაშვილია, რომელიც მსოფლიოს თასის მესამე გათამაშებაში ასპარეზობს. მის ანგარიშზე 50 კეპია.

ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე კი ოფიციალურად გახდება რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიოს თასზე უთამაშია. ის ახლა 18 წლისა და 340 დღისაა.

ტონგას წინააღმდეგ "ბორჯღალოსნებს" ისტორიაში სამჯერ უთამაშიათ. პირველად ტონგელებს 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეშაჟში გადავეყარეთ. სტუმრად მარცხის (6:37) შემდეგ, თბილისში მეტქოეს 28:27 ვძლიეთ. საქართველო-ტონგას ბოლო დაპირისპირება კი შარშან ნოემბერში, თბილისში, ტესტ-მატჩში შედგა, რომელიც სტუმრებმა ანგარიშით 23:9 მოიგეს.


საქართველო VS ტონგა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

ტონგა: 15. ვუნკაგოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ვილიამი ჰელუ, 12. სიალე პიუტაუ, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სტივ მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰალე ტეპოლე, 20. ჯეკ რამი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.

მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
თეფში გაასწორეთ 42 გრადუსზე
სიხშირე შეიყვანეთ 11472 V 23450
ბის კოდი 00 20 05 00 00 19 56 00

სხვა სიხშირეზე და სატელიტებზე ბის კოდი არ არსებობს,
ნიკოლოზ
13:38 19-09-2015
0
ძმებო, თუ ოდნავ ერკვევით ანტენებში, შემიძლია დაგეხმაროთ. თუ თქვენი თეფში 42 გრადუსზეა, შეგიძლიათ შეიყვანოთ 16 ციფრა კოდი - 0020 0500 0019 5600. ამის შეყვანის შემდეგ გაგიხსნით უპრობლემოდ.
აი, 46 გრადუსზე ვერ დაგეხმარებით. ამის კოდი არ ვიცი.
ლევანი
13:11 19-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული