მზიანი დარი იდგა. ინგლისური წვიმიანი ამინდი სადღაც გაქრა. სტადიონის მისადგომებთან მისულს თავი საქართველოში გეგონებოდათ. უამრავი ქომაგი "ბორჯღალოსნების" საგულშემატკივროდ საქართველოდან და ინგლისის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულყო.
ტონგელებიც ბევრნი იყვნენ და ადგილობრივი რაგბის მოყვარულნიც, რომელთა უმრავლესობა, რატომღაც სწორედ ტონგას უჭერდა მხარს.
ამას ჩვენს მორაგბეებზე გავლენა არ ჰქონია. მათი მიზანი
ასეთ ამბიციურ და ძლიერ გუნდთან გამარჯვება კი, მით უფრო ფასეული და სასიხარულოა. ყველაზე კარგი, რაც საქართველოს ნაკრების თამაშში იყო, ეს დაცვაა. ჩვენმა გუნდმა მეტოქისთვის გაუვალი ზღუდეები აღმართა და ხელდახელ მობურთავე, ღონიერი ტონგელები ვერ ხვდებოდნენ, რა ეღონათ.
საგულისხმოა, რომ პირველი ტურის შემდეგ ხუთ საუკეთესო მბოჭავებს შორის ხუთივე ქართველია. მამუკა გორგოძემ მეტოქე 27-ჯერ შებოჭა, ვიქტორ კოლელიშვილმა 22-ჯერ, 17-17 ბოჭვაა გიორგი ნემსაძისა და მერაბ შარიქაძის ანგარიშზე. 15-ჯერ შეაჩერა მეტოქე მგეზავმა ლაშა ხმალაძემ.
გამარჯვებასთან ერთად ისტორიაში ჩაიწერა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც მსოფლიოს თასზე უთამაშია, ქართველია. "ბორჯღალოსნების" 18 წლის ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ შესანიშნავად ითამაშა, იმდენად, რომ გუნდის გამოცდილი მორაგბეებისგან ვერაფრით გამოარჩევდით.
ყველამ, უკლებლივ, ვისაც იმ დღეს მოედანზე გასვლამ მოუწია, მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის. ცხადია, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამის განსჯა მწვრთნელს მივანდოთ, გააანალიზოს, გამოასწოროს, რომ მომდევნო თამაშები კიდევ უფრო კარგი, ხარისხიანი და წარმატების მომტანი იყოს.
თამაში ტონგას აქტიურობით დაიწყო და საწყის ათ წუთში გარკვეულ უპირატესობას ფლობდა. მე-9 წუთზე მოედნის საკუთარ ნახევარზე შერკინებაში დავჯარიმდით და ტონგელთა მგეზავმა კურტ მორათმა ანგარიში გახსნა. ეს იყო პირველი და ბოლო შერკინება, რომელშიც ჩვენი გუნდი დაჯარიმდა. თამაშის ბოლომდე ჩვენმა მორკინალებმა მეტოქე საგრძნობლად დაჯაბნეს. მეტიც, მეტოქის რამდენიმე აუტიც წამოვიღეთ. თავიდანვე ნათლად გამოჩნდა, რომ "ბორჯღალოსნები" არაფრის დათმობას აპირებდნენ.
მალე ანგარიშის გათანაბრების შანსი მოგვეცა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. თუმცა, რამდენიმე წუთში მან უკეთ შეძლო დარტყმა და - 3:3. რვა წუთში კი "ბორჯღალოსნების" ერთიან ძალისხმევას ლელო მოჰყვა. აუტი მეტოქის ლელოდან 15 მეტრში მოვიგეთ. მორკინალების დარტყმებით წინ წავიწიეთ. პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა ხაზის გაჭრა შეძლო და ლელოს ხაზს მიუახლოვდა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი გორგოძემ აიტაცა და კარის ძელს უკან დაამიწა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ პირველი 20 წუთი ტონგა მოედნის საკუთარ ნახევარზე ჩავკეტეთ. 56-ე წუთზე კი კვირიკაშვილმა შესანიშნავი, ძალიან თამამი რეიდი მოაწყო. ის მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, მოწინააღმდეგეებს შორის ისე გაირბინა, ხელით წაპოტინებაც კი ვერავინ შეძლო. ტონგას 22-მეტრიან ზონაში შესულმა ბურთი გიორგი ნემსაძეს გადააწოდა. ის მალევე შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ლობჟანიძემ ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე კოლელიშვილს გადააწოდა. ტონგელებმა ისიც შეაჩერეს. რაკში ბრძოლისას ბურთი მოულოდნელად ჩვენს მხარეს გამოვარდა. ის უმალ მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა შენიშნა, აიტაცა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია. მოწინააღმდეგე იოლად ჩამოიცილა და ლელოში შეხტა.
კვირიკაშვილმა კიდედან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 17:3. ეს შედეგი ასეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან მატჩში საკმაოდ დიდი უპირატესობაა.
ტონგელებმა მარცხის საფრთხე იგრძნეს და ტემპს უმატეს. შეხვედრის ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში მათი უპირატესობა აღინიშნა, თუმცა კუნძულელებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს გატანა და პრემიალური ქულის მოპოვება შეძლეს.
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ეს გამარჯვება გუნდის თითოეული წევრის ოთხი წლის შრომის ნაყოფია. მსოფლიოს თასზე გასვლის შემდეგ ორწლიანი მზადების აქცენტი კონკრეტულად ამ თამაშზე გავაკეთეთ და, ვიცოდით, რომ იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ შეგვეცვალა ქართული რაგბის ისტორია, ეს თამაში დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო...…
ჯერ მაღალ საფეხურზე არ ავსულვართ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებს ვუგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდთან მუდმივი შეჯიბრებაა. ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი...
ძალიან ბევრი და თავდაუზოგავად ვიშრომეთ. ბოლო სამი თვე ყველასთვის ურთულესი იყო, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის. ეს ყველაფერი დღეს კარგად გამოჩნდა. კარგმა ფიზმომზადებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად დაგვეცვა თავი და ამან თამაში მოგვაგებინა...
მამუკა გორგოძე არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც გუნდის წევრი, ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნაკრების სხვა წევრები კარგ თამაშში აიყოლიოს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი მსოფლიო კლასის მორაგბეა...
მატჩის შემდეგ ერთ-ერთ ტონგელს ვესაუბრე, მორაგბეს, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი. მან მითხრა, რომ ისინი სათანადოდ არ გვაფასებდნენ და სხვა თამაშებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულნი. ეს კომენტარი მისგან ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მთელი ჩვენი ინტერესი მათკენი იყო მიმართული. ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცის და სწორედ ამიტომ ვერ გვაფასებენ სათანადოდ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ბევრს დააფიქრებს...
კარგი იქნება, არგენტინასთან რაიმე შანსი თუ გვექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება. თუმცა, დღევანდელი გამარჯვება თავდაჯერებულობას გაგვიორმაგებს, იმპულსს მოგვცემს და რწმენას. ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს."
მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"დღევანდელ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე იყო და ვფიქრობ, ვერავინ შეამჩნევდა მათ გამოუცდელობას და ვერ გამოყოფდა ბევრად უფრო გამოცდილი მორაგბეებისგან, რადგანაც ყველამ 100 პროცენტით დადეს თავი. ყველამ ერთნაირად კარგად ითამაშა, ყველას ერთი მიზანი გვქონდა, გამარჯვება...
არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის საუკეთესო მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს. დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ტონგა ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობს, დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის."
გიორგი აფციაური, საქართველოს ნაკრების გარემარბი:
"უზომოდ ბედნიერები ვართ, ძალიან გვიხარია, ძლიერი მეტოქე რომ დავამარცხეთ. ჯერ კიდევ სრულად ვერ აღვიქვამ, რა ხდება. ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას".
ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"გამოჩნდა, რომ სამთვიან მუხლჩაუხრელ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. ფიზიკურად გუნდი შესანიშნავადაა მომზადებული. დაცვითი და შეტევითი სისტემები გამართულად მუშაობენ. თუმცა, გარკვეული ხარვეზები არის, რაც შემდეგი მატჩებისთვის უნდა გამოვასწოროთ. საერთო ჯამში, ბიჭების მონდომებითა და თავდადებით კმაყოფილები ვართ".
ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"ეს იყო ისტორიული გამარჯვება. ერთი კარგი ფურცელი ჩავწერეთ არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიოს რაგბის ისტორიაში. მატჩის დასაწყისიდანვე სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ. დალაგებული, გაუვალი დაცვა დავახვედრეთ მეტოქეს, რომელმაც უნდა ითქვას, რომ სათანადოდ არ შეგვაფასა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს თავდადებული გარჯისთვის. ეს ერთი და სხვა მრავალი."
ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ეს გამარჯვება მარტო ქართული რაგბის არა, მთლიანად ქართული სპორტის წინსვლის საწინდარია. დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა, რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივ დახმარებას, რაგბის კავშირის სწორ, გამართულ პოლიტიკას. ეს შედეგი სწორედ რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საქმიანობის ნაყოფია.
ცხადია, თანამშრომლობა გაგრძელდება, ხარისხობრივად უფრო მაღალ ეტაპზე გადავა, რათა ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წავიდეს, განვითარდეს. მით უფრო, რომ სპორტის ამ სახეობაში ძალიან კარგი თაობა მოდის. მათ ხელშეწყობა და გვერდში დგომა სჭირდებათ".
მსოფლიოს თასი 2015. I ტური
A ჯგუფი
ინგლისი-ფიჯი 35:11
ინგლისი: 4ლ - საჯარიმო, ბრაუნი (2), ვუნიპოლა. 3ს - ფორდი (2), ფარელი. 3გ: ფარელი (2), ფორდი.
ფიჯი: ლ - მატავალუ. 2ს - ნადოლო, ვოლავოლა.
სინბინი: მატავალუ.
უელსი-ურუგვაი 54:7
უელსი: 8ლ - ალენი (3), ლი, ამოსი, დევისი (2), ტიპურიჩი. 7გ - პრისტლენდი.
ურუგვაი: 3ს - ბერჩესი.
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 5 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. ავსტრალია - 0, 4. ფიჯი - 0, 5. ურუგვაი - 0.
B ჯგუფი
სამ.აფრიკა-იაპონია 32:34
სამ.აფრიკა: 4ლ - ლოუ, დუპლესი, იაგერი, სტრაუსი. 3გ - ლამბიე (2), პოლარდი. 2ს - ლამბი, პოლარდი.
სინბინი: ოსტჰუიზენი.
იაპონია: 3ლ - ლიტჩი, გორომარუ, ჰესკესი. 5ს,2გ - გორომარუ.
სამოა-აშშ 25:16
სამოა: 2ლ - ნანაი ვილიამსი, ტრევირანუსი. 5ს - პისი (4), სტენლი.
აშშ: 2ლ - ვოლესი, ბაუმანი. 2ს - მაკგინტი.
სატურნირო მდგომარეობა
1. სამოა - 4 ქულა, 2. იაპონია - 4, 3. სამ.აფრიკა - 1, 4. შოტლანდია - 0, 5. აშშ - 0.
C ჯგუფი
ტონგა-საქართველო 10:17
ტონგა: ლილო, ვეაინუ, ჰელუ (პიუკალა 51), პიუტაუ, ვაინიკოლო, მორატი, ტაკულუა. (1-8) მაილაუ (ტაუმალოლო 51), ტაიონე (ნგაუამო 51), აულიკა (პუაფისი 64), ლოკოტუი, მაფი (ტეპოლე 59), კალამაფონი, ლატუ (რამი 67), მააფუ.
1 ლ (ვაინიკოლო, 71), 1 გ (მორატი, 72), 1 ჯ (მორატი, 9)
საქართველო: კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, აფციაური, მალაღურაძე, ლობჟანიძე (78`), ნარიაშვილი (60`), ბრეგვაძე (60`), ზირაქაშვილი (60`), მიქაუტაძე (63`), ნემსაძე, თხილაიშვილი (65`), კოლელიშვილი, გორგოძე (კაპ).
სათადარიგოები: გიორგაძე, ფრუიძე, ბეგაძე (78`), მამუკაშვილი (60`), ასიეშვილი (60`), ჩილაჩავა (60`), დათუნაშვილი (63`), სუთიაშვილი (65`)
2 ლ (გორგოძე, 27) (თხილაიშვილი, 56 ), 2 გ (კვირიკაშვილი, 28, 57), 1 ჯ (კვირიკაშვილი, 19)
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)
ახ. ზელანდია-არგენტინა 26:16
ახ.ზელ: 2ლ - ა.სმითი, კეინი. 4ს,2გ - კარტერი.
სინბინი: მაქოა, კ.სმითი.
არგენტინა: ლ - პეტი. 3ს,გ - სანჩესი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 4 ქულა, 2. საქართველო - 4, 3. ტონგა - 1, 4. არგენტინა - 0, 5. ნამიბია - 0.
D ჯგუფი
ირლანდია-კანადა 50:7
ირლანდია: 7ლ - კირნი (2), კრონინი, პეინი, ობრაიანი, ჰენდერსონი, სექსტონი. 6გ - სექსტონი (3), მადიგანი (3). ს - სექსტონი.
სინბინი: ოკონელი.
კანადა: ლ - ფან დერ მერვე. გ - ჰირაიამა.
სინბინი: კუდმორი.
საფრანგეთი-იტალია 32:10
საფრანგეთი: 2ლ - სლიმანი, მასი. 2გ - მიშალაკი. 6ს - მიშალაკი (5), სპედინგი.
იტალია: ლ - ვენდიტი. ს,გ - ალანი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. რუმინეთი - 0, 4. იტალია - 0, 5. კანადა - 0.
ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სისულეებს ნუ ბოდიალობ რა 14 -არ აცელილა...