ერთი ნაბიჯი იაპონიამდე [ბესიკ ჯანგავაძე ექსეტერიდან]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ექსეტერის "სენდი პარკზე" ნამიბიის ნაკრები დაამარცხა 17:16 და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრებების დაპირისპირების შედეგზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა "ბორჯღალოსნები" ამ ადგილს და, შესაბამისად, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს.

საამისოდ, ახალი ზელანდიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს ნებისმიერი ანაგარიშით. თუ ტონგელებმა შეძლეს "ოლ ბლექსის" დამარცხება (რაც ძნელად დასაჯერებელია), ალალი იყოს მათზე.

თამაში სამწუხარო ფაქტით დაიწყო. მოედანზე პირველი საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი გამოვიდა, რომლისთვისაც ეს მატჩი ბოლო იყო სანაკრებო
კარიერაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში კოლოსალურ უპირატესობას ვფლობდით, ის მაინც 0:6 დავთმეთ.

ანგარიში ნამიბიელებმა პირველივე წუთზე გახსნეს. საჯარიმო ტინუს კუციამ გაიტანა - 3:0. მე-9 წუთზე ნამიბიელთა ლიდერი ჟაკ ბურხერი დაიმტვრა. ამის შემდეგ შესანიშნავი შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ბურთი წინ გაგვივარდა და მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარებით ლელო არ ჩათვალა. მერე მეტოქე დაჯარიმდა, მაგრამ ბურთი კარში არ დავარტყით. დერეფნიდან მოლი ავაგორეთ, მაგრამ ლელოში ვერ შევაღწიეთ.

მე-16 წუთზე ნამიბია კიდევ ერთხელ გადმოვიდა ჩვენს მოედანზე. ისევ დავჯარიმდით და კუციამ მეორე საჯარიმო გაგვიტანა - 6:0.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ხაზი არაერთხელ გაჭრეს, მაგრამ ჩათვლის მოედნამდე ვერაფრით შეაღწიეს. დრამატული გამოდგა ტაიმის ბოლო წუთები. ჩვენი მორკინალები აიღე-მიეძალეს ხერხით ახლოს იყვნენ ლელოს ხაზთან. ბოლოს არბიტრმა საჯარიმო დანიშნა. ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ შერკინება მოითხოვა.

მეტოქე სამჯერ დაჯარიმდა, მისი ორი შერკინების ბურჯი არბიტრმა სინბინში გაუშვა, მაგრამ საჯარიმო ლელო არაფრით არ ჩათვალა. შერკინებიდან გამოტანილი ბურთი გორგოძემ ვიქტორ კოლელიშვილს გაატანა, რომელიც ლელოში კი შეიჭრა, მაგრამ არბიტრმა ისევ ვიდეორეფერის გამოყენებით ლელო გააუქმა. 6:0 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი ნამიბიელთა სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ, დასაწყისში ნამიბიელებმა შემოგვიტიეს, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა შეძლეს იერიშის მოგერიება და მეტოქეს მასირებული შეტევები მოვუწყვეთ. შესანიშნავად ანაწილებდა ბურთს ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე. "ბორჯღალოსნები" მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გაშლას და წარმოქმნილ სიცარიელეში შეღწევას ცდილობდნენ.

50-ე წუთზე პირველი ლელოც გავიტანეთ. მორკინალებმა შესანიშნავად ითამაშეს. მეტოქე მოკლე დარტყმებითა და ძალისმიერი თამაშით ლელოსთან ახლოს მიდენეს. ბოლოს ბურთი რაკიდან მამუკა გორგოძემ აიტაცა და ჩათვლის მოედანში გადადო. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა ზუსტად - 7:6.

"ბორჯღალოსნები" ზეწოლას აძლიერებდნენ და ხუთ წუთში კიდევ ერთი ლელო გავიტანეთ. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში აგდებული დერეფანი გორგოძემ მოიგო და ბურთი მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილს გაატანა. მან რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, თუმცა მეტოქე წამოეწია. თხილაიშვილმა მოახერხა და ბოჭვისას ბურთი მგეზავ ლაშა მალაღურაძეს აუგდო, რომელიც ჩათვლის მოედანში შეიჭრა. "მეკომ" ესეც გარდასახა - 14:6.

ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობა სულ უფრო იზრდებოდა, რაც 68-ე წუთზე კვირიკაშვილის მიერ გატანილ საჯარიმოში აისახა - 17:6.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ოდნავ მოდუნდნენ, რასაც ტინუს კუციას გარდასახული ლელო და საჯარიმო მოჰყვა - 16:17.

თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთი რჩებოდა. ჩვენმა მორაგბეებმა მობილიზება შეძლეს და უპირატესობა, რომელიც შერკინებაში, დერეფანსა თუ ღია თამაშში ჰონდათ, საბოლოოდ გამარჯვებად აქციეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი. IV ტური
საქართველო-ნამიბია 17:16
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი (წიკლაური 76), მჭედლიძე (აფციაური 43), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 68). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 35), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 60), ზირაქაშვილი, მიქაუტაძე (დათუნაშვილი 55), ნემსაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი (ლომიძე 41), გორგოძე.
2ლ: გორგოძე, მალაღურაძე. 2გ,ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: ბრეგვაძე
ნამიბია (15-9): ჩ. ბოთა, ფილანდერი, დ. ფან ვიკი, დე ლა ჰარპი, რ. ფან ვიკი, ტ. კუცია, იანტისი (1-8) რედელინჰაუზი (ენგელსი 61), ფან იარსველდი, ლარსონი, ფან ლილი, უანივი, ბურხერი (კიტსოფი 10), დუ პლესი (კონრადი 61), ბოთა.
ლ,3ს,გ: ტ. კუცია.
სინბინი: ლარსონი, ჯ. კუცია.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია).

9 ოქტომბერი
ახალი ზელანდია-ტონგა
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სკუდერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ვაისაკე ნაჰოლო, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. სემ კენი, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ვაით კორეკეტი, 18. ბენ ფრენქსი, 19. ბროდი რეტალიკი, 20. ლიამ მესამი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილ ვილიამსი.
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. სიალე პიუტაუ, 12. ლატიუმე ფოსიტა, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. სოანე ტონგაუიჰა, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯოზეფ ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუფასი, 19. სტივ მაფი, 20. ჯეკ რამი, 21.სამისონი ფისილაუ, 22. ვილიამი ტაჰიტუა, 23. ვილი ჰელუ.

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. საქართველო - 8, 4. ტონგა - 6, 5. ნამიბია - 1.

B ჯგუფი
სამხრეთი აფრიკა-აშშ 64:0

სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 16 ქულა, 2. შოტლანდია - 10, 3. იაპონია - 8, 4. სამოა - 4, 5. აშშ - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უეჭველი რაგბის საერტაშორისო ფედერაციამ მოგვიგზავნა ეგ მსაჯი რო წაგვეგო და ჩვენი ამბიციები 7 ერტან დაკავშირებით დაესამარებინათ მერე გვეტყოდენ ნამიბიას ვერ უგებთ და 6 ერში რა გინდათო
dddd
09 ოქტომბერი 2015 09:12
0
სათაურს როგორ არ შეესაბამება. ერთი თამაშიაო დარჩენილი და თუ იქ სასწაული არ მოხდა, შემდეგ მსოფლიო თასზე, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართება, საკვალიფიკაციოს გარეშე გადიან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო :)
მერაბი
08 ოქტომბერი 2015 13:19
0
მაგარი სანერვიულო თამაში იკო,ეგეთი მსაჯობა კი ეჩვებს აჩენს ,რომ არაფრით არ უნდოდატ ჩვენი მოგება,ალბატ ეკვს ერზე პრეტენზია რომ არ გკვკონდეს
Unknown
08 ოქტომბერი 2015 11:32
0
სათაურს უნდა შეესაბამებოდეს სტატია.
ფერნანდო
08 ოქტომბერი 2015 11:07
0
ნამიბიას აქვს 1 პრემიალური ქულა 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისათვის
nodar
08 ოქტომბერი 2015 10:55
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული