პროგრესისა და მიზნის მიღწევის სიმბოლო - ხეების დარგვა "ჯიქის" მხარდასაჭერად

AutoSharing Option
ლისის ტბის ტერიტორიაზე,  სარაგბო თემის ორგანიზებით, ხეები დარგეს. ხეების ქარსაცავი ზოლის შექმნის მიზანი კლუბ "ჯიქის" სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძველია, რომლის შენებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

მოეწყობა სამი მოედანი, საიდანაც ერთი სათამაშო, ხოლო ორი სავარჯიშო იქნება და ნებისმიერ სარაგბო კლუბს შეეძლება მათი გამოყენება.

"ჯიქის" დამფუძნებელ კახა ალანიას თაოსნობით, ხეების დარგვაში ქართული სარაგბო თემის ყველა კლუბის წარმომადგენლები, მორაგბეები, რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.

კახა ალანია, "ჯიქის" დამფუძნებელი:
"ეს ტერიტორია იდეალური და უნიკალური ადგილია სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად. ძალიან მინდოდა აქ, სადაც მთელი
ბავშვობის განმავლობაში ვვარჯიშობდი, სარაგბო ბაზა ყოფილიყო. ჩემი მეგობრების ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ უკვე გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც რაგბის კლუბ "ჯიქის" სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა. თუმცა ის არ იქნება მხოლოდ ამ კლუბის ბაზა, არამედ მთლიანად ქართული რაგბის საკუთრება".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"დღეს ძალიან კარგი დღეა ქართული რაგბისთვის. უამრავი ადამიანი შეიკრიბა. "ჯიქს" ძალიან ბევრი კლუბი და ქართული სარაგბო საზოგადოება დაუდგა გვერდით. ამ ტერიტორიაზე იგეგმება სარაგბო კომპლექსის მშენებლობა.

იმედია, უახლოეს მომავალში ყველანი ერთად მოვესწრებით იმას, რომ აქ რამდენიმე მოედანი გაჩნდება, სადაც ასობით ბავშვი ივარჯიშებს და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარაგბო კომპლექსი თბილისში. ვულოცავ რაგბის გულშემატკივრებს ამ დღეს".

გიორგი გეგენავა, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი:
"საშური საქმე კეთდება. აქ არიან ყველა გუნდის წარმომადგენლები. მშვენიერია, რომ თუნდაც ერთი კლუბის დასახმარებლად სიმბოლური აქცია მოეწყო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც ოჯახის ერთობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მშვენიერი გარემო და ასეთი ბაზები კიდევ ბევრი აშენდება საქართველოში, ცხადია, ერთობლივი ძალისხმევით".

ალექსი ჩიქოვანი, ვეტერანი მორაგბე:
"ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვიმყოფებით. კიდევ ერთი სარაგბო კერა ემატება ჩვენს ქალაქს და სარაგბო თემს. მინდა მივულოცო კახა ალანიას, ჩემს გუნდელს, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს და "ჯიქს" ასეთი მაგარი სარაგბო ადგილის გაჩენა ლისის ტბაზე.

დღეს სიმბოლურად დავრგეთ ხეები, რაც არის ზრდის, პროგრესის და საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევის სიმბოლო".

რაგბის კავშირის პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული