20:22 13-02-2016
პორტუგალია-საქართველო 3:29 - მოგება ქარსა და წვიმაში [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთისთვის გაიხსნა, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა. მანამდე კი, მე-12 წუთზე მსაჯმა დავით ქუბრიაშვილი გააძევა.
მასპინძლებს გასათანაბრებლად სულ ორი წუთი დასჭირდათ - საპირისპირო მხარეს ჯარიმა ზუსტად ნუნუ სოუზა-გედეშმა შეასრულა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ქულები ამ მატჩში.
პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" 31-ე წუთზე 30-მეტრიანი მოლით დადეს, რასაც კაცნაკლულმა პორტუგალიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. კვირიკაშვილმა კი ძლიერი ქარის გამო ვერ გარდასახა - 3:8.
ტაიმის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოასწრეს ლელოს დადება. ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და მერაბ კვირიკაშვილს გაატანინა. "მეკომ" თავადვე გარდასახა - 3:15.
მეორე ტაიმი პრაქტიკულად, "ბორჯღალოსნების" ლელოთი განახლდა - ჩვენი შეტევა მე-2 წუთზე ზურაბ ჟვანიამ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 3:22.
66-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ბონუს-ქულის მომტანი, მეოთხე ლელოც გაიტანეს, რაშიც უდიდესი წვლილი ალექსანდრე თოდუას მიუძღვის. სამი მეტოქის ჩამოტოვების შემდეგ ბურთი მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. კვირიკაშვილმა გარდასახა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დაფიქსირა - 3:29.
თამაშის ბოლო წუთებზე პორტუგალიელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
რაც შეეხება მეორე ტურში გამართულ სხვა მატჩებს, რუმინეთმა სტუმრად ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 21:18 მოუგო, რუსეთმა კი გერმანიას სძლია - 46:20. ამრიგად, "ბორჯღალოსნები", რომლებსაც მაქსიმალური - 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.
ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ჩვენმა ხაზმა კარგად ითამაშა. ეს დამაიმედებელია