11:10 14-03-2016
რუსეთი-საქართველო 7:24 - "დაჭრილი მხეცი" საშიში არ გამოდგა [VIDEO]
AutoSharing Option
"დაჭრილი მხეცი" საშიში არ გამოდგა. ეს ეპითეტები თამაშის წინ მხოლოდ ფონის შექმნას ემსახურება. რეალურად კი, გუნდი, რომელიც რუმინეთში 0:30 აგებს, ჩვენი გუნდის მომგები არ არის.
ეს თამაშმაც კარგად გამოაჩინა. "ბორჯღალოსნებმა", მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ, რუსეთის ნაკრები სტუმრად რეკორდული სხვაობით დაამარცხეს - 24:7. ჩვიდმეტი ქულით "დათვები" მისსავე მოედანზე აქამდე არასდროს დაგვიმარცხებია.
ამ შეხვედრაში ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა: საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა კარიერაში 700-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. მან რუსებთან მატჩში 9 ქულა მიითვალა და ახლა მის ანგარიშზე 703 ქულაა.
თამაშში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი შერკინება მეტოქისაზე დომინირებდა. პირველ ტაიმში რუსებს დერეფანშიც სერიოზული პრობლემები შევუქმენით. დაცვაში მეტოქე თავგანწირვით იბრძოდა, ამიტომ ხელდახელ ბურთაობა ამჯერად არ გამოვიდა. თუმცა, "ბორჯღალოსნების" მიერ გატანილი პირველი ლელო ნამდვილი შედევრი იყო.
მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ფეხით გამოზომილი, ზუსტი პასი მისცა შუამარბ თამაზ მჭედლიძეს, რომელსაც ბურთი პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და ისღა დარჩენოდა, პირველი ლელო მიეთვალა.
სტადიონზე, ისევე, როგორც სოჭში გამართულ სხვა მატჩებში, ჩვენს გუნდს მეტი ქომაგი ჰყავდა. "ბორჯღალოსნებმა" მორიგი გამარჯვებით მათთან ერთად ტელევიზორებთან მიჯაჭვულ ქომაგებსაც კიდევ ერთხელ აგრძნობინეს გამარჯვების სიხარული.
წუთი-წუთში
8 წთ: რუსების კარიდან 40 მეტრში საჯარიმო დაინიშნა. მერაბ კვირიკაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა და ოდნავ ააცილა.
14 წთ: მეტოქე კიდევ ერთხელ დავაჯარიმეთ შერკინებაში და ამჯერად კვირიკაშვილმა უკეთესი პოზიციიდან ანგარიში გახსნა - 3:0.
21 წთ: დერეფანი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მოვიგეთ. მოლი შევკარით, დავძარით, თუმცა რუსებმა წესის დარღვევით ჩაგვიქციეს. თამაში რაკში გადავიდა. ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი მარჯვნივ, ხაზზე გამოვიტანეთ. მგეზავმა ლაშა ხმალაძემ დროულად შენიშნა დაუცველი ზონა და ბურთი ფეხით გადაკიდა. მას შუამარბი თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0.
38 წთ: საქართველოს ნაკრებმა შეტევაში რამდენიმე ფაზა აკინძა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში ჩხუბი ატყდა და არბიტრმა გიორგი ნემსაძე და იური კუშნარიოვი გაასინბინა.
50 წთ: "ბორჯღალოსნებმა" მორიგი საჯარიმო აუტში გადაიტანეს. დერეფანი მეტოქის ლელოდან შვიდ მეტრში მოვიგეთ და შეტევა გიორგი ნემსაძემ განაგრძო, რომელიც გაჭირვებით შეაჩერეს. რაკიდან ბურთი პირველხაზელებმა აიტაცეს, ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ხაზზე გაათამაშეს და შუამარბის პოზიციაზე მყოფმა პირველხაზელმა ანტონ ფეიქრიშვილმა რუსებს მეორე ლელო გაუტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა და კარიერაში 700-ქულიან ზღვარს გადააჭარბა - 17:0.
57 წთ: არბიტრმა რუსების პირველხაზელი სერგეი სეკისოვი გაასინბინა.
64 წთ: რუსებმა თითქოს ჩვენი მორიგი იერიში მოიგერიეს და ბურთს დაეუფლნენ, მაგრამ მათმა მგეზავმა უცნაური მოძრაობით ბურთი დაკარგა. ის ჩვენმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ აიტაცა და ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 24:0.
69 წთ: დაცვაში თამაშისას განზრახ წესის დარღვევის გამო არბიტრმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა.
74 წთ: რუსებმა ხანგრძლივი იერიში მოაწყვეს. თავდაპირველად მორკინალების დარტყმებით ცდილობდნენ ჩვენს ლელოში შეღწევას. მერე ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს და ჩათვლის მოედანში ბურთი რამილ გაისინმა დაამიწა. კუშნარიოვმა გარდასახა - 7:24.
მატჩის შემდეგ
ალექსანდრ პერვუხინი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სამწუხაროდ, შეტევაში თამაში არ გამოგვივიდა. შერკინებაში ამჯერად ისე არ გვიჭირდა, როგორც აქამდე. შერკინება იდგა. გამოჩნდა მარჯვენა ბურჯის პრობლემა, რომელიც ხუთჯერ დაჯარიმდა. როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ თამაშობდა უფრო გამოცდილი მორაგბე. იმ მომენტშიც კი, როცა თითქოს მეტოქეს ვჯაბნიდით, ქართველები ახერხებდნენ, ეპიზოდი თავის სასარგებლოდ დაესრულებინათ. სუფთად შერკინებიდან ბურთი ვერ გამოგვქონდა, ხშირად ვჯარიმდებოდით.
მოულოდნელად სუსტად გამოვიყურებოდით პირველ ტაიმში დერეფანში თამაშისას. მოდი, ასე ვთქვათ, ასეთი რაოდენობის ხარვეზით თამაშში მატჩის მოგება შეუძლებელია. და კიდევ, ასეთი დონის შეხვედრას იგებს გუნდის ყველა მოთამაშე გამონაკლისის გარეშე. ამ დროს სუსტი წერტილები არ უნდა გქონდეს, ანსამბლიდან არავინ უნდა ვარდებოდეს.
პოზიტიური მომენტებიდან ჩვენი გუნდის მხოლოდ დაცვაში კარგ თამაშს აღვნიშნავ".
ანდრეი ოსტრიკოვი, რუსეთის ნაკრების მეორეხაზელი:
"ეს იყო მორიგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან, რომელშიც კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ვერაფერი დავუპირისპირეთ მეტოქეს შეტევაში. მეორე ტაიმი უფრო აგრესიულად უნდა დაგვეწყო, გვეცადა, ბურთი შეგვენარჩუნებინა, ხელდახელ, წყნარად გვეთამაშა. ბურთს ფეხით ხშირად ვურტყამდით, რითაც მეტოქეს იერიშის წამოწყების საშუალებას ვაძლევდით.
აი, უკვე მერამდენედ ვთამაშობთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სურათია".
გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"ცხადია, გვიხარია, რუსებს კიდევ ერთხელ რომ მოვუგეთ. შემადგენლობაში დიდი დანაკლისი გვქონდა, მაგრამ ყველამ ერთად საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ. ქომაგებს, ყველას გელოდებით 19 მარტს თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან მატჩში".
შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"დღეს ყველაზე ადვილი შეხვედრა იყო, რაც რუსებთან მოგვიგია. რუმინეთთანაც, დარწმუნებულნი ვართ, რომ ასევე მოვიგებთ და დავანახებთ იმ დიდ გუნდებს, რომ აქ აღარაფერი გვესაქმება".
ევროპის ერთა თასი 2016. IV ტური
რუსეთი-საქართველო 7:24
რუსეთი: 15 ვასილი არტემიევი, 14 მიხაილ ბაბაევი, 13 იგორ გალინოვსკი, 12 ვლადიმირ რუდენკო, 11 დენის სიმპლიკევიჩი (რამილ გაისინი 65), 10 იური კუშნარიოვი (სბ 38), 9 ალეკსეი შჩერბანი (რუშან იაგუდინი 65),
1 სერგეი სეკისოვი (სბ 57) (ალეკსეი ვოლკოვი67), 2 ნაზირ გასანოვი (შამილ მაგომედოვი 79), 3 ინოკენტი ზიკოვი (ევგენი პრონენკო 48), 4 ანდრეი გარბუზოვი (ევგენი ელგინი 69), 5 ანდრეი ოსტრიკოვი, 6 ვიკტორ გრესევი, 7 ანდრეი ტემნოვი (დმიტრი კროტოვი 53), 8 ანტონ რუდოი
ლ: გაისინი; გ: კუშნარიოვი
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 გიორგი აფციაური (მურაზ გიორგაძე 76), 13 დავით კაჭარავა, 12 თამაზ მჭედლიძე (ლაშა მალაღურაძე 65), 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი ბეგაძე (ვასილ ლობჟანიძე 69), 1 კახა ასეიშვილი (ზურაბ ჟვანია 55), 2 შალვა მამუკაშვილი (ჯაბა ბრეგვაძე 55, სბ 69), 3 ანტონ ფეიქრიშვილი (გიორგი მელიქიძე 62), 4 გიორგი ჩხაიძე (კოტე მიქაუტაძე 62), 5 გიორგი ნემსაძე (სბ 38), 6 შალვა სუთიაშვილი, 7 საბა შუბითიძე (ბექა გორგაძე 56), 8 ლაშა ლომიძე.
3ლ: მჭედლიძე, ფეიქრიშვილი, ნემსაძე; 3გ,ს: კვირიკაშვილი
რუმინეთი-გერმანია 61:7
ესპანეთი-პორტუგალია 39:7
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +150 19
2. რუმინეთი 4 4 0 0 +112 19
3. რუსეთი 4 2 0 2 -19 9
4. ესპანეთი 4 1 0 3 -4 7
5. გერმანია 4 1 0 3 -109 5
6. პორტუგალია 4 0 0 4 -106 1
V ტური
19 მარტი
საქართველო-რუმინეთი
პორტუგალია-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თემურ, დავით,მეც ეგრე ვფიქრობ მართლა გვესაჭიროვება კარგი კომენტატორები ეგებ იმათგან ვისაც დიდი რაგბი ნათამშები აქვთ და დიქციაც არა აქვთ ცუდი ,ან "წააშალაშინონ" ჩვენი რაგბის ყოფილი ლიდერები ილიაუნში ან რომელიმე ძლიერ თეატრში დიქტორობაში,თუნდაც მაჩხანელი,აბუსერიძე ან ვინმე ვინც დათანხმდება,რა თქმაუნდა სათანადო ანაზღაურებით ვისაც ეხებათ იმათგან,მე მაგალითად ზირაქიშვილს სულგანაბული მოვუსმენდი და ვენდობოდი სრულად მის გამონათქვამ-წყვეტებს ეროვნული ნაკრების მატჩის კომენტირებისას და ქართველი ბავშვები როგორ "ეცემოდნენ"რაგბის თამაშობას წარმოგიდგენიათ?ეგრეა მთელს მსოფლიოში,თავთავიანთ საქმეში ლეგენდებს მიჰყავთ კომენტარები ვიდეო აუდიო ,ჩვენ კი ისევ ხელი ხელს ბანს და ფროტეჟეობის უვიცთა მიერ შექმნილ-გაბზარულ ჭურში ვზივართ.
0
0
ზაალი დაგვიბრუნეთ ჩვენი განუმეორებელი და უმაგრესი ქართულით მოსაუბრე კომენტატორი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული