"ბორჯღალოსნების" რაზმი რუმინეთთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასი 2016-ის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩისთვის მზადება დაიწყეს. ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, "შევარდენზე" შეიკრიბა.

გაზაფხულის მთავარ თამაშს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩაატარებს. ნაკრებს დაემატნენ ტულონელები - მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, დაისვენა მიხეილ ნარიაშვილმა და მოკეთდა მერაბ შარიქაძეც.

დე ფაქტო ფინალი
გამართლდა საყოველთაო ვარაუდი: "რაგბი ევროპის" ფინიშზე საქართველო და რუმინეთი დე ფაქტო ფინალში შეიბმებიან - გამარჯვებულს ერთბაშად ერგება ოფიციალური ჯილდო, წარმოსახვითი "დიდი სლემი" და სამეზობლო, "ანთიმოზ ივერიელის თასიც" - ოფიციალურის დამზადება შარშან ვერ მოესწრო.

სლემი რაგბული ტრადიციაა -
თუ ყველა მეტოქეს სძლიე, მაშინ გეთვლება შესრულებულად; წმინდა ანთიმოზის სახელობის თასი კი გარდამავალია - 2002 წლიდან იგი "ბორჯღალოსანთა" და "მუხათა" ყოველ რკენაში თამაშდება (გამონაკლისია მსოფლიოს თასი).

ძველმა მეტოქეებმა ფინიშამდე წელსაც მხარდამხარ მოვაღწიეთ: რუმინეთმა უბონუსოდ იმარჯვა ესპანეთში, ჩვენ კი - რუსეთში, მაგრამ გატანილ-გაშვებულის სხვაობა უკეთესი რომ გვაქვს, თუ რკენა ფრედ დასრულდა და ბონუსიც ტოლად გაიცა, სამივე ტიტულს შინ დავიტოვებთ.

სტატისტიკურად კარპატელებს ბოლო ხანსღა გავუსწარით: ჩემპიონობით - 8-4, "უმცროს 6 ერში" - 10-5, სლემით - 5-1, გამარჯვებებით - 10-8, "ანთიმოზის" ფლობით - 9-5, სხვაობით - +12 და რეიტინგშიც მათზე 4 საფეხურით მაღლა ვდგავართ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი 19 მარტს "დინამო არენაზე", 17:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

რაც შეეხება მატჩზე დასასწრებ ბილეთებს, ისინი უკვე იყიდება "დინამო არენის" სალაროებში ყოველდღე, 11 საათიდან 19 საათის ჩათვლით. მსურველებს ასევე ბილეთების შეძენა ინტერნეტით ვებგვერდ Biletebi.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.

საბრძოლო რაზმი
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, გიორგი აფციაური, მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, კახა ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა გორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი მჭედლიშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ ვიქტორ კოლელიშვილი ...... და არც საიმედოა პრინციპულ თამაშებზე. შუა თამაშისას შეუჩნდება რაცხა უბედურება და აიკიდებს ბარათს და დატოვებს გუნდს კაცნაკლულით.
okribeli
12:01 15-03-2016
1
ეჰ ვიტო ვიტო! დახატავდა ეხლა ეგეც რომ იყოს ამ შემადგენლობას!
ლადო
20:18 14-03-2016
2

სიახლეები პოპულარული