მამუკა გორგოძე: სერჯო პარისეს გამონათქვამმა გული გვატკინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე დიდი ხანია სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთა თასის დასრულების შემდეგ ის "ტულონში" დაბრუნდა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში სტუმრად "მეტრო რასინგთან" არ უთამაშია.

ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მის საკლუბო კარიერასა და "ბორჯღალოსნების" ექვს ერში დაშვების პერსპექტივაზეა საუბარი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

- "ტულონმა" გასულ უქმეებზე სტუმრად "მეტრო რასინგს" მოუგო. მასში მონაწილეობა არ მიგიღიათ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ შეხვედრის შესახებ?
- გასულ სეზონში და ამჟამადაც საკმაოდ ბევრჯერ ვითამაშე ასეთი მაღალი დონის
გუნდის წინააღმდეგ. "ტულონში" სათადარიგო გუნდი არ არსებობს. ქაღალდზე შემადგენლობა შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასე არ არის. დიახ, ითამაშა რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ, მაგრამ ისინი არავისზე უარესები არ არიან. მათ, შესაძლოა, ოდნავ ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ. ეს არის და ეს!

ზოგადად ვფიქრობ, რომ სერიოზული კლუბები ნელი ტემპით მიიწევენ წინ, რათა დასასრული წარმატებული გამოვიდეს. რამდენიმე გუნდი ვნახე, რიხით რომ დაიწყეს სეზონი და ახლა უკანასკნელ ძალებს იკრებენ. "ტულონი" ნელ-ნელა, მეთოდურად ვითარდება და ეს გამარჯვებაც ამის დასტურია.

- "ტულონში" ახლა მეორე ხაზში გიწევთ თამაში. რას ფიქრობთ ამაზე?
- მირჩევნია, მესამე ხაზში ვითამაშო, მაგრამ გუნდს მეორე ხაზში ვჭირდები. რაც უნდა იყოს, ჩემთვის მთავარია, მოედანზე ვიყო და ვთამაშობდე. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და თუ მას სჭირდება ჩემი დახმარება ამ პოზიციაზე, მზად ვარ. ეს ნორმალურია.

ბერნარ ლაპასემ მკითხა და მეც დადებითი პასუხი მივეცი, მით უფრო, რომ ჩემი კარიერა სწორედ მეორე ხაზში თამაშით დაიწყო. საქართველოსა და "მონპელიეში" მეორე ხაზში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის ახალი არ არის.

- მეორე სეზონია, რაც "ტულონში" ხართ. იპოვეთ თქვენი ადგილი გუნდში?
- გასულ სეზონში დიდი კონკურენცია იყო გუნდში. თანაც დასაწყისში სერიოზული ტრავმა მივიღე. 20 კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმის აღდგენა ძალიან რთული იყო. წლეულსაც არ არის იოლი. "ტულონი" ვარსკვლავებითაა სავსე და ყველა იბრძვის შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

- თქვენ სხვა მოთამაშეებს მოიხსენიებთ, როგორც ვარსკვლავებს. თქვენც ხომ ვარსკვლავი ხართ...
- მე ვარსკვლავი არ ვარ. როცა ვიზრდებოდი, იმ მორაგბეებს, რომლებთან ერთადაც ახლა ვთამაშობ, ტელევიზორით ვუყურებდი. მათ პატივს ვცემ, მაგრამ კერპი არ მყავს. როცა ვამბობ "ვარსკვლავი", ამით პატივისცემას გამოვხატავ.

ძალიან მიხარია და ვამაყობ იმით, როგორ ვითამაშე მსოფლიოს თასზე და როგორ ვთამაშობ აქ, საფრანგეთში. თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ეს უბრალოდ კარგია და მეტი არაფერი.

- რაგბი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის ფეხბურთს ავიწროებს. ეს ნამდვილად ასეა?
- ფეხბურთში კარგი მოთამაშეები გვყავს, თუმცა თამაშებს ვაგებთ. ხალხი მიდის სტადიონზე, რომ ნახოს იტალიის, საფრანგეთისა და სხვა გრანდების თამაში. ქომაგი ჩვენთანაც ბევრი მოდის, რუმინეთს ვეთამაშებით. ბოლო შეხვედრას თბილისში 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. დღემდე არ გამსვლია აღტყინება. წარმოიდგინეთ 55 ათასი ქომაგი. ეს ხომ ექვსი ერის მატჩებისთვის დამახასიათებელი ციფრია?

ქომაგი ადრეც ბევრი გვყავდა, მაგრამ ისინი ძირითადად რუსეთთან თამაშისას მოდიოდნენ. შარშანდელი მსოფლიოს თასის შემდეგ კლუბებში მორაგბეთა რიცხვმა 37 პროცენტით მოიმატა. რაგბი მალე გახდება საქართველოში ნომერ პირველი სპორტი.

- მსოფლიოს თასზე კარგი გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთა თასიც მოიგო...
- ვფიქრობ, ამიერიდან სხვა, უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. შეიძლება ექვს ერზე არა, მაგრამ რაღაც შუალედურში. ძალიან კარგი იქნება, თუ რეგულარულად მოგვიწევს გაჯიბრება იაპონიის, კანადის, აშშ-ის, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

ჩვენ ისევ პატარა გუნდი ვართ, თუმცა დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. დიდ პატივს ვცემ ყველა გუნდს, რომელიც ერთა თასზე თამაშობს, მაგრამ მათთან თამაში ჩვენ აღარაფერს გვაძლევს.

- სერიოზულად ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება იტალიის ნაცვლად ექვსი ერის გათამაშებაში საქართველო ჩართონ...
- ამაზე არასწორი რეაქცია ჰქონდა სერჯო პარისეს. მისი საქმეა მოედანზე ითამაშოს და არა ამ საკითხის პრესასთან განხილვა. მე კი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები უელსთან მატჩში 70 ქულით არ წააგებს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შესაძლოა საქართველოს ნაკრები მზად არ არის, ექვს ერზე ითამაშოს, მაგრამ, თუ საშუალება მიეცემა, 17 წლის განმავლობაში ისევე სწრაფად გაიზრდება, როგორც იტალია.

იტალიის ნაკრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს კარგი გუნდია, რომელშიც შესანიშნავი მორაგბეები თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ხომ მათ საწინააღმდეგოდ პრესასთან არაფერს ვამბობთ.

მოდით, მოვაწყოთ მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის. იქ, მოედანზე, გამოჩნდება ვინ ვინ არის.

ძალიან ცუდად გამოუვიდა პარისეს, როცა თქვა, რომ ჩვენი ადგილი ექვს ერში არ არის. ის მსოფლიოს დონის მორაგბეა და მისმა ამ სიტყვებმა გული გვატკინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
გულში გენაცვალეთ !!! რუმინეთთან თამაშის მერე ჯერ კიდე ვერ გამოვსულვარ ემოციებიდან. სულ უფრო და უფრო მიყვარდება რაგბი.მამუკა იმედი მაქვს ნაკრების ყველა წევრი შენნაირად აზროვნებს.თქვენნაირი ქართველები სჭირდება ეხლა ჩვენს სამშობლოს.
გოგლა
31 მარტი 2016 09:44
0
ისეთი მოზომილი სიტყვა -პასუხი აქვს ელჩად უნდა დანიშნონ.
ნანა
30 მარტი 2016 23:21
0
მამუკა გენაცვალე,კაცი ხარ მინდორზე და ცხოვრებაშიც.
sake
30 მარტი 2016 22:20
0
ვისურვებდი რაგბის დაფინანსება გაიზარდოს და მთავრობამ გამოყოს მეტი თანხა რაგბისათვის. ყურადღება მიექცეს ბავშვთა რაგბს, სკოლებში შემოიღონ რაგბის წრეები ანუ ბავშვობიდან უნდა გავუღვივოთ ყველას რაგბის სიყვარული. დიდი მადლობა გორგოძეს და ყველა იმ მორაგბეს ვინც საქართველოს ნაკრების მაისურს ღირსეულად ატარებს!
emzari
30 მარტი 2016 21:51
0
ადამიანი ლეგენდა, გმირი, თავმდაბალი, გაწონასწორებული და მისაბაძი!!!
რამო ბათუმი
30 მარტი 2016 17:24
0
ragbis giji-ს, ძალიან, ძალიან კარგი იდეაა და თხოვნით მივმართავ თი-ბი-სი ბანკს, როგორც ჩვენი რაგბის მთავარ სპონსორს და არამარტო მივმართავ, არამედ მივაწვდენ კიდეც ხმას. ვიცი, რომ გარკვეული მიმართულებით ასპონსორებენ სხვადასხვა სახის ფილმების გადაღებას და იქნებ ამაშიც ამოუდგნენ ქართულ რაგბის გვერდში. მეტიც, ეს არ იქნება მარტო ჩვენი რაგბის ისტორია და მისი პოპულარიზაცია, ეს იქნება პატრიოტიზმის, ჟინის, თავდადების, ერთგულების, აზროვნების პოპულარიზაციაც.შეიძლება ცოტა სენტიმენტალურიც კი იყოს მათთვის ვინც საქართველოს ისტორია არ იცის და დაეხმაროს მათ სხვა კუთხით დაინახონ ქვეყანაც და ამ ბიჭების ასეთი თავდადება. მაგრამ ეს უკვე სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის მიმინდია ...
rezo110
30 მარტი 2016 17:17
0
ვეთანხმები გორგოძეს შემფასებელ წინა კომენტატორს, რომ ის მოაზროვნე კაცია. ~ველოდები~ მის დაბრუნებას საქართველოში, რათა რაგბი რეალურად გახდეს #1 სპორტი და ამის თავი და ბოლო მდგომარეობს ადგილობრივ შეჯიბრებებზე მაყურებელთა ისეთივე დასწრებაში, როგორც მხოლოდ ნაკრებების თამაშებზეა.რაგბი უნდა გახდეს - ქართველების ნომერ პირველ ~სანახაობად~, ფეხბურთიც იყოს.
გივი მრელაშვილი
30 მარტი 2016 16:38
0
ერთი ვინმე მადლიან ადამიანს,ჩვენს სახელოვან კინორეჟისორებს თავში მოუვიდეთ აზრი,რომ ერტი კარგი ქართული მხატვრული ფილმი გადაიღონ ქართულ რაგბიზე,მის ფესვებზე..აი ისეტი ქალბ-მა ნანა მჭედლიძემ რომ გადაიღო "პირველი მერცხალი"..გავაგებინოთ მთელ სამყაროს რომ რაგბი,ჩვენებურად "ლელო' ჯერ კიდევ როდის არსებობდა,რომ ბრიტანელებზე დიდი ფესვები გვაქვს ამ სპორტში..მერე იქნებ სხვანაირად შემოგვხედონ..ეს ხომ მართლა ჩვენი სულის ნაწილია!
ragbis giji
30 მარტი 2016 16:36
0
მართალია პარისე, ჩვენთვის ჯერ კიდევ ადრეა ექვსი ერის გათამაშება... მართალია ჩვენ ძალიან გვინდა მანდ მოხვედრა და ამით კლასის ამაღლება, მაგრამ იმას რატომ არ კითხულობთ, იმათ, ხუთი ერის წარმომადგენლებს უნდათ ამ სიშორეზე წამოსვლა არაფრის მომცემისთვის, იქნებ ისევ იტალიაში ჩასვლა ურჩევნიათ, იქაც არაფრისთვის, მაგრამ ტურიზმისთვის და ბოლობოლო კომფორტისთვის კი...
okribeli
30 მარტი 2016 16:35
0
ერთი მოადე ყბაში იმ პარისეს, სადმე კარგ სიტუაციაში და მერე იქნებ ჩაიგდოს ენა, თუ არ ვცდები ეგ ნატურალიზირებული არგენტინელია და თუ ეგეთი მაგარია, წაეთრიოს თავის ქვეყანაში და იქ ითამაშოს.
ბბ
30 მარტი 2016 15:43
0

სიახლეები პოპულარული