მილტონ ჰეიგმა სამოასთან ტესტისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველ ისტორიულ ტესტ-მატჩამდე სტუმრად სამოასთან ორიოდე დღე რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 06:00 საათზე, "ბორჯღალოსნები" აპიას "პარკ სთედიუმზე" ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს - "მანუ სამოას" ("გულადი სამოა") დაუპირისპირდებიან.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გაემგზავრა, სადაც პირველ მატჩს სამოასთან გამართავს. შემდეგ "ბორჯღალოსნები" ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, ტონგას დაუპირისპირდებიან, 24 ივნისს კი - მასპინძელ ფიჯის.

ჩვენი ნაკრები ტესტებისთვის სამოაში
4 ივნისიდან ემზადება. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრანგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.

სამოას ნაკრებთან დაპირისპირებამდე "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

პირველ ხაზში ასეიშვილი, ბრეგვაძე და მირცხულავა იწყებენ. მეორე ხაზში ჩხაიძისა და ნემსაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამეში 8 ნომერზე ლაშა ლომიძე დაიწყებს. გუნდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი 6 ნომერზე ითამაშებს, ხოლო ერთა თასზე, ესპანეთთან მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ პირველად ვიხილავთ გიორგი თხილაიშვილს.

93-ე კეპს მოიხვეჭს "ბორჯღალოსანი", ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი. ცენტრში, ტრადიციულად, მერაბ შარიქაძე 12-ზე, ხოლო დავით კაჭარავა 13-ზე გაირჯება, ხოლო გარემარბებად სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე დაიწყებენ. ჰავბექებად გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე ითამაშებენ.

"გამოცდილი რაზმია, რომელმაც ითამაშა ერთა თასზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აპიაში შეკრული გუნდით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ნაკრებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს და დარწმუნებული ვარ, სხვა ლიდერებთან ერთად, გუნდს კარგად წავუძღვებით.

გამოწვევა მიღებულია და მოუთმენლად ველით შაბათს სამოას წინააღმდეგ თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ.

სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის, რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და თავდაჯერებულობა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი
ბექები: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10).
ფორვარდები: 1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფ).

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველოს დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა - საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო - ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდმა არ გამოუშვა
boba
11:25 10-06-2016
0
გორგოძე რატომ არაა?
mashin rica
17:58 09-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული