მამუკა გორგოძე: მესამე დილას გავიღვიძე და სულ გადავირიე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერ მამუკა გორგოძეს ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსანთა" შორის არ უასპარეზია. საფრანგეთის ჩემპიონატი წლეულს უჩვეულოდ გვიან დასრულდა, რისი მიზეზიც შარშან ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება იყო.

"ტულონი", სადაც მამუკასთან ერთად ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობენ, პლეი ოფში ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ფინალში, ბარსელონას "ნოუ კამპზე" პარიზულ "მეტრო რასინგთან" დამარცხდა. იმ მატჩში "ტულონის" რიგებში მამუკა საუკეთესო იყო და ერთი ლელოც მიითვალა.

- მამუკა გორგოძემ "კამპ ნოუზე" ტოპ-14-ის ფინალში ლელო დადო [VIDEO]

ოდნავ მოგვიანებით, ჩილაჩავასთან და მონპელიელ მიხეილ ნარიაშვილთან ერთად "მიდი ოლიმპიკის"
გამოკითხვით, საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს სერიოზული წარმატება და ქართველი მორაგბეების კიდევ ერთხელ აღიარებაა.

მამუკა ახლა შვებულებაშია და სამშობლოში იმყოფება. მას "შევარდენის" საწვრთნელ ბაზაზე შევხვდით. ფიტნესდარბაზში ვარჯიშის შემდეგ მისი ფრანგული კარიერის ამ ეტაპზე და საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე ვისაუბრეთ.

- ბარსელონა, "ნოუ კამპი", პირთამდე სავსე სტადიონი, შესანიშნავი გარემო, საფრანგეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი... რატომ წააგეთ?
- დღემდე ვერ ამიხსნია. მეტოქის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზელები 14-ნი დარჩნენ. ეტყობა, ჩემმა თანაგუნდელებმა იფიქრეს, რომ მატჩი უკვე მოგებულია. ლელო რომ გავიტანე, კაპიტანთან მივედი და ვუთხარი, ჯერ არაფერი დამთავრებულა, თამაში ჯერ კიდევ მოსაგებია-მეთქი. მართალი გითხრათ, მაგ თამაშის წაგება უფრო ძნელი იყო, ვიდრე მოგება. წარმოუდგენელია, მაგრამ "ტულონმა" ვერ დაამარცხა 14 კაცით მოთამაშე მეტოქე!

- "ნოუ კამპმა", იქაურმა აურამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- შესანიშნავი სტადიონია. გასახდელიდან კიბეებზე რომ ჩადიხარ, სანამ მოედანზე გახვალ, პატარა ეკლესიაა. კათოლიკურია, მაგრამ მაინც შევედი სალოცავად. იქ "მეტრო რასინგის" პრეზიდენტი დამხვდა, ლოცულობდა. ჩემკენ ზურგით იდგა და ისე იყო გართული ლოცვით, რომ არც შევუმჩნევივარ. აი, სწორედ მაშინ გამკენწლა გულში, ვიფიქრე, ღმერთმა საჩუქარი არ გაუკეთოს და არ მოაგებინოს-მეთქი.

ისე მონდომებით ლოცულობდა, როგორ ვთქვა, მეტოქის გამარჯვება გამიხარდა-მეთქი, მაგრამ, რადგან მოიგეს, ღმერთმა შეარგოს.

- მატჩის შემდეგ "მიდი ოლიმპიკმა" თქვენი თამაში 7 ქულით შეაფასა. ეს ყველაზე დიდი შეფასება იყო ტულონელთა შორის. ქომაგები კომენტარებში ამბობდნენ, მამუკასავით კიდევ ორ მორაგბეს რომ მაინც ეთამაშა, "ტულონი" აუცილებლად მოიგებდაო...
- არ ვიცი, ამაზე რა ვთქვა. ქომაგს თავისი აზრი აქვს და ხშირად ობიექტურიც. ფაქტი ერთია, გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. "ტულონს" კაცნაკლული მეტოქის დამარცხება არ უნდა უჭირდეს.

- "ტულონი" მწვრთნელმა, ბერნარ ლაპორტმა დატოვა. ახლა კლუბის პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ახალი თავკაცის ძიებაშია. როგორ შეაფასებდით გუნდის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს?
- რომ ვთქვა, განსაკუთრებული ტაქტიკური ხედვით გამოირჩევა სხვა მწვრთნელებისგან-მეთქი, არ იქნება სწორი. ერთი ეგ იყო, რომ დისციპლინა ჰქონდა დამყარებული გუნდში, ვარსკვლავების დაჭერა, მათი რეჟიმში მოქცევა ეხერხებოდა. საკმაოდ მკაცრი იყო და შეეძლო, მორაგბე, ვარსკვლავი იქნებოდა თუ სხვა, კარგად გამოელანძღა.

სხვა მხრივ, აბა, რა გითხრათ. საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა და მთელი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული. გუნდისთვის მას არ ეცალა და ფინალში რომ გავაღწიეთ, ესეც მიღწევაა. თუმცა, ფინალში მარცხს მწვრთნელს ვერ დავაბრალებ.

- ფრანგულ პრესას თუ ვენდობით, "ტულონის" მწვრთნელობის კანდიდატები თითქმის ყოველდღე იცვლებიან. ახლა ბურჯელალი ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან, სტიუარტ ლანკასტერთან აწარმოებს მოლაპარაკებასო...
- ვერაფერს გეტყვით. ბურჯელალი არაორდინარული ადამიანია. დღეს შეიძლება ერთი გადაწყვეტილება მიიღოს, ხვალ - მისი საპირისპირო. წესით, მწვრთნელი არგენტინული წარმოშობის იტალიის ნაკრების ყოფილი ლიდერი დიეგო დომინგესი უნდა ყოფილიყო. მან საქართველოში წამოსვლის წინ დამიბარა, მითხრა, სამი დღით გვიან ჩამოდი, დაისვენეო. ახლა ის მწვრთნელი აღარ იქნება, ვინ იქნება, ისიც არ ვიცი და როგორ მოვიქცე, წარმოდგენა არ მაქვს.

- ლანკასტერამდე "მონპელიეში" თამაშისას თქვენი ყოფილი მწვრთნელის, ფაბიენ გალტიეს კანდიდატურაც სახელდებოდა...
- დიახ, მასთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას ბურჯელალი. თითქოს შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ... გალტიე კარგი სპეციალისტია, თუმცა, როგორც პიროვნება, არავის უყვარს, მათ შორის მეც ვარ.

- "ტულონის" სათადარიგო გუნდში არის ქართველი შერკინების კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც ლაპორტი ძალიან აქებდა და ერთი ხანობა ძირითად გუნდში დაყენებასაც უპირებდა...
- ბადრის მიმართ დიეგო დომინგესსაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭია. ვფიქრობ, ხშირად უნდა ითამაშოს "ჩელენჯზე". "მონპელიეში" მეც მაგით დავიწყე. ერთი სიტყვით, უნდა იშრომოს, იბრძოლოს და შედეგი არ დააყოვნებს.

- სეზონის დასრულების შემდეგ, "მიდი ოლიმპიკის" გამოკითხვით, თქვენ, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელეს. სამი ქართველი ერთდროულად სეზონის საუკეთესო თხუთმეტეულში არასდროს ყოფილა...
- ზუსტად ვიცი, ამ გამოკითხვაში მაღალი პროცენტით რატომ გავუსწარით ყველას. სულელი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამაში ქართველი ქომაგის ხელი ურევია. შესაძლებელია, რომ არა ისინი, დაბალი პროცენტით გაგვესწრო სხვებისთვის, მაგრამ ქართველმა გულშემატკივრებმა თავიანთი საქმე იციან.

მიუხედავად ყველაფრისა, გამოკითხვაში კანდიდატებად დასახელებას ნამდვილად ვიმსახურებდით და ესეც არ არის პატარა საქმე. სულ მინდა მოწინავე ვიყო და ვცდილობ, ამას მივაღწიო. ძალიან გამიხარდა, სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი, ამან სტიმული მომცა. სხვათა შორის, არც საფრანგეთში არიან ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილნი, მხარს ისინიც გვიჭერენ.

ამაყი ხასიათი მაქვს, მაგრამ რასაც ვაღწევ, მხოლოდ შრომით. მით უფრო, რომ ჩემს პოზიციაზე ძალიან ბევრი მაგარი მორაგბეა და ახალგაზრდებიც სულ მოდიან და მოდიან.

- მოდი, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. ჩვენმა გუნდმა ივნისის ტესტებზე კუნძულებზე წარმატებას მიაღწია. სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ...
- ასეთ შედეგს ვერც ვინატრებდით. მაგ დროს "ტულონი" პლეი ოფს თამაშობდა და როგორც სპორტსმენი, სულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავი, არ შეიძლება ძილის გატეხა. ამიტომ ვერცერთი მატჩი ვერ ვნახე.

გავიღვიძე ერთ დილას და სამოასთან ფრედ დასრულებული მატჩის შედეგი დამხვდა. გავიღვიძე მეორე დილას და ლევან ჩილაჩავას გზავნილი ვნახე ტელეფონში - ნახე, ბიჭებმა ტონგასთან როგორ დაგლიჯესო? მესამე დილას გავიღვიძე და სულ გადავირიე, ფიჯის მოვუგეთ დამაჯერებლად.

ცხადია, ყველას გულით გვიხარია ეს წარმატება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გუნდები, სამოა, ფიჯი და ტონგა ჩვენთან თამაშისას ჯერ კიდევ ფავორიტები არიან. რა თქმა უნდა, მათთან წინდაწინ წაგებას არავინ აპირებს და როგორც ყველასთან, რა შემადგენლობითაც უნდა ვითამაშოთ, მათთანაც მოსაგებად გავალთ.

- ნოემბერში არანაკლებ საინტერესო ტესტები გველის: იაპონია, სამოა, შოტლანდია... როგორ შეაფასებდით ამ გუნდებს და იქნებით თუ არა ამ დროს ჩვენი ნაკრების რიგებში?
- თუ ტრავმა არ მექნება, ცხადია, აუცილებლად ვითამაშებ. საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ძალიან ძლიერი გუნდებია. ყველამ ნახა, იაპონიამ ინგლისში როგორი ფურორი მოახდინა. ფაქტობრივად, მათმა თამაშმა მსოფლიოს თასზე ჩვენი წარმატება გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები პროგრესს განაგრძობენ, არ მიმაჩნია, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და წესით, თბილისში აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუმცა, ეს ძალიან ძნელი იქნება.

სამოა ჩვენთან სათამაშოდ კარგად მომზადებული ჩამოვა. ადრე თუ ზერელედ გვიყურებდნენ, ახლა ასე აღარ მოიქცევიან. მაქსიმალურად მობილიზებულნი ითამაშებენ და ჩვენთან ფავორიტები იქნებიან. მათთანაც, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ.

შოტლანდია სულ სხვა დონეა. კლასით ორივე ამ გუნდზე ბევრად უფრო ძლიერია. სტუმრად გვიწევს თამაში, რაც ამოცანას კიდევ უფრო გვირთულებს. ვნახოთ, როგორ წაგვივა თამაში, გამორიცხული არაფერია.

- ივნისის ტესტების პარალელურად, ინგლისში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიც ასპარეზობდა. როგორ შეაფასებდით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს?
- ვფიქრობ, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან მაგარი ბიჭები თამაშობენ. მიხარია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი კარგი შევსება მოდის. მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან, ნელ-ნელა დაიწყონ ეროვნულ ნაკრებში თამაში.

ძალიან დიდი კონკურენცია იქნება მესამე ხაზში, რაც დიდად მახარებს. რა წამს დავინახავ, რომ ისე ვეღარ ვარ, როგორც საჭიროა და ვინმე უკეთესია, უმალ დავუთმობ გზას. პირველი და მესამე ხაზი უმაღლესი დონის გვეყოლება, ცოტა მეორე ხაზში გვიჭირს. თუმცა, თუ გამოჩნდნენ მაღალი ბიჭები, ნელ-ნელა იქაც გაუმჯობესდება მდგომარეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
მიხარი რომ საქართველოს ჰყავს თქვენი სახით ერთ-ერთი გამორჩეული ვაჟკაცი.
0
აი კაცი, რა წამს დავინახავ რომ ვინმე ჩემზე უკეთესია ეგრევე გზას დავუთმობო. მამუკას მხარდამხარ მომავალი ვარსკვლავები დაფრთიანდებიან
ნოდარი
02:03 31-07-2016
0

სიახლეები პოპულარული