ნუ გავუტოლებთ: საქართველომ რუმინეთს რაგბის განვითარება მოუგო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში დაშვებას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. ძირითადად, ავტორები ჩვენთვის სასარგებლო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ცხადია, ეს თემა დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილი არ არის. ყველაფერი კი, სავარაუდოდ, მაინც 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.

ყოველივე ამაში ერთი საგულისხმო დეტალი ისაა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებზე საუბრობენ და მის ექვს ერში დაშვებას ითხოვენ, იქვე ჩაროზად რუმინეთსაც ახსენებენ ხოლმე, საქართველოს და რუმინეთს დახშული კარი უნდა გავუხსნათო.

ერთი მხრივ, ეს ჩვენთვის ცუდი არ არის. რუმინეთი დიდი ხანია მსოფლიოს სარაგბო ოჯახის წევრია და მათ
თავისიანებად მიიჩნევენ. თუმცა, სარაგბო ვებგვერდმა tier2rugby.blogspost.com-მა, რომელიც რეგულარულად აშუქებს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და შესანიშნავ ანალიზს აკეთებს, გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართული და რუმინული რაგბის ერთ კონტექსტში მოხსენიება დღესდღეობით უადგილოა, რადგან ქართული რაგბი ყველა პარამეტრით წინაა რუმინულზე.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, სადაც ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ ქართულმა რაგბიმ განვითარების გზაზე.

"საქართველო და რუმინეთი ერთი შეხედვით ერთი დონის სარაგბო ქვეყნები არიან, მაგრამ ბოლო წლებში ქართველები მეტოქეზე აშკარად დომინირებდნენ.

2011 წლის შემდეგ ქართველებმა რუმინელებს ექვსჯერ მოუგეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს. ერთა თასის ბოლო ექვსი გათამაშება ასევე "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. აქედან ოთხში სლემი შეასრულეს, ანუ ყველა შეხვედრა მოიგეს. რუმინელებმა ბოლოს ერთა თასზე 2010 წელს იპირველეს.

საინტერესოა, რომ რუმინელებს ქართველებისთვის ექვსი საათი და 33 წუთია, რაც ლელო არ გაუტანიათ. ქართველებმა კი ბოლო მატჩში ექვსი ლელო მიითვალეს.

საკმაოდ დიდი ნაპრალია ამ ორი ქვეყნის რაგბის შორის ახალგაზრდულ დონეზე. 20-წლამდელთა შორის საქართველო მსოფლიოს ათ საუკეთესო გუნდშია. რუმინელებმა კი, მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე ბოლოს 2010 წელს ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატთან ახლოს არასდროს ყოფილან.

18-წლამდელთა შორის საქართველო რეგულარულად ასპარეზობს ევროპის ელიტურ ჩემპიონატზე. აქ მან ორჯერ დაიკავა მე-6, ერთხელ მე-7 და ერთხელაც მეორე ადგილი. რუმინელები ამ დროს მეორე დივიზიონში ასპარეზობენ და ორჯერ მე-12, ერთხელ მე-11 და ერთხელად მე-13 ადგილზე გავიდნენ.

ქართველებმა არაერთხელ შეძლეს ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელთა დამარცხება, მაშინ, როცა რუმინელები აგებენ ბელგიელ, ესპანელ, რუს, პორტუგალიელ და გერმანელ თანატოლებთან.

საქართველო სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით, რუმინეთი - არა. ქართველების უპირატესობა კარგად ჩანს შარშან გამართული მსოფლიოს თასის სტატისტიკიდან. 11 ქართველი მორაგბე იმ 23 მოთამაშისგან, რომლებმაც ტონგას მოუგეს, რუმინელთა ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) მორაგბეზე უმცროსი იყო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ნახევარი გასული საუკუნის 90-იან წლებშია დაბადებული (ნარიაშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, შარიქაძე, მჭედლიძე და სხვები), რასაც ვერ ვიტყვით რუმინელებზე. აქ ერთადერთი, ვინც ნიკოლაე ჩაუშესკუს დახვრეტას ვერ მოესწრო, ადრიან აპოსტოლია, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი მოთამაშეა ამ გუნდში.

საქართველოს ნაკრები საკუთარ ქვეყანაში გაცილებით პოპულარულია, ვიდრე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში. წლეულს "დინამო არენაზე" საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩს 52 342 მაყურებელი დაესწრო. ამის საპირწონედ ბუქარესტში 4 000 ან 4 500 მაყურებელი ვერაფრით გამოდგება.

ქართულ სპორტულ საიტებზე რაგბი გამოყოფილია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სპორტის სახეობა ქვეყანაში. მაშინ, როცა რუმინეთში რაგბი შეგიძლიათ მოძებნოთ "სპორტის სხვა სახეობების" განყოფილებაში.

მამუკა გორგოძე ქართული სპორტის სიმბოლოა, რუმინეთში მისი ეკვივალენტი მორაგბე არ არსებობს.

ერთი სიტყვით, ცხადია, რომ რაგბის საქართველოში გაცილებით კარგი მომავალი აქვს, მით უფრო, რომ სპორტის ეს სახეობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციებს იღებს. შენდება სტადიონები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა.

ამიტომ უცნაურია, როცა ექვსი ერის გაფართოებაზე საუბრობენ, საქართველოსთან ერთად რუმინეთს რატომ ახსენებენ?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
1 ნორმალური საკლუბო გუნდი როგორ ვერ დააყენეთ ევროტურნირებისთვის, ესაა რაგბის ხელშეწყობა?
mdaaa...
19:34 03-11-2016
0
2010 წელს წავაგეთ ბოლოს რუმინეთტან და 2013 ში ვითამაშეთ 12-12 ბუქარესტში. ბოლო 8 თამაშში 7 გამარჯვება და 6 ფრე გვაქვს.
გიო
16:49 03-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული