იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩამდე 48 საათით ადრე "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი სამატჩო სია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" იაპონიის ნაკრებს 12 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება.

- "ბორჯღალოსნების" მზადება "შევარდენზე" ნოემბრის ტესტებისთვის [PHOTO]
- ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
- დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?

ამ თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მცირე ტრავმების გამო რაზმს გარემარბი ალექსანდრე თოდუა და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე გამოაკლდნენ.
მწვრთნელმა არ გარისკა და მათ დასვენების საშუალება მისცა.

შერკინება
შერკინების პირველ ხაზში ივნისის ტესტების გამოტოვების შემდეგ ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ბრუნდებიან, ხოლო კვაჭი, ტრადიციულად, ჯაბა ბრეგვაძეა.

ივნისში არ უთამაშია და ახლა შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება კონსტანტინე მიქაუტაძე. მატებაა მესამე ხაზში, სადაც ვიტო კოლელიშვილი და მამუკა გორგოძე ბრუნდებიან, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა ბიწაძე დადგება.

ხაზი
ხაზში სიურპრიზები არაა. წყნარი ოკეანის ტურნეს შემდეგ აქ გუნდს 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე უბრუნდება, რომელიც ივნისში "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, შუაში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფლანგებზე გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი კი მერაბ კვირიკაშვილია.

ორი დებიუტანტი მარქაფაში
მარქაფაში სიახლეებია. "ბორჯღალოსნების" კვართს პირველად მოირგებს "ტულონის" კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც შარშან 20-წლამდელთა კაპიტანი იყო, თუმცა ამ დონეზე არასდროს უთამაშია.

სამწლიანი შესვენების შემდეგ მოედანზე ნაკრების კვართით გავა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახან საფრანგეთის ჩემპიონ "რასინგთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მარჯვენა ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი იქნება.

შეცვლაზე მეორე ხაზის მოთამაშეთაგან არავინაა და თუ რომელიმე მათგანის შეცვლა გახდება საჭირო, სავარაუდოდ, იქ გორგოძე გადაინაცვლებს. მესამე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს ვიხილავთ, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან - გიორგი ბეგაძეს, ლაშა მალაღურაძეს და ანზორ სიჭინავას. "აკადემიის" გარემარბისთვის ეს სანაკრებო დებიუტი იქნება.

სტატისტიკა
12 ნოემბერს 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეობით 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა
უკანა ხაზი
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება
1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6 მამუკა გორგოძე (კაპ), 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ბექა ბიწაძე.
მარქაფა
23 ანზორ სიჭინავა, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ბადრი ალხაზაშვილი, 17 ვასილ კაკოვინი, 18 დუდუ ქუბრიაშვილი, 19
ლაშა ლომიძე, 20 გიორგი თხილაიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
რადროს რაგბია?როცა ფეხბურთია
lado
19:50 10-11-2016
0
რატომ?რახან ფეხბურთია გავჩერდეთ და არაფერი ვაკეთოთ? რა კომენტარია ეს? ფეხბურთი ფეხბურთია,რაგბი რაგბი.იმედია ორივეს მოვიგებთ.სხვათაშორის დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს ერთი სამ საათზეა მეორე ცხრაზე
გულშემატკივარი
23:54 10-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული