საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
"გულდასაწყვეტია ასეთი თამაშის წაგება. მოხერხება უნდა იმას, რომ ასეთი დიდი ფიზიკური უპირატესობა გქონდეს და მაინც წააგო" - ეს სიტყვები ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა. მართლაც ძნელია, მით უმეტეს, ცხელ გულზე "ბორჯღალოსნების" მარცხს იაპონიის ნაკრებთან ახსნა მოუძებნო.

თითქოს სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით, სალელოვე მომენტებიც მეტი შევქმენით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვეყო ის, რაც რაგბიში ყველაზე მნიშვნელოვანია - სათანადო ფიზიკური კონდიცია, გამძლეობა, სწრაფი, ფეთქებადი ძალა, სწრაფი აზროვნება, დროული და სწორი ურთიერთდახმარება, ორთაბრძოლაში თამამი ჩართვა და დროული ჩახურვა. მოვიკოჭლეთ დაკიდებულ ბურთზე თამაშშიც.

სწორედ ამ უკანასკნელი კომპონენტის ხარჯზე შეძლეს იაპონელებმა ორი ლელოს გატანა. დაცვაში უკანახაზელების უყურადღებო თამაში კი წაგების ფასად დაგვიჯდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი, მარცხის მიუხედავად, მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ბორჯღალოსნებმა", როგორც სჩვევიათ, ბოლომდე გულიანად იბრძოლეს და ქომაგმაც დაუფასათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ჩვენმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად, შეტევებით დაიწყო და საწყის ათ წუთში სტუმრებს სამჯერ შევუტიეთ მოლით. იაპონელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამჯერვე თავგანწირვით იბრძოლეს და ლელო დაიცვეს.

ანგარიში კი იაპონელებმა მე-9 წუთზე გახსნეს. რაც მათ გააკეთეს, იერიშს ვერ დაარქმევ. ბურთი ფეხით ზურგს უკან დაკიდეს, იქვე მიჰყვნენ. ჩვენმა უკანახაზელებმა ბურთის დამორჩილება ვერ შეძლეს, ის ისევ იაპონელების ნადავლი შეიქნა და ლელო ფულბეკმა კოტარო მაცუშიმამ გაიტანა. მგეზავმა იუ ტამურამ ვერ გარდასახა. ეს ერთი ნაჩუქარი ლელო.

რვა წუთის შემდეგ ტამურამ საჯარიმოს გატანა შეძლო და იაპონია 8:0 დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებმა" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. ფიზიკურ ძალაში ჩვენების უპირატესობა აშკარა იყო და მორკინალებიც მის გამოყენებას მალიმალ ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მიძალებისას არბიტრმა იაპონელთა მეორეხაზელი წესის დარღვევის გამო სინბინში გაუშვა.

საჯარიმოდან ბურთი აუტში გადავიტანეთ. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ, მოლი შეიკრა, მიაწვა და ჩათვლის მოედანში იოლად შეაღწია. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი იყო. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:8. ეს 26-ე წუთზე მოხდა.

ინიციატივა ხელიდან არც ამის შემდეგ გაგვიშვია. იაპონელებს ტაიმის დასრულებამდე ჩვენი ლელოს სიახლოვეს საფრთხე არ შეუქმნიათ. 38-ე წუთზე სტუმრებმა მოედნის საკუთარ ნახევარზე აუტი უხეიროდ მოაწოდეს. ბურთს ჩვენი ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაეუფლა და ლელომდე 45 მეტრი ირბინა. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახა - 12:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

თითქოს ყველაფერი დალაგდა. სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, ანგარიშშიც წინ გავედით. მეორე ტაიმიც ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო. 44-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მათივე შერკინება მოვიგეთ და შეტევა მარცხენა ფრთაზე ხელდახელ განვაგრძეთ. ლობჟანიძემ იერიშში შუამარბი დავით კაჭარავა ჩართო, რომელსაც კიდევ უფრო მარცხნივ უნდოდა გიორგი აფციაურისთვის ბურთის გადაწოდება, მაგრამ იაპონელთა გარემარბმა ლომანო ლემეკიმ ჩაუჭრა და ლელომდე 95 მეტრი ისე ირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა. გარდასახვა ტამურას გაუცუდდა. ესეც მეორე ნაჩუქარი ლელო - 13:12.

საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" ხუთ წუთში მიითვალეს. ორწუთიანი იერიში, რომელშიც მორკინალები და უკანახაზელებიც თანაბრად იყვნენ ჩართულნი, მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 19:13.

საქართველოს ნაკრების იერიშები არ წყდებოდა. ოთხ წუთში ისევ ახლოს ვიყავით ლელოსთან, მაგრამ ბოლოს საჯარიმოს კარში დარტყმა გადაწყვიტეს და კვირიკაშვილმა ცხრა ქულით დაგვაწინაურა - 22:13.

თითქოს, კიდევ ერთხელ ისევ ყველაფერი დალაგდა, მაგრამ...

იმას, რაც დასკვნით 20 წუთში მოედანზე ხდებოდა, ვერაფრით ავხსნით. მე-60 წუთზე სტუმრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდნენ და ფეხით ისევ ზურგს უკან გადმოკიდეს. აქ ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი აფციაურმა ბურთი თითქოს ერთმანეთს დაუთმეს. უეცრად კი, საიდანღაც სტუმართა გარემარბი ლომანო ლემეკი გაჩნდა და სრულიად უწყინარ ვითარებაში მესამე ლელო გაგვიტანა.

ტამურამ გარდასახა - 20:22. ესეც კიდევ ერთი ნაჩუქარი ლელო.

ამის მერე ჩვენი ნაკრები თითქოს გაჩერდა. ბურთი მეტწილად იაპონელებს ჰქონდათ. 63-ე წუთზე მათ მრავალფაზიანი იერიში აკინძეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეძლეს. ლელო შეცვლაზე შესულმა კეკნკი ფუკუოკამ გაიტანა. ტამურამ ვერ გარდასახა - 25:22.

თუმცა, მანვე სამ წუთში, 74-ე წუთზე 45 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა - 28:22.

დასკვნით ხუთ წუთში "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს მატჩის გადასარჩენად. მიზანთან ახლოს იყვნენ კიდეც, მაგრამ იაპონიის ნაკრებმა ისევ შეძლო საკუთარი ლელოს დაცვა.

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...
ვასილ ლობჟანიძე: იაპონიამ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა
თამაზ მჭედლიძე: იაპონიასთან ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ

ნოემბრის ტესტები
12.11.16. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-იაპონია 22:28
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა (ანზორ სიჭინავა 51 სბ 66-75), 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა ხმალაძე (ლაშა მალაღურაძე 11), 9 ვასილ ლობჟანიძე (გიორგი ბეგაძე 64), 1 მიხეილ ნარიაშვილი (ვასილ კაკოვინი 57), 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა (დავით ქუბრიაშვილი 54), 4 კონსტანტინე მიქაუტაძე (ლაშა ლომიძე 64), 5 გიორგი ნემსაძე, 6 ვიტო კოლელიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კ) (თხილაიშვილი 35-38), 8 ბექა ბიწაძე (გიორგი თხილაიშვილი 64).
3ლ: კოლელიშვილი, ლობჟანიძე, ბიწაძე; 2გ,ს: კვირიკაშვილი
იაპონია: 15 კოტარო მაცუშიმა, 14 ლომანო-ლავა ლემეკი (კეისუკე უჩიდა 79), 13 ტიმოთი ლაფაელე (ამანაკი ლოტოაჰეა 76), 12 ჰარუმიჩი ტატეკავა, 11 ქარნ ჰესქეთ (კენკი ფუკუოკა 51), 10 იუ ტამურა, 9 ფუმიაკი ტანაკა, 1 სატოში ნაკატანი (კოკი იამამოტო 58), 2 შოტა ჰორიე, 3 ჰეიჩირო იტო (იასუო იამაძი 61), 4 კოტარო იატაბე (სამუელა ანისე 41), 5 კიოსუკე კაძიკავა (სბ 24-34), 6 მელჯინ ილაუა (უვე ჰელუ 51), 7 შუნსუკე ნუნომაკი, 8 ამანაკი-ლელეი მაფი.
4ლ: მაცუშიმა, ლემეკი (2) ფუკუოკა; 2ს,გ: ტამურა
მსაჯი: ფედერიკო ანსელმი (არგენტინა)

სხვა მატჩები
იტალია-ახ. ზელანდია 10:68
ინგლისი-სამ. აფრიკა 37:21
შოტლანდია-ავსტრალია 22:23
ესპანეთი-ტონგა 13:28
საფრანგეთი-სამოა 52:8
უელსი-არგენტინა 24:20
ირლანდია-კანადა 52:21
რუმინეთი-აშშ 23:10
რუსეთი-ზიმბაბვე 19:15
გერმანია-ურუგვაი 24:21.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
კიდევ დავამატებ, რომ ამ თამაშიდან გამომდინარე შოტლანდია ეცდება მაღალ ტემპში გვეთამაშოს, რადგან გამოჩნდა, რომ სისწრაფეებზე გვიჭირს. ამის გამოყენება კი მათსავე საწინააღმდეგოდ შეგვიძლია, იჩქარებენ შეიძლება შეცდომები დაუშვან და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. მწვრთნელებმა კარგად უნდა გაანალიზონ ეს თამაში და ისიც გაითვალისწინონ, რომ შოტლანდიაც გაშიფრავს ამ და სამოასთან თამაშს და მაგის მიხედვით დაგეგმავს. ახლა გამოჩნდება რა შეუძლია სამწვრთნელო შტაბს.
ქარ
11:06 15-11-2016
0
თამაშს ვერ ვუყურე ლაივში, მაგრამ გუშინ გადავახვიე და თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე გავშიფრე მომენტები. თამაში წაგვაგებინა ზედმეტმა თავდაჯერებამ, იაპონიას ისე ეთამაშებოდნენ, როგორც მაგალითად რუმინეთს და პორტუგალიას. ასე არ შეიძლება ასეღები ქულები უნდა აიღო აუცილებლად, რო ხედავ მეტოქე ჯარიმდება ხშირად თავის 22-ში ყველა ეგეთი მომენტი ქულად უნდა აქციო, მერე კიდევ ეს გაუაზრებელი მოქმედებები, ჯარიმები, ბურთით აუტში გადასვლა, დაცვის გარღვევაზე თამაში ყველაფერი არასწორად გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მწვრთნელებს შესწავლილი არ ყავდათ მოწინააღმდეგე და მხოლოდ ბიჭების ენთუზიაზმის ხარჯზე უნდოდათ მოგება. კონკრეტული დავალებები არ ქონდათ მიცემული, ვის ვისზე უნდა ეთამაშა და როგორ. როგორც მაგალითად მსოფლიოზე და კუნძულებზე იყო. უკანა ხაზი, წინა ხაზი არაფერ შუაშია სისტემა არ ჩანდა თამაშში. მინდა ვიფიქრო, რომ პირველი თამაშის სინდრომი იყო და შემდეგში მოვუმატებთ ამ ტესტებზე. სწორი დასკვნების საფუძველზე შესაძლებელია შოტლანდიას მოვუგოთ ამ ფორმაციით, ისინი ზედმეტი წნეხის ქვეშ ითამაშებენ, რომ ჩვენთან არ წააგონ რაც მოგვცემს საშუალებას შეტევაში უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ და დაცვაში კიდევ აუცილებლად აგრესიულად და ადრე ჩახურვებით უნდა ვითამაშოთ.
ქარ
11:01 15-11-2016
0

სიახლეები პოპულარული