სპეციალისტის თვალით: ჭკუის სასწავლი გაკვეთილი "ბორჯღალოსნებისთვის"

AutoSharing Option
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც გასულ უქმეებზე ვაკის სტადიონზე გაიმართა, უკვე ისტორიის საკუთრებაა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა დიდხანს დარჩება განსჯის საგნად ქართული რაგბის თემში.

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

ეს იყო, როგორც ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, "შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით".

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა: "ასეთი დიდი ფიზიკური უპირატესობა გქონდეს და მაინც წააგო, ამას მოხერხება უნდა".

- მამუკა გორგოძე: ასე
დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...


ქართული რაგბის ქომაგებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ განვლილ მატჩზე სპეციალისტები.

თემურ ბენდიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:
"მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ყველა მოთამაშე ქების ღირსია. მათ პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე შეტევაში და არც დაცვისას დაუთმიათ რამე. ჩვენი მორაგბეები იმდენად აღემატებოდნენ მეტოქეს ფიზიკურად, რაც გამოჩნდა კიდეც შერკინებაში, დერეფანში და ერთი-ერთზე ორთაბრძოლებში, რომ ამ თამაშის დიდი ანგარიშით მოსაგებად მხოლოდ საზრიანობა და ტექნიკა იყო საჭირო.

თამაში რომ მოიგო, უნდა იცოდე, რა სათამაშო კომპონენტში ხარ ძლიერი და დახვეწო ის ბოლომდე. საერთოდ, გუნდის ყველა მორაგბეს ერთი და იგივე სათამაშო ფილოსოფია არ უნდა ჰქონდეს. პირველხაზელი იმისთვის ემზადება, რომ მეტოქეს დაეჯახოს, უკან გადააგდოს, უკან დაახევინოს. ეს, ცხადია, სხვებმაც უნდა აკეთონ, მაგრამ გუნდში უნდა იყვნენ ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც შეტევას ორგანიზებას გაუკეთებენ.

მოთამაშეები განწყობილი მარტო იმისთვის კი არ უნდა იყვნენ, რომ ხაზი გაჭრან, რაც, ცხადია, აუცილებელია, არამედ იმაზეც უნდა ფიქრობდნენ, რომ კარგად დაწყებულ შეტევას სწორი მიმართულება, გაგრძელება მოუძებნონ და შედეგს მიაღწიონ. ეს იმ დღეს, ჩვენი გუნდის თამაშში არ ჩანდა.

ჩვენი ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე კარგი მორაგბეა. რაც საფრანგეთში წავიდა, ბევრი მიმართულებით პროგრესი აქვს, მაგრამ მის თამაშს სწორედ ზემოთ თქმული აკლდა.

გუნდში უნდა გვყავდეს ვარსკვლავები და ასეთი, მამუკა გორგოძის გარდა, ჩვენს ნაკრებში კიდევ რამდენიმეა, ხალხი, რომლებიც შეძლებენ მოპოვებული უპირატესობის საზრიანად, გონივრულად განვრცობას. ყველაზე ძნელი ეგ არის, რომ მეტოქე მწყობრიდან გამოიყვანო, დაშალო. ჩვენ ამას ვახერხებდით, მაგრამ ამას კარგი, ეფექტური გაგრძელება აღარ მოჰყვებოდა. ამ თამაშმა გვიჩვენა, რომ ეს ნაკლი გვაქვს.

უკანა ხაზზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად თამაშობდა. იაპონელების მიერ გატანილი ყველა ლელო ჩვენი მოთამაშეების არასწორი განლაგების ბრალი იყო. უკანახაზელებს მეტოქესთან ერთი-ერთზე ბრძოლა არ წაუგიათ. კიდევ რომ ვეთამაშოთ, წესით, სულ მცირე, 20 ქულის სხვაობით უნდა მოვუგოთ". 

გიორგი ღლონტი, თბილისის "აკადემიის" პრეზიდენტი:
"იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე დღემდე ვფიქრობ. ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენი გუნდი ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა სათამაშოდ. შესაძლოა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი შერკინება აშკარად ჯობნიდა მეტოქისას. ფაქტობრივად, არავინ გვაკლდა. ის კი არა და, მწვრთნელებს ფართო არჩევანის საშუალება ჰქონდათ.

შესაძლოა, სავსე ტრიბუნებმაც დაძაბა გუნდი, მაგრამ ეს ხომ პირველად არ ხდება. ასეთი მარტივი შეცდომები არასდროს დაგვიშვია. არადა, ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა გვქონდა. 80 წუთიდან თითქმის 60 წუთის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელი იყო, მეტოქემ გააკეთა.

არის რაღაც დეტალები, რომლის გამოსასწორებლადაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარზე მეტოქეს ბურთი ავართვით და კონტრშეტევაზე მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა, მეტოქის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. ანალოგიურ შემთხვევაში იაპონელები შეძლებდნენ, შემტევს მინიმუმ ორი მორაგბე მაინც მიჰყოლოდა. ჩვენები შარიქაძეს ვერ მიჰყვნენ. ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანდა.

ამოდენა უპირატესობას რომ ფლობ შერკინებაში, დერეფანში აუცილებლად უნდა გამოიყენო. ბურთს ვფლობდით, ვუტევდით, მაგრამ... ალბათ, იღბალიც იყო.

ფაქტია, რომ რაც მოხდა, ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. იაპონელებს ეს თამაში არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ. ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო.

როგორც პროფესიონალი გუნდის თამაშით, ზოგადად, კმაყოფილი ვარ და იმედიც ჩამესახა. ვიცი, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ამ მარცხით არაფერი დასრულებულა. გუნდს ეტყობა, რომ მუშაობს და იმედია, მომავალ მატჩში სამოასთან, რომელიც იაპონიაზე არაფრითაა ნაკლები, ყველა ხარვეზი გამოსწორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ესეთი ცუდი თამაში არ მინახავს რამდენი ხანია. ((ჩვენი ნაკრების მხრიდან)).
halagaji
11:18 18-11-2016
0
წარმატებები ჩვენებს და სისწრაფე შეტევაში რაც თანდაყოლილი გვაქ მას უფრო განვითარება ჭირდება სხვა მხრივ იაპონიამ დაგვანახა რომ ექვსი ერი მინიმუმ 5 წელი ადრეა ჩვენთვის იქ ასე დაბალ სისწრაფეებზე გავნადგურდებით და ბიჭები წაგებულის ფსიქოლოგიას შეეჩვევა ამიტომ მოთმინება და ბევრი შრომა.
irak
11:10 18-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული