ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან! - BBC-ის ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

AutoSharing Option
BBC-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა ხვალინდელ მატჩს "ბორჯღალოსნებსა" და შოტლანდიის ნაკრებს შორის, რომელიც 18:20-ზე კილმარნოკის "რაგბი პარკზე" გაიმართება:

"საქართველოს ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ექვსი ერის გაფართოებულ ჩემპიონატში მონაწილეობას იმსახურებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მისი გუნდი წლებია, ხელჩართული იბრძვის.

ჰეიგის ნაკრებმა ექვსი ერის მომდევნო ტურნირი, ევროპის ერთა თასი ბოლოს ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, 2015 წლის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტესტების ტურნე დაუმარცხებელმა მოიარა.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასის მერე საერთაშორისო კალენდარში დიდი
ცვლილებებია მოსალოდნელი, ჯერ არ ჩანს ნიშნები, რომ ექვს ერში რაიმე შეიცვლება, მაგრამ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ არსებული სტატუს-კვო საქართველოს განვითარებას აბრკოლებს და მის ნაკრებს მსოფლიოს თასისთვის მზადებაში ხელს უშლის.

"დიახ, ჩვენ გადავიზარდეთ ერთა თასისთვის და ეს არ არის სხვა გუნდების უპატივცემულობა, უბრალოდ, სიმართლეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ლაპარაკი ექვსი ერის გაზრდაზე. ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია ექვს ერში გავარდნის სისტემის შემოღება. ჩვენი მიზანია ექვსი ერის შვიდ ან რვა ერამდე გაზრდა.

იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია დღეს ჩვენს პარტნიორს ამ ტურნირში მონაწილეობა.

ქვემოთ ახალზელანდიელის არგუმენტებია:
* საქართველო, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ვერ განვითარდება, თუ რეგულარულად არ შეხვდება პირველი დონის ქვეყნებს.

* ექვსი ერის შვიდ ერად გაზრდა საერთაშორისო მატჩების ფანჯარას არ გაზრდის.

* აღმოსავლეთ ევროპას რაგბის დიდი პოტენციალი გააჩნია.

* ის ამბობს, რომ საქართველომ წინადადება მიიღო,  Pro12-ში გუნდი წარადგინოს.

* ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ქართული რაგბი სარაგბო ინფრასტრუქტურას ხვეწს.

ხელჩართული ბრძოლა
თითქმის ყოველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანა ითხოვს მეტ თამაშს პირველი დონის ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს არგუმენტები დამარწმუნებელია.

"ბორჯღალოსნების" უპირატესობა ევროპის ერთა თასზე აშკარაა: ბოლო 6 ტურნირში მათ 30 შეხვედრიდან მხოლოდ 2 დათმეს. ქულათა სხვაობა კი ასეთია - 948:264.

შარშანდელი მსოფლიოს თასის მერე საქართველო მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ახლახან შინ დაძაბულ ბრძოლაში იაპონიასთან დათმო. მანამდე იყო ვიზიტი წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაუმარცხებლად, გასულ უქმეებზე კი "ბორჯღალოსნებმა" თბილისში სამოა დაამარცხეს.

პირველი დონის ქვეყანას არასოდეს გაუმართავს ტესტი საქართველოში. ზოგადად კი, თუ მსოფლიოს თასის მატჩებს არ ჩავთვლით, საქართველოსთვის ეს თამაში მეოთხე იქნება პირველი დონის ქვეყნებთან. მეოთხე 13 წელიწადში! მხოლოდ ამდენჯერ ჰქონდათ ქართველებს შესაძლებლობა, მათზე წინ მდგომ ქვეყნებთან დაეხვეწათ თამაში.

"როგორ უნდა მოუმატო ასეთ სიტუაციაში? - სვამს კითხვას მილტონ ჰეიგი. - ტესტების კალენდარი პირველი დონის ქვეყნებს 2019 წლის მსოფლიოს თასამდე გაწერილი აქვთ. თუმცა არის რამდენიმე უქმე თავისუფალი იმისთვის, რომ მათ მეორე დონის ქვეყნებთან ითამაშონ. მეორე დონის ქვეყნებს კი ერთმანეთთან მუშტი-კრივი გვრჩება ნარჩენებისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ცოტათი ვხუმრობ, მაგრამ ჩემ მიერ დახატული სურათი რეალობისგან დიდად არ განსხვავდება.

ძალიან, ძალიან ძნელია მეორე დონის ქვეყნისთვის ფავორიტებთან წელიწადში ერთი ან ორი ტესტის გაჩარხვა. არ ვამბობ, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია არ გვეხმარება არაფერში. არ არის ასე, ისინი ჩვენს განვითარებაზე ზრუნავენ, მაგრამ მეტი გვჭირდება. დიახ, მათ ალბათ ყველა ასე ეუბნება, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა არ უნდა იყოს ძნელი".

ერთით მეტი სკამი მაგიდასთან
დღევანდელი ექვსი ერის გათამაშების ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე დიდ ხანია ფიქრობენ. მსოფლიო რაგბის ყოფილმა პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ მხარი დაუჭირა გავარდნა/შემოსვლის სისტემის შემოღებას ტურნირში. ამ შემთხვევაში ექვს ერზე ბოლო ადგილზე გასული გუნდი პლეი აუტს თამაშობს ერთა თასის მოგებულთან, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. ლაპასემ ოფისი აპრილში დატოვა.

თითქოს, სამართლიანი მოთხოვნაა, თუმცა ჰეიგი სხვას გვთავაზობს:

"რეალობა ისაა, რომ მათი პოზიციიდან რომ შევხედოთ, არავის სურს ექვს ერში ადგილის დაკარგვა. მე რომ მათ ადგილას ვიყო, არც მე ვისურვებდი. მაგრამ არავის ადგილს არ ვემუქრებით, ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან.

ჩემი აზრით, ჩვენთვის ეს უფრო ჭკვიანური ხერხია. ამით ექვსი ერის არც ერთ ქვეყანას საფრთხე არ ექმნება და მეტ დახმარებასაც მივიღებთ მათგან აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის განვითარების საქმეში.

აღმოსავლეთ ევროპაში დიდი პოტენციალია, დიდი ბაზარია - საქართველო, რუმინეთი, რუსეთი... აქცენტის ამაზე გაკეთება შეიძლება".

Sportall.Ge

უკეთესი რაგბი და მეტი
ერთიანი კალენდრის შემუშავების საკითხმა მსოფლიო რაგბიში ბევრი დებატი გამოიწვია. ჰეიგი შიშობს, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს საერთაშორისო მატჩების ფანჯრებს და კიდევ უფრო ნაკლები შანსი იქნება "დიდ ბიჭებთან" გასაჯიბრებლად.

"თუ მსოფლიო რაგბი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ჩვენთვის პირველი დონის ქვეყნებთან ტესტებს, პრობლემის შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნებოდა გაფართოებულ ექვს ერში შესვლა - ამ შემთხვევაში ისე, რომ საერთაშორისო ფანჯრის გაზრდას არ ითხოვ და სამაგიეროდ, ექვსით მეტი მატჩი გიწევს მოწინავე ქვეყნებთან.

ეს მოდელი კარგად მოგვერგება ჩვენც და ექვსი ერის კალენდარსაც. არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთეს რაგბის ვითამაშებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს თასზეც უკეთ გამოვალთ. აი, ასე გვესახება ჩვენი მომავალი. აი, ამას ვითხოვთ ჩვენ".

Pro12
საქართველოს რაგბიში სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვს, ერთა თასის გადამწყვეტ მატჩებში თბილისში 50 ათასი მაყურებელი ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ნოემბრის ტესტებისთვის შეკრებილი გუნდის მოთამაშეების ნახევარზე მეტი ფრანგულ (ან ბრიტანულ) გუნდებში თამაშობს, მცირე ნაწილი კი სანახევროდ პროფესიულ ქართულ ლიგებში.

Pro12 ლიგის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ ტურნირში ჩრდილოამერიკული გუნდების მიღების საკითხს. განიხილება ქართული გუნდის დამატებაც.

"ეს მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკება იყო, თუმცა ჩვენ გამოვთქვით დადებითი პოზიცია - კარგი იქნება, თუ ამ ტურნირში ქართული გუნდი ითამაშებს.

ჩვენი მიზანია, ქართველმა მორაგბეებმა, ნაკრების წევრებმაც და სხვებმაც, მეტი საშუალება მიიღონ უკეთეს ტურნირებში თამაშის. ეს კი მათ რაგბის ცოდნას გაზრდის.

ეს იქნება დიდი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვისაც. ასეთ მაღალი დონის ტურნირში პროფესიული გუნდით ჩართვა მხოლოდ კარგი იქნება ქართული რაგბისთვის. იმედია, ურთიერთობა ერთ-ორ წელიწადში კონკრეტულ შედეგსაც მოიტანს".

Sportall.Ge

ქველმოქმედი მილიარდერი
ქართველთა არგუმენტს ერთი ნიუანსიც ამაგრებს, რაც შეიძლება სხვა მეორე დონის ქვეყნებს აკლდეს - ფული.

წყნარი ოკეანის ქვეყნების რაგბიში არც დიდი ფულია და არც საჭირო ინფრასტრუქტურა. ქართულ რაგბის კი დიდი მეოხი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით.

"ფორბსი" ივანიშვილის ქონებას 4,8 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს კი მილიარდით მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება და სულ ოდნავ ნაკლები, ვიდრე რიჩარდ ბრენსონის (ბრიტანელი მაგნატი) ქონება - 4,9 მილიარდი დოლარი.

ხუთი წელი, რაც ის ნაკრების თავკაცია, ჰეიგი არასოდეს შეხვედრია ამ კაცს, მაგრამ ყველგან მისი დახმარების ხელს გრძნობს.

"როცა პირველად ვნახე ჩვენი ბაზა, მივხვდი, რომ ასეთი ზელანდიელებსაც კი არ აქვთ. ნაკრებს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო აქვს, საცურაო აუზით, სამზარეულოთი, დარბაზით, ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნით, ერთი ბუნებრივით, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

ეს დიდებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ახლახან დასრულდა დარბაზი, სადაც ჩვენ დავხვეწთ კონტაქტურ ვარჯიშებს. მსოფლიოს თასის წინ ვინატრე, რომ ასეთი დარბაზი დიდად დაგვეხმარებოდა და საკითხი 10 წუთში გადაწყდა დადებითად. როცა ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ეს უკვე წარმატების საწინდარია.

ის არ არის რაგბის ფანი, მაგრამ კარგად იცის, რა მოაქვს რაგბის ხალხისთვის. ამიტომაც ის ანვითარებს რაგბის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ნაკრების ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს.

თუკი მოგვეცემა შანსი, მივუსხდეთ ექვსი ერის მაგიდას, ქართული რაგბის წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ყოველთვის გვერდში დაუდგება ქართულ რაგბის.

Sportall.Ge

ეს აუცილებლად მოხდება
ჰეიგი აგრძელებს ისტორიულად ფიზიკური უპირატესობით ცნობილი საქართველოს ნაკრების ტაქტიკურად და ტექნიკურად დახვეწას. გვირაბის ბოლოს უკვე ჩანს სინათლე. ის ხედავს პარალელებს არგენტინასთან, რომელთა განვითარებამ ისეთ ტემპებს მიაღწია, რომ 2012 წელს სამხრეთულ ელიტაში მიიღეს, 2016 წლიდან კი - სამხრეთულ საკლუბო ელიტაშიც.

Sportall.Ge

ჰეიგს მიაჩნია, რომ ქართული რაგბის დონე არც ისე შორსაა ექვსი ერის მონაწილე ქვეყნების რაგბის დონისგან:

"საქართველოში რაგბი ვითარდება, წინ მივდივართ. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ვარჯიშობს სპორტის ამ სახეობაში. ქვეყანაში აშენებულია მეტი სტადიონი, განვითარდა ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც. თუკი საქართველოში რომელიმე ტოპ-ნაკრები გვეწვევა, გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი უდიდესი სტადიონი პირთამდე გაივსება და სტუმარს იქ ისეთი სათამაშო ატმოსფერო დახვდება, როგორიც შესაძლოა, კარგა ხანია არ უნახავს.

დიახ, პარიზი, ლონდონი, რომი მშვენიერი ადგილებია, მაგრამ თბილისიც კარგი გამოცდილება იქნება ფანებისთვის და ტურისტებისთვის.

დარწმუნებულები ვართ, ოთხ-ხუთ წელიწადში ეს ოცნება რეალობად იქცევა და ეს იქნება დიდი შანსი ქვეყნისთვის. აი, ამიტომაც არ ვჩერდებით და ვიბრძვით ამისთვის. ერთ დღესაც ეს აუცილებლად მოხდება და ეს ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე მიღწევა იქნება".
მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს კაცი ნებისმიერ ქართველს შეეჯიბრება კარგ ქართველობაში.ამისთანები ღმერთმა გვიმრავლოს ჩვენც და ზელანდიასაც.
სოსო
13:26 26-11-2016
0
მილტონი ჰეიგი ჩვენი ქვეყნისგან ღირსების მედალს იმსახურებს იმ ეროვნული მიდგომისთვის რომელსაც ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული