რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე სამი მატჩი გამართა. აქედან მხოლოდ ერთში, სამოას ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაში მიაღწია გამარჯვებას, იაპონიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან კი დამარცხდა.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

როგორ უნდა შეფასდეს "ბორჯღალოსნების" გამოსვლა ნოემბრის ტესტებზე?

შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას არავინ გეგმავდა, არც არავინ ითხოვდა. სტუმრად, ელიტურ გუნდთან წარმატებული თამაში, ცხადია, ძნელია და ამ ეტაპზე მხოლოდ ფანტაზიის სფეროა. აი, შინ
კი, იაპონია და სამოა უნდა დაგვემარცხებინა. ასეთი იყო გეგმა. ეს კი, მოწინავე ათეულში ადგილის დამკვიდრების საშუალებას მოგვცემდა.

ასე არ მოხდა. გამოდის, ჩვენი ნაკრების ასპარეზობა ნოემბრის ტესტებზე უარყოფითად უნდა შეფასდეს. "ბორჯღალოსნებმა" დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ნოემბერი, ივნისის ტესტებისგან განსხვავებით, ჩავარდა.

ცხადია, ეროვნული ნაკრები, ისევე, როგორც ყველა გუნდი, ცოცხალი ორგანიზმია. მისი სრულ მზადყოფნაში მოყვანა უამრავ ნიუანსთან არის დაკავშირებული. მათ ჩამოთვლას აქ არ მოვყვებით. ფაქტია, რომ ჩვენს გუნდს რაღაც სილაღე აკლდა. ყველა მატჩში, განსაკუთრებით კი, შოტლანდიასთან პირველ ტაიმში მორაგბეები ძალიან დაძაბულები იყვნენ, რაც მათ სარაგბო უნარ-ჩვევების გამოვლენას საგრძნობლად უშლიდა ხელს.

ამის მიზეზი, ალბათ, უწინარესად, პირველი დონის გუნდებთან თამაშის ნაკლები გამოცდილებაა. ცხადია, ეს ასეა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არაა. მაგალითად, ჩვენმა შერკინებამ სამივე მეტოქის შერკინება ყველა კომპონენტში დაჯაბნა, განსაკუთრებით კი, სტატიკურ მდგომარეობაში, რასაც ვერაფრით ვიტყვით უკანახაზელთა თამაშზე. აქ თამაშის ორგანიზებასა და ოსტატობაში სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ჩამოვრჩებით, როგორც სწრაფად გადაადგილებაში, ასევე სწრაფ აზროვნებაშიც. საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის მოსვლამდე ჩვენი უკანა ხაზი დაცვაში თამაშზე ორიენტირებული იყო. ახლა ახალზელანდიელი სპეციალისტი მის შეტევაში ჩართვაზე მუშაობს. მეორე დონის ზოგიერთ გუნდთან და ერთა თასზე ეს გამოგვდის კიდეც. გავიხსენოთ, თუნდაც წლეულს, გაზაფხულზე ეროვნულ სტადიონზე რუმინეთის ნაკრების ბრწყინვალე სტილში დამარცხება.

ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ ელიტურ გუნდებთან სათამაშოდ და სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი არ არის. რაც მთავარია, დაცვაზე ორიენტირებულ თამაშზე უარის თქმის შემდეგ, დაცვაში პრობლემებმა იმატა. ეს სამივე ტესტ-მატჩში ნათლად გამოჩნდა.

სამივე მატჩმა გამოაჩინა, რომ პრობლემები, ზოგადად, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ვფიქრობთ, "ბორჯღალოსნების" თავკაცს მეტი სითამამე მართებს და ახალგაზრდა უკანახაზელებს მეტად უნდა ენდოს, როგორც თავის დროზე ვასილ ლობჟანიძეს ენდო. ის დღეს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და, ვფიქრობთ, მისი თაობის მორაგბეებიდან, სულ მცირე, ორი ან სამი მორაგბე მაინც იმსახურებს, ეროვნულ გუნდში ძალები მოსინჯოს.

იმის ილუზია, რომ უკანა ხაზის თამაშის პრობლემა, სისწრაფეების მომატება და ასე შემდეგ, ერთი ხელის დაკვრით მოგვარდება, არავის აქვს. ეს მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა და ამას სათანადოდ ხელის შეწყობა სჭირდება.

ამ წერილში დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით. მილტონ ჰეიგი თბილისში ჯერ არ დაბრუნებულა და ამიტომ მას ცოტა მოგვიანებით შევხვდებით და ვისაუბრებთ. ჩვენი გაზეთის მომავალ ნომრებში კი სპეციალისტების მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 94,78
2. ინგლისი - 89,84
3. ავსტრალია - 86,97
4. ირლანდია - 84,62
5. უელსი - 82,55
6. სამხრეთი აფრიკა - 81,79
7. შოტლანდია - 80,67
8. საფრანგეთი - 80,13
9. არგენტინა - 79,91
10. ფიჯი - 76,46
11. იაპონია - 74,22
12, საქართველო - 74,14
13. იტალია - 72,47
14. ტონგა - 71,94
15. სამოა - 71,25
16. რუმინეთი - 69,36
17. აშშ - 64,66
18. კანადა - 63,95
19. რუსეთი - 63,25
20. ნამიბია - 62,78.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
შედეგის მიუხედავად, აშკარაა რომ გაცილებით მაღალი ხარისხის სათამაშო დონე ყალიბდება. მიღწეულის გამყარება და შემდგომი პროგრესი თუ სიახლის შემოტანა გარდაუვალი ჩანს, გინდაც შოტლანდიასთან შეხვედრაში. გატეხილი გუნდი უზლიერეს მეტოქესთან თავს მოერია, რაც ასეთ დონეზე არ მახსოვს შეგვძლებოდა მანამდე. შემოდგომის ტესტებმა კარგად ჩაიარა იმ თვალსაზრისით, რომ გამოჩნდა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც დასახვეწია.პოტენციალიც არის. გუნდი პროგრესირებს, და მსგავსი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, შეცდომები და მარცხი გარდაუვალია. მე შედეგს არ ველი ჩვენი ნაკრებისგან, რამდენადაც განვითარებას. განვითარება კი სახეზეა, პროცესი მიდის :) მეტი ჟინით ველი ჩვენების თამაშს, არაფერია მეტად სასიამოვნო, ვიდრო მშრომ ელი და გულიანი ქართველის წარმატება.
რეზო
16:10 29-11-2016
0
ჩვენ გვიყვარს ბორჯღალოსნები და მათით ვამაყობთ მაგრამ ამ ტესტებმა გამოაჩინეს რომ ჩვენ განვითარებისაკენ სწრაფვა შევაჩერეთ... თანამედროვე უმაღლესი რაგბის დონეზე მხოლოდ მიწოლით ვერასოდეს გავალთ ფონს...ჩვენ დავხვეწეთ შერკინება, დავხვეწეთ დერეფანი, აღარ გვივარდება დაკიდებული ბურთი ხელიდან და კიდევ ბევრ კომპონენტში კარგები ვართ მაგრამ უკანა ხაზის თამაში იგივეა გვაქ რაც გვქონდა 5 წლის უკან...ჩვენი ბექები მორკინალების ფუნქციას ასრულებენ და პრაქტიკულად 7ის მაგივრად გვყვას ორი ბექი 9 და 15 ნომერი, ჩვენი 10,11,12,13,14 ნომერები რასაც თამაშობენ ამას თანამედროვე მაღალი დონის რაგბი არ ქვია, ამიტომ თუ ჩვენ მაღალი მიზნები გვაქვს მაშინ 10 ბალიანი შეფასებიდან 7ით შეფასდება დღეს ჩვენი ნაკრები
მებრძოლი ლაზი
16:17 29-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული