რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი და მეორე დივიზიონების რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა.

პირველ დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ოთხმა გუნდმა უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური და გამორიცხული არ არის, მათ კიდევ ერთი დაემატოს. მეორე დივიზიონში კი, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პირველობა დაიბევა ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" და ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა.

აქ კი, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პირველობა არავის დაუთმო ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელიც, თუ განვლილი ეტაპის შედეგებით ვიმსჯელებთ, ჩემპიონობის ყველაზე
რეალური ფავორიტია. თუმცა, პლეი ოფს ყოველთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს და გამორიცხული არ არის, ნებისმიერმა მონაწილემ სიურპრიზი შემოგვთავაზოს.

ბოლოსწინა ტურში "ლა როშელმა" შინ მიიღო მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე". ბრძოლა დაძაბული გამოდგა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 40:37.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.

"ლა როშელს" ათი ქულით ჩამორჩა დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ლიონი" - 23:20.

ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე გიორგაძემ შეცვალა, ზირაქაშვილი ტრავმირებულია.

"ვულკანებს" კვალში უდგას "მონპელიე", რომელზეც უკვე ვთქვით. მეოთხე ქართული გუნდი, რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონია", რომელმაც სტუმრად "ბორდოსთან" გაიმარჯვა - 26:13.

გორგოძემ რუმინეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. ის მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა, ათი წუთით ადრე ჩაერთო მატჩში ჩილაჩავა.

პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს", რომელმაც პარიზულ დერბიში "მეტრო რასინგი" დაამარცხა - 27:23. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. "სტად ფრანსემ" ბოლო მატჩი სტუმრად უნდა გამართოს "მონპელიესთან" და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

ზედიზედ ორი მარცხი განიცადა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა". ჩვენებურთა ამ გუნდმა, ამჯერად, სტუმრად წააგო "პოსთან" - 27:32.

ასეიშვილი თამაშში 29-ე წუთიდან ჩაერთო, ბეკოშვილი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა, ლობჟანიძემ ბოლო სამი წუთი ითამაშა.

I დივიზიონი, XXV ტური
კასტრი-ტულუზი 52:7, ბაიონი-გრენობლი 45:35, ლიონი-კლერმონი 20:23, პო-ბრივი 32:27, ბორდო-ტულონი 13:26, ლა როშელი-მონპელიე 40:37, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 27:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 84 ქულა, 2. კლერმონი - 74, 3. მონპელიე - 72, 4. ტულონი - 65, 5. კასტრი - 63, 6. სტად ფრანსე - 58, 7. მეტრო რასინგი - 58, 8. პო - 57, 9. ლიონი - 55, 10. ბრივი - 54, 11. ბორდო - 53, 12. ტულუზი - 48, 13. გრენობლი - 33, 14. ბაიონი - 30

XXV ტური
ბრივი-კასტრი, კლერმონი-ლა როშელი, გრენობლი-ლიონი, მონპელიე-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-ბორდო, ტულონი-პო, ტულუზი-ბაიონი

როგორც უკვე ვთქვით, მეორე დივიზიონის გათამაშება "ოიონაქსმა" მოიგო. ჩვენებურთა ამ გუნდმა პირველ დივიზიონში თამაშის უფლება შინ "პერპინიანის" დამარცხებით გაინაღდა - 19:9. მირცხულავა თადარიგში იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

დარჩენილი ერთი ადგილისთვის ბრძოლას ქართველ მორაგბეთა კიდევ ორი გუნდი, "აჟენი" და "მონ დე მარსანი" განაგრძობს.

თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ბექა შეყლაშვილის "ალბისთან" - 18:20. აჟენელ ქართველებს არ უთამაშიათ, შეყლაშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" ასევე სტუმრად დამარცხდა "დაქსთან" - 13:17. გორგაძე მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა.

შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა" წარმატებით გაართვა თავი ამოცანას. დებიუტანტმა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ბოლოსწინა ტურში "ანგულემმა" შინ დაამარცხა "კარკასონი" - 31:14. თავბერიძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო და ოთხ წუთში ლელო გაიტანა, სუთიაშვილმა სრულად ითამაშა.

II დივიზიონი, XXIX ტური
ოიონაქსი-პერპინიანი 19:9, ალბი-აჟენი 20:18, ანგულემი-კარკასონი 31:14, ბეზიე-ვანი 43:36, ბურგუენი-ნარბონი 22:48, დაქსი-მონ დე მარსანი 17:13, ბიარიცი-ორიაკი 41:8, კოლომიე-მონტობანი 25:34

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 90 ქულა, 2. აჟენი - 85, 3. მონ დე მარსანი - 82, 4. მონტობანი - 81, 5. ბიარიცი - 77, 6. კოლომიე - 76, 7. პერპინიანი - 74, 8. ორია კი - 65, 9. ბეზიე - 63, 10. კარკასონი - 63, 11. ანგულემი - 61, 12. დაქსი - 59, 13. ნარბონი - 56, 14. ვანი - 55, 15. ალბი - 53, 16. ბურგუენი - 17.

XXX ტური
აჟენი-კოლომიე, ორიაკი-დაქსი, კარკასონი-ალბი, მონ და მარსანი-ბიარიცი, მონტობანი-ოიონაქსი, ნარბონი-ანგულემი, პერპინიანი-ბეზიე, ვანი-ბურგუენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული