ნახევარფინალში ჩვენებურთა გუნდმა ბასკური "ბიარიცი" დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" გარემარბთან, თამაზ მჭედლიძესთან, www.ladepeche.fr-მა ინტერვიუ გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
"აჟენის" შუამარბი თამაზ მჭედლიძე თამაშის შემდეგ ისეთი დაღლილი იყო, რომ პრესასთან ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. ამიტომ მას სასაუბროდ მეორე დღეს, კარგად დასვენებულს და გამოძინებულს შევხვდით.
- თქვენი ყოფნა "აჟენის" შემადგენლობაში ამ მატჩში აუცილებელი იყო, რადგან სექტემბერში "ბიარიცთან" დაპირისპირებაში ერთ-ერთი
- არ ვიცი. რა გითხრათ. ფაქტია, რომ მეტოქე სერიოზული გუნდი იყო. ჩემთვის საუცხოო მატჩი იყო. ეს ხომ ჩემი პირველი ნახევარფინალია.
- ახლა თავს როგორ გრძნობთ?
- თამაშის წინ სულ მატჩზე ვფიქრობდი. ძალიან ვნერვიულობდი. ეს მართლაც საოცარი იყო.
- თამაშის დროს შევამჩნიეთ, რომ ქომაგებს აქტიურობისკენ მოუწოდებდით...
- რაღაც მომენტში მხოლოდ "ბიარიცის" ქომაგების ხმა მესმოდა. ვიფიქრე, ჩვენ სახლში ვართ, ეს ნახევარფინალია და არა რიგითი მატჩი. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ გულშემატკივარს მთელი 80 წუთის განმავლობაში აქტიურად ექომაგა ჩვენთვის.
- მათ დაგიჯერეს?
- დიახ, დავინახე მათი რეაქცია. ჩვენ გვჭირდება მე-16 მოთამაშე მინდორზე.
- "მონტობანთან" ფინალში მათი მხარდაჭერის იმედი გაქვთ?
- ორი წლის წინათ ვიყავი ტულუზში მატჩზე, როცა ელიტაში გადავედით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ ვთამაშობდი, მახსოვს, საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენი ძალიან ბევრი ქომაგი იყო მობილიზებული. იმედი მაქვს, რომ იგივე იქნება კვირას ბორდოშიც.
- მას შემდეგ, რაც "ვანთან" მატჩში ნეკნი გაიტეხეთ, როგორ შეძელით ასე მალე გამოჯანმრთელება?
- ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ვიფიქრე, რომ ჩემთვის სეზონი დასრულდა. მეუღლეს ვუთხარი - არ შემიძლია ჩემი პირველი ფინალი გამოვტოვო-მეთქი. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. გულდასმით ვუსმენდი გუნდის ექიმისა და ფიზმომზადების მწვრთნელების დარიგებებს. სწორედ ამან შემაძლებინა, რომ მოედანს მალე დავუბრუნდი.
- რას ფიქრობთ "ბიარიცთან" მატჩის შესახებ?
- ძალიან მძიმე მატჩი იყო. თუმცა, ძალიან მომწონს "ბიარიცის" დარ გუნდებთან თამაში. ეს მძლავრი, ფიზიკურად ძლიერი გუნდია.
- მატჩის შემდეგ პრესასთან სასაუბროდ რატომ არ მოხვედით?
- თამაშისას ოთხი კილოგრამი დავიკელი. ძალიან ცხელოდა, ოთხი კვირის განმავლობაში ვიუქმე. ამიტომ ძალიან დავიღალე. სახლში რომ მივედი, უმალვე დამეძინა.
- რას ფიქრობთ "მონტობანზე"?
- ვფიქრობ, კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა გველის. ეს ხომ ფინალია. ამასთან ერთად, ამ გუნდის მორაგბეები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. საკმაოდ კარგი უკანახაზელები ჰყავთ. თანაც, მათ "მონ დე მარსანთან" კარგად არ უთამაშიათ. "მონტობანს" კიდევ უფრო უკეთ შეუძლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"