ჩვენებურებს გიტო და შოუ დაემატნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ორი სუპერვარსკვლავით გაძლიერდა. ახლახან კლუბის მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ქომაგებს ავსტრალიელი მგეზავი მეთ გიტო და ინგლისის ნაკრების მეორეხაზელი საიმონ შოუ წარუდგინა.

გიტოს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 91 კეპი აქვს მოხვეჭილი, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე არ უთამაშია. მოთმინებით ელოდა ავსტრალიის რაგბის კავშირთან დადებული ხელშეკრულების დასრულებას და უმალვე "ტულონთან" გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი. ის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედაა, თანამემაულესთან, "ტულონში" მოთამაშე ცხრა ნომერთან, მეთ ჰინიაკთან დროებით დასახლდა.

"დიდი
ხანია მინდოდა საკუთარი სარაგბო კარიერის შეცვლა. უნდა ვაღიარო, რომ ახალ სარაგბო სამყაროსა და ზოგადად კულტურაში შებიჯების იდეა ძალზედ მაღელვებს. "ტულონი" ამბიციური გუნდია. ფრანგული გუნდები ფიზიკურად და ტექნიკურად მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი. ოღონდ სათადარიგოთა სკამზე არ ვიჯდე და მზად ვარ, მგეზავად ან შუამარბად ვითამაშო" - თქვა მეთ გიტომ, რომელსაც არ დაუმალავს, რომ მასთან მოლაპარაკებას ბასკური "ბაიონი" და პარიზული "სტად ფრანსეც" აწარმოებდნენ.

გიტოსთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, "ტულონს" ინგლისის ნაკრების ვეტერანი, 38 წლის საიმონ შოუც დაემატა, რომელიც 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულია. ის ტულონში "სამედიცინო ჯოკერის" რანგში ჩავიდა, ტრავმირებული სტივენ მუნიოსის შემცვლელად.

საიმონ შოუს საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს, ვებ ელისის თასის გარდა, მას დიდი სლემი, ორჯერ ექვსი ერის, ამდენჯერვე "ჰეინეკენისა" და "ემლინ ჩელენჯ" კაპის თასი მოუგია.

"ტულონში" თამაში ჩემთვის გამოწვევაა. 38 წლის ასაკში არაფრის მეშინია. მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, რათა გუნდში ჩემი ადგილი მეპოვა. ასე იქნება ამჯერადაც.

მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას ახალ ზელანდიაში "ტულონის" თაობაზე ჯონი ვილკინსონს ველაპარაკე. მან ამ გუნდზე მხოლოდ კარგი მითხრა და თვითონაც ვხედავ, რომ აქ ის თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და შესანიშნავ ფორმაშია. იმედი მაქვს,"ტულონი" ჩემზეც ასეთივე გავლენას მოახდენს.

დავესწარი "ტულონის" საშინაო მატჩს "ბრივის" წინააღმდეგ და გაოცებული დავრჩი იმ ატმოსფეროთი, რაც "სტად დე მაიოზე" და მის შემოგარენში სუფევს. აქ ყველა მატჩი დიდი ზეიმია და ეს ძალიან მახარებს." - თქვა საიმონ შოუმ.

შეგახსენებთ, რომ "ტულონს" საფრანგეთის ჩემპიონატში 28 ქულით მე-4 ადგილი უკავია და ლიდერ "ტულუზს" რვა ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული