ევროთასები ქართველი მორაგბეების სამიზნეში

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ბოლო, პლეო ოფების ეტაპის დრო დადგა. ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი "კლერმონი" და "ტულუზი" იასპარეზებს.

ჰაინეკენის თასი
მეოთხედფინალი
სარასენზი-კლერმონი, ლენსტერი-კარდიფი, მანსტერი-ალსტერი, ედინბურგი-ტულუზი

საფრანგეთის ჩემპიონი, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", სტუმრად ითამაშებს შოტლანდიაში "ედინბურგთან", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი თავკაცობს.

აღსანიშნავია, რომ ამ შოტლანდიურ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან მის ღირსებას დაიცავს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია.

"ედინბურგს" შანსი აქვს გახდეს პირველი შოტლანდიური გუნდი, რომელმაც "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში გააღწია. თუმცა
"ტულუზი", რომელიც ამ თასის ოთხგზის მფლობელია, ედინბურგში არაფრის დათმობას აპირებს და ძირითადი შემადგენლობით ჩადის. ეს გუნდები აქამდე თერთმეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ათჯერ "ტულუზმა" მოიგო.

"ღია, ლაღი თამაში ორივე გუნდის ხელწერაა, რაც ქომაგებს კარგ სანახაობას პირდება. "ტულუზი" ედინბურგში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით გვეწვევა და ყველაფერს იღონებს მატჩის მოსაგებად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მას ბრძოლა გავიმართოთ", - თქვა ედინბურგის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ.

ტულზელებს ამ შეხვედრაში ტრავმირებული მაქსიმ მედარი, კლემან პუატრენო და ლუკ მაკალისტერი დააკლდება. განაცხადში არ არის საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, აქვსენტი გიორგაძე კი ტრავმირებულია.

planetrugby-ს მიაჩნია, რომ "ტულუზი" მინიმუმ შვიდი ქულის სხვაობით მოიგებს.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "სარასენზს". აღსანიშნავია, რომ ნისლიანი ალბიონის ჩემპიონი, ერთადერთი გუნდია "ჰაინეკენის თასის" გათმაშებაში, რომელიც ამ ქვეყნიდან შემორჩა. ამიტომ "სარასენზი" გაათკეცებული ენერგიით იცდება ინგლისური რაგბის ღირსების დაცვას. მით უფრო, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ისევ შინ მოუწევს თამაში. ფინალი კი სულაც ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართება.

"კლერმონი" წლეულს "ჰაინეკენის თასის" გათამაშებას სერიოზულად მიუდგა და ამ თასის საფრანგეთში ჩატანა სურს. "ვულკანების" რიგებში დაბრუნდნენ ტრავმამოშუშებული ცხრა ნომერი მორგან პარა, მგეზავი დავიდ სკრელა და გარემარბი სიტივენი სივივატუ. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

planetrugby-ს პრგნოზით ხუთი ქულის სხვაობით მასპინძლები მოიგებენ. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის შეხვედრები თითო მატჩისგან შედგება.

ჩელენჯ კაპი
მეოთხედფინალი
სტად ფრანსე-ექსეტერი 22:17, ტულონი-ჰარლიქვინზი, ვოსფსი-ბიარიცი, ბრივი-ჰლანეჰლი.

ორი "ქართული გუნდი", "ტულონი" და "ბრივი" იასპარეზებს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხედფინალშიც.

დავით ქუბრიაშვილის
"ტულონი" შინ მიიღებს ინგლისის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ჰარლიქვინზს". ტულონელებმა ამ გათამაშების ფინალში 2010 წელს იასპარეზეს, მაშინ, როცა "ჰარლიქვინიზი" ამ თასის ამჟამინდელი მფლობელია.

ერთი სიტყვით, მეოთხედფინალში ერთმანეთს უმთავრესი ფავორიტები გადაეყარნენ. უპირატესობა, ცხადია, ვარასკვლავებით მოჭედილ "ტულონს" აქვს, მით უფრო, რომ საკუთარ მოედანზე ის თითქმის უძლეველია. წელს "სტად დე მაიოზე" "ტულონმა" მხოლოდ "კლერმონთან" წააგო.

"ტულონი" საკუთარ მოედანზე გაავებული მხეცივით იბრძვის. ძნელია მას რაიმე დაუპირისპირო, თუმცა ჩვენი გუნდი უკან დახევას არ აპირებს. "ჰარლიქვინზი" ყველაფერს იღონებს ტიტულის დასაცავად", - თქვა ინგლისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კონორ ოშიმ.

ქუბრიაშვილი ამ შეხვედრაში გუნდის სათადარიგოთა შორის იქნება.

planetrugby-ს მიაჩნია, რომ მინიმუმ შვიდი ქულით "ტულონი" მოიგებს.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ მიიღებს უელსურ "ჰლანეჰლის". ბრიველებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს და ექვსი თამაშიდან ექვსივეში გაიმარჯვეს.

ჩვენებურთა გუნდმა ამ თამაშის წინ საფრანგეთის ჩემპიონატში შინ "ტულონი" დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. გამორიცხული არ არის, "ბრივმა" ბოლომდე, თასის მოსაპოვებლად იბრძოლოს.

"ჰლანეჰლი" ჯგუფურ ეტაპზე "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ასპარეზობდა და 15 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აქ პლეი ოფში გაეღწია და "ემლინ ჩელენჯ პაზე" მოსინჯავს ძალას.

"ბრივი" ძალიან კარგი გუნდია. მაგრამ, ჩვენ საგარეო მატჩებში წარმატებით ვთამაშობთ. ვეცდებით ზედმეტად არ შევიბოჭოთ ფსიქოლოგიური წნეხით და თავისუფლად, ლაღად ვითამაშოთ. გვინდა, იმ აურით, რაც "ბრივის" სტადიონზე იქნება და ლამაზი რაგბის თამაშით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ", - თქვა "ჰლანეჰლის" შუამარბმა ჯონათან დევისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული