"ედინბურგმა" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
შოტლანდიურმა კლუბმა "ედინბურგმა", რომელმაც ახლახან "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში გააღწია, ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელთან, დიმიტრი ბასილაიასთან კონტრაქტის გაფორმება.

აი, როგორ ეხმაურება ამ ამბავს შოტლანდიის რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი:

"დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც ამჟამად ფრანგული კლუბის, "ვალანს დაჟენის" ღირსებას იცავს, "ედინბურგთან" პროფესიული ხელშეკრულება გააფორმა. 26 წლის მორაგბის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა. ბასილაია შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო. მან რუმინეთის, შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან მატჩებში შესანიშნავად ითამაშა და "პომებს" ეფექტური ლელოც გაუტანა.

ბასილაია
"ედინბურგს" 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება და "ჩიტაზის" მორკინალ ვი პი ნილთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდის შერკინების თამაშს.

ბასილაია აღფრთოვანებას ვერ მალავს "ედინბურგთან" კონტრაქტის გაფორმების გამო:

უწინარესად, მინდა, "ედინბურგს" მივულოცო "ჰეინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში "ტულუზთან" შესანიშნავი გამარჯვება.

ასეთი მაღალი დონის პროფესიულ კლუბთან კარიერის დაკავშირება ჩემთვის უდიდესი პატივია. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა "ედინბურგის" საკმაოდ ნიჭიერ მორაგბეებთან ერთად მომიწევს ასპარეზობა.

გუნდში ახალი მოთამაშის გამოჩენა ყოველთვის უკავშირდება დიდ მოლოდინს. მოთამაშეებს მოტივაციასა და ენთუზიაზმს მატებს. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ეს მოლოდინი გავამართლო.

შესანიშნავ ფორმაში ვარ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ყველაფრისთვის მზად ვარ და ძალიან მინდა, "ედინბურგის" შავ-წითელი კვართი, რაც შეიძლება მალე მოვირგო. - თქვა ბასილაიამ.

"ედინბურგის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ ნიჭიერი ქართველი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როცა საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტად მუშაობდა.

ბრედლის ძალიან უხაროდა ბასილაიასთან კონტრაქტის გაფორმების მიღწევა. მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ისევე წარმატებით იასპარეზებს ევროპულ არენაზე, როგორც მისი თანამემამულეები: ჯაბა ბრეგვაძე, აქვსენტი გიორგაძე (ორივე-ტულუზი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი).

"მიმაჩნია, რომ "ედინბურგისთვის" დიმიტრი შესანიშნავი შენაძენია. ის ფანტასტიკურად ესადაგება ჩვენი გუნდის თამაშის სტილს. მას შეუძლია, დიდი სამუშაო გასწიოს და ჩვენი შერკინების თამაში კიდევ უფრო აგრესიული გახადოს.

დიმა ძალიან შრომისმოყვარეა და სიგიჟემდე უყვარს რაგბი. ის მოხარულია, "ედინბურგში" ითამაშოს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიღებს, შავ-თეთრი კვართის ღირსების დასაცავად", - თქვა მაიკლ ბრედლიმ.

დავით ზირაქაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. "ვულკანებმა" გასვლით მატჩში შესანიშნავად ითამაშეს და ინგლისის ჩემპიონი "სარასენზი" დაამარცხეს.

აი, როგორ აფასებს მის თამაშს Planetrugby:

"ექვსი ერის გათამაშებაში ირლანდიელ მაიკ როსს ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა "კარდიფთან" მატჩში ბრედ თორნის დახმარებით მან შესანიშნავად ითამაშა. მაგრამ 28 წლის ქართველის ძალა და სიჩქარე იმდენად გამოკვეთილი იყო, რომ მისი სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვება არ შეიძლებოდა.

ის ბრწყინვალე იყო შერკინებაში თამაშისას და ვიზავის, რის გილს უამრავი თავსატეხი გაუჩინა".

სიმბოლური ნაკრები
15. რობ კირნი (ლენსტერი), 14. სიტივენი სივივატუ (კლერმონი), 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი (ორივე-ლენსტერი), 11. კრეიგ გილროი (ალსტერი), 10. გრეიგ ლაიდლოუ (ედინბურგი), 9. რუან პინარი (ალსტერი) 1. კიან ჰილი (ლენსტერი), 2. ბენიამინ კაისერი, 3. დავით ზირაქაშვილი (ორივე-კლერმონი), 4. ჯონათან მიულერი (ალსტერი), 5. ნათან ჰაინსი (კლერმონი), 6. სტივენ ფერისი (ალსტერი), 7. ჟულიენ ბონერი (კლერმონი), 8. ნატანი ტელეი (ედინბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართული სარაგბო თემი იმ დროს, როდესაც ქართველი მორაგბეები დაიმკვიდრებდნენ ადგილს მსოფლიოს უპირობო ვარსკვლავების გვერდით! ძალიან მაგარია, როდესაც ნაკრებში ზირაქას მსგავსი რეგბისტები გვყავს და სათადარიგოთა სკამი კი ისეთია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი არავის გარანტირებული არა აქვს. უფლის შემწეობით, ჩვენი ბიჭების გარჯით და ახალი მწვრთნელების ხელშეწყობით იმედია მალე მოვა ის დრო როდესაც რუმინეთთან, პორტუგალიასთან და თუნდაც რუსეთთან თამაში საინტერესო აღარ იქნება და რეალური ბრძოლა 6 ერის გუნდებთან გვექნება.
0

სიახლეები პოპულარული