სარაგბო ელიტაში ქართველებზე ისევ მოთხოვნაა

AutoSharing Option
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა სატრანსფერო ციებ-ცხელება უკვე გახურებულია.

ელიტურ, პირველ დივიზიონში ქართველების ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა უცხო ხილი დიდი ხანია, აღარ არის.

ვასილ კაკოვინის "ბრივიდან" ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზში" გადაბარგების შესახებ უკვე ვწერდით. ამავე გუნდთან გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულება ჯაბა ბრეგვაძემ. "აჟენმა" ტრანსფერზე დააყენა შერკინების პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი. მისი მომავალი გუნდის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ბრიტანეთში ფანჯარა გაჭრა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ. მისი მომავალი გუნდი წლევანდელი "ჰეინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალისტი შოტლანდიის "ედინბურგია".

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის "აიას"
შერკინების ახალგაზრდა ბურჯი, საქართველოს ნაკრების გარემარბის, ირაკლი ჩხიკვაძის ძმა ტარიელ ჩხიკვაძე ელიტური, პირველი დივიზიონის "კასტრთან" გააფორმებს ხელშეკრულებას.

ამ გუნდში წლების განმავლობაში თამაშობდა შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე. ამჟამად კი კასტრელთა ღირსებას კიდევ ერთი შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი იცავს.

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ალბიში" ორი ქართველი ჩაირიცხება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ანრი ბრონკანის დამოძღვრილ გუნდში, რომელიც 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების კონსულტანტი იყო, "ლელოს" გარემარბი ალექსანდრე თოდუა და საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე ითამაშებენ. ეს უკანასკნელი საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "ლე სეინში" ირიცხება და ამჟამად ტრავმირებულია.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეში" ჩაირიცხა თბილისის "აკადემიის" მეორეხაზელი ლაშა ლომიძე, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ლაშამ "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ივნისში სოლტ ლეიკ სიტიში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფის გათამაშებაში უნდა იასპარეზოს. ამის შემდეგ კი გეზს მონპელიესკენ აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული