ლამაზი, ერთგული, ქართული ძმობა: დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

უკვე ცნობილია პლეი ოფის მონაწილე ექვსეულის ვინაობა, რომელთაგან ხუთი ქართველ მორაგბეთა გუნდებია: "ტულუზი", "კლერმონი", "ტულონი", მონპელიე" და "კასტრი".

ამათგან ორმა, "ტულუზმა" და "კლერმონმა", პირდაპირ ნახევარფინალში გააღწია. ახლა გასარკვევი ისღაა, როგორ დაწყვილდებიან დანარჩენი გუნდები ნახევარფინალში გამსვლელ მატჩებში.

სამწუხაროდ, ბოლოსწინა ტურში წარუმატებლად იასპარეზა და დივიზიონში დარჩენის მიზერული, მხოლოდ თეორიული შანსი აქვს დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს".

საფრანგეთის ჩემპიონატის ეს ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ ელიტურ, პირველ დივიზიონში შედგა საქართველოს
ნაკრების მესამეხაზელის, ვიქტორ კოლელიშვილის დებიუტი. ამ ამბავს "კლერმონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა სპეციალურად წერილი მიუძღვნა სათაურით - "ვიტო დათოს მეთვალყურეობით". გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"რვა სეზონის განმავლობაში დავით ზირაქაშვილმა "კლერმონის" შემადგენლობაში 173 მატჩი გამართა და ზეპირად იცის "ლურჯ-ყვითელი" სახლის ამბები. ამ უქმეებზე ის სათადარიგოთა სკამზე იქნება "კასტრთან" მატჩში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთი ქართველი მაინც ითამაშებს. ეს საქართველოს ნაკრების 23 წლის მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილია.

"ვიტო", როგორც მას თანაგუნდელები ეძახიან, კლუბში ორი წლის წინ მოვიდა. აი, როგორ იხსენებს ის თავის პირველ დღეს "ვულკანების" ბანაკში:

- თავდაპირველად გუნდში სამი კვირით მოვედი, მწვრთნელებს ჩემი შესაძლებლობები უნდა შეემოწმებინათ. წამყვანი მოთამაშეები კარგად შემხვდნენ. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდში ვარჯიშის საშუალება მომეცა. მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში "კლერმონის" სათადარიგო გუნდში ვთამაშობ.

ორი სეზონი საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავისი კონდიციები კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა. ფიზიკურად ძლიერი (191 სმ, 104 კგ) და თმაგაწეწილი მორაგბე მალე მოხვდა საყოველთაო ყურადღების არეში. თავისი იმიჯის გამო მას მოფერებით "თოვლის კაცი" შეარქვეს.

დაუმუშავებელი ალმასი კავკასიიდან ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიოს თასის გათამაშებამ და საქართველოს ნაკრებში ახალი ზელანდიის მინდვრებზე გატარებულმა ასობით წუთმა მისი დაოსტატება საგრძნობლად დააჩქარა.

ახალი ზელანდიიდან დაბრუნების შემდეგ კოლელიშვილმა კარიერაში თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და ახლა მისი დებიუტის ჯერიც დადგა.

ცხადია, ისევე, როგორც ყველა, "ვიტო" ძალიან ნერვიულობს. რაღაც სიხარულის, პასუხისმგებლობისა და მოულოდნელობისაგან გამოწვეული სტრესის ნაზავს განიცდის. თუმცა დასამშვიდებლად შორს წასვლა არ დასჭირდება. იქვე ახლოს დათოა, რომელიც "კლერმონში" მოსვლის პირველი დღიდან "ვიტოს" უფროსი ძმასავით გვერდში უდგას.

- ძალიან მიხარია, რომ კლუბში დათოსთან ერთად ვარ. ის დეტალურად მიხსნის ყველა კომბინაციას და მაკონტროლებს, ყველაფერი წესრიგში მაქვს თუ არა. მოედანზე თუ მის მიღმა, ჩვენ მუდამ ვურთიერთობთ და ეს გუნდში ინტეგრაციას მიადვილებს.

როგორც "ობიმ" (გოდერძი შველიძემ) გააკეთა მისთვის, დათოც ცდილობს, თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თანამემამულეს გადასცეს. ლამაზი, ერთგული ძმობა ქართველების ტრადიციაა.

- "კლერმონში" ქართველები ჩემამდეც თამაშობდნენ და დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგაც ითამაშებენ. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე თავდადებით ვირჯებით და არავითარი ნიშანი არ არის საიმისოდ, რომ ეს როდისმე შეიცვლება, - 'თქვა დავით ზირაქაშვილმა".

* * *
"კლერმონმა" 25-ე ტურში სტუმრად წააგო ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" და 19:30 დამარცხდა. კოლელიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ზირაქაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი 68-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ იყვნენ.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ დაამარცხა ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი" - 25:22.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა. ბრეგვაძეს და გიორგაძეს არ უთამაშიათ.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ დამარცხდა პრინციპულ მატჩში "ბორდოსთან" - 9:23.

შედეგად, ჩვენებურთა გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბრიველები 42 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან და ბოლო ტურში "კლერმონს" სტუმრობენ, რომელიც აუცილებლად ისე უნდა დაამარცხონ, რომ პრემიალური ქულაც მიიღონ.

ამასთან ერთად, უშუალო კონკურენტმა "ბაიონმა" სტუმრად ისე უნდა წააგოს, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღოს.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", თავისთვის უმოტივაციო მატჩში, სტუმრად სწორედ "ბაიონთან" წააგო - 10:31. შეყლაშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" სტუმრად დამარცხდა "პერპინიანთან" - 22:34. კავთიძე თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო, რატიანიძე მოედანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

I დივიზიონი
XXV ტური
მონპელიე-ბიარიცი 21:16, ბაიონი-აჟენი 31:10, ბრივი-ბორდო 9:23, კასტრი-კლერმონი 30:19, პერპინიანი-ლიონი 34:22, ტულონი-ტულუზი 25:22, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 19:13.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 83 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 69, 4. მონპელიე - 66, 5. კასტრი - 65, 6. მეტრო რასინგი - 63, 7. სტად ფრანსე - 58, 8. პერპინიანი - 49, 9. ბორდო - 49, 10. აჟენი - 48, 11. ბიარიცი - 48, 12. ბაიონი - 47, 13. ბრივი - 42, 14. ლიონი - 31.

XXVI ტური
კასტრი-ბაიონი, კლერმონი-ბრივი, ტულუზი-მონპელიე, ბიარიცი-სტად ფრანსე, ბორდო-პერპინიანი, აჟენი-მეტრო რასინგი, ლიონი-ტულონი.

"ლამაზი, ერთგული, ქართული ძმობა"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული