შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპამდე ქართველ მორაგბეთა სამმა გუნდმა "მასიმ", "ლილმა" და "ვალანს დაჟენმა" გააღწია.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" სტუმრად ეთამაშა "კასტანეს" და ფრეს დასჯერდა - 23:23. არადა, ჩვენებურთა გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით, 16:6 მოიგო.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, მით უფრო, რომ 42-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი შალვა სუთიაშვლი დაშავდა და შეცვალეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო დავით აშვეთიაც, რომელმაც მოედანზე 13 წუთით
განმეორებით შეხვედრას ამ უქმეებზე "მასი" საკუთარ მოედანზე გამართავს და, ცხადია, ნახევარფინალში გასასვლელად ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევს ხელს.
დავით ბოლღაშვილის "ლილმა" შინ დაამარცხა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "ტიროსი" - 28:23. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები პირველი ტაიმის განმავლობაში ანგარიშში მუდმივად ჩამორჩებოდნენ.
ლილელებმა მატჩის ბედის წაღმა დატრიალება მეორე ტაიმის შუაწელისკენ შეძლეს.
ბოლღაშვილს არ უთამაშია. განმეორებით შეხვედრაში, ვფიქრობთ, ხუთქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება "ლილს" ძალიან გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში "მასისა" და "კასტანეს" დაპირისპირებაში უკეთესს შეხვდება.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" შინ დაამარცხა "ნევერი" - 32:15. მატჩი ვალანსელების სრული უპირატესობით წარიმართა. მათ ანგარიში შუამარბი ფაბრის ტაოს ლელოთი მეორე წუთზე გახსნეს, ტაიმი კი მშრალად, 10:0 მოიგეს.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლეს, თუმცა საკმარისი რაოდენობის ქულები მგეზავის, ანტონი ტესკეს ფეხჩუბინობის წყალობით მოიპოვეს. მან ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (22 ქულა).
ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ბასილაიამ კი მოედანი თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე დატოვა.
მეოთხედფინალის კიდევ ერთ მატჩში, რომელშიც "ვალანს დაჟენის" მომავალი მეტოქე უნდა გამოვლინდეს, "კოლომიემ" სტუმრად მოუგო "მონტობანს" - 18:14.
ფედერალ 1
პლეი ოფი
კასტანე-მასი 23:23, ლილი-ტიროსი 28:23, ვალანს დაჟენი-ნევერი 32:15, მონტობანი-კოლომიე 14:18.
* * *
ესპუართა გათამაშებაში ნახევარფინალის შეხვედრები გაიმართა. ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით მოუგო "მონპელიეს" - 27:26.
კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, ჯაშიტაშვილი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" კი ასევე მინიმალური სხვაობით დათმო შეხვედრა "პერპინიანთან" - 15:16.
ფინალში, რომელიც 20 მაისს გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი "კლერმონი" "პერპინიანს" დაუპირისპირდება.
ესპუარები
ნახევარფინალი
კლერმონი-მონპელიე 27:26, პერპინიანი-ტულონი 16:15
ფინალი
კლერმონი-პერპინიანი
* * *
როგორც უკვე ვწერდით, საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის ბოლო ტურში, "მონპელიესა" და "ტულუზის" მატჩში მატჩის არბიტრმა ფრენკ მასიელომ მას შემდეგ, რაც ასისტენტს, გვერდით მსაჯს მოეთათბირა, ჩხუბის გამო წითელი ბარათი უჩვენა მამუკა გორგოძეს და იონ მაესტრის.
წესით, საქმე საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტს უნდა განეხილა, მაგრამ იმ პატაკიდან გამომდინარე, რაც არბიტრმა მასიელომ წარადგინა, დაადგინეს, რომ გორგოძეს და მაესტრის მხოლოდ 10-დღიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნით.
ამრიგად, ორივეს საშუალება ექნება, პლეი ოფში თავიანთი გუნდების ღირსება დაიცვან.
შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში, 25 მაისს, სტუმრად დაუპირისპირდება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"